საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.
განცხადების თანახმად, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.
ამასთანავე, ფულად დახმარებას მიიღებენ იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისში პირს ჩაერიცხა ხელფასი, შემდეგ თვეებში კი აღარ. კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
შემოსავლების სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ დამქირავებელი კომპანიის მიერ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი ინფორმაცია მიიჩნევა დადგენილ ვადაში წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომლის არასწორად მითითება იწვევს 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას.
უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს 22 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა შესახებ, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციით გათვალისწინებული თანხები.