კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე გაფართოვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. კონკრეტულად, დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს.

დაქირავებული პირი მიიღებს თვეში 200 ლარის ოდენობის კომპენსაციას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლო სახელფასო მონაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან). მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.

დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით.

დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში აწვდის შესაბამის ინფორმაციის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.