2020 წლის პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 180 ქვეყანას შორის კვლავ მე-60 ადგილზეა 28,59 ქულით. 2018 წელს საქართველო რანჟირების სისტემაში 61-ე ადგილზე იყო, 2019 წელს კი ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-60 ადგილზე აღმოჩნდა.
ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა, მეზობელი ქვეყნების რიგითობა რეიტინგში კი ასე გამოიყურება: სომხეთი – 61; უკრაინა – 96; რუსეთი – 149; თურქეთი – 154; აზერბაიჯანი – 168.
პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters Without Borders) შეიმუშავებს. რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
- ნორვეგია
- ფინეთი
- დანია
- შვედეთი
- ნიდერლანდები
- იამაიკა
- კოსტა-რიკა
- შვეიცარია
- ახალი ზელანდია
- პორტუგალია
საქართველოში მედია-გარემოს მიმოხილვისას ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მედია-გარემოს პოლარიზებაზე, ოპოზიციური და ნეიტრალური მედია-საშუალებების სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობებსა და ჟურნალისტების მიმართ მუქარაზე.