ჯადოსნური არსებები, ყველასათვის საოცნებო სკოლა, მსოფლიოში ცნობილი ჯადოქრები და სამი მეგობრის ისტორია ჯოან როულინგმა 7 ტომში მოაქცია და ჰარი პოტერის უდიდესი იმპერია შექმნა.
ამბავმა, რომელშიც ჰარი პოტერი ყველაზე მამაცი, ჰერმიონ გრეინჯერი ყველაზე გამჭრიახი და რონ უისლი ყველაზე კეთილია, ავტორს მილიონობით დოლარი მოუტანა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ავტორად აქცია. მწერლობა ის პროფესიაა, სადაც დიდი შემოსავლის მიღება, რთულია. თუმცა, ჰოგვორტსის მაგიის სკოლამ, ჯადოქრებისა და მოსწავლეების ისტორიებმა, ჯოან როულინგს მნიშვნელოვანი კაპიტალი დაუგროვა.
ყველაზე ჯადოსნური სამყაროს ავტორი 55 წლის ბრიტანელი ქალი – ჯოან როულინგია. გენიალური იდეების უცნაურად დაბადებაზე ბევრს დაუწერია და ბევრს მოუყოლია კიდეც. გადარჩენილი ბიჭის, მისი მეგობრებისა და მტრების ამბის დაწერაც მანჩესტერიდან ლონდონში დაგვიანებით მიმავალ მატარებელში მჯდომ ავტორს მოსვლია თავში. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ხუთი წელი იწერებოდა. პოტერიადა სულ შვიდ წიგნს აერთიანებს, ყოველი ახალი წიგნი ბესტსელერი ხდებოდა და მისი თითქმის ყველა ნაწილი მსოფლიოს ნებისმიერ ენაზეა ხელმისაწვდომი.
ალბათ, გასაკვირია, თუმცა არაერთი რედაქციიდან ჯოან როულინგი უარით გამოაბრუნეს, „ჰარი პოტერისა და ფილოსოფიური ქვის“ დაბეჭდვა არავის უნდოდა. თუმცა, რედაქციებში რამდენიმე თვე დაუღალავად სტუმრობის შედეგად, 1997 წელს ჰარი პოტერის პირველი ნაწილი დაიბეჭდა და მსოფლიომ ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია გაიცნო, რომელიც დღეს უკვე 65 მილიონ დოლარადაა შეფასებული და მისი 400 მილიონზე მეტი ეგზემპლარი არსებობს.
პოტერიადას მოზარდებზე გათვლილი სიუჟეტი აქვს. აბა, უფროსები ხომ ჩვეული დამაჯერებლობით ამტკიცებენ ჯადოქრებისა და მაგიის არარსებობას. თუმცა, დროდადრო ჰოგვორტსის სკოლის ამბები ნებისმიერი ასაკისათვის საინტერესო გახდა და ალბათ, ყველას რაღაცის მოლოდინით ერთხელ მაინც წარმოუთქვამს – ექსპექტო პატრონუმ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჰარი პოტერის გლობალურ ბრენდად ქცევაში, დიდი წვლილი მის ეკრანიზაციას მიუძღვის. ამან მწერლის შემოქმედებაზეც ჰპოვა ასახვა და არაერთი ფენტეზის ჟანრის ფილმის სცენარისტად მოგვევლინა.
ჯოან როულინგს მარტივი ცხოვრება სულაც არ ჰქონია. ქალი იმ მოღვაწეთა სიაშია, რომლებმაც უკიდურესი სიღარიბე დაძლიეს და უმდიდრეს პიროვნებებად (Rags to Riches) იქცნენ. წარუმატებელი პირადი ცხოვრება, მარტოხელა დედობა, არასასურველი სამსახური და დაწუნებული ტექსტები – ამ ყველაფერმა ავტორზე, მის ნიჭსა და უკიდეგანო ფანტაზიაზე გავლენა ვერ იქონია. ამ დროიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ, ჯოან როულინგი ხდება პირველი მილიარდერი, რომელმაც ქონება მხოლოდ წიგნების წერით დააგროვა.
Forbes-ის 2004 წლის სიის მიხედვით, პოტერიადას ავტორი ერთადერთი მილიარდერი იყო, რომლის შემოსავალიც მხოლოდ ინტელექტუალურ საქმიანობას, წერას უკავშირდებოდა. ასევე Forbes-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, მწერალ მაიკლ ვულფის შემდეგ, როულინგი მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავტორია. მიუხედავად იმისა, რომ ქალს რამდენიმე წლის წინ მილიარდერად მოიხსენიებდნენ, გასულ წელს მისი წმინდა ქონება 60 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ჯადოსნური ისტორიების წერის გარდა, ჯოან როულინგი ქველმოქმედებითაცაა დაკავებული. მასვე ეკუთვნის არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია – Lumos – რომლის მთავარი ამოცანა ბავშვებისა და მოზარდების კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, განათლებისა და მენტალური დახმარების უზრუნველყოფაა. ამასთანავე, მწერალმა ერთ მილიონ დოლარზე მეტი გაიღო COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
რამდენიმე წლის წინ ჯოან როულინგი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავტორების სიიდან ამოღების საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა, თუმცა ეს ამბავიც ქველმოქმედებას უკავშირდებოდა. 2010 წელს როულინგმა 16 მილიონი დოლარი გაიღო ედინბურგის უნივერსიტეტში ანა როულინგის, დედამისის სახელობის რეგენერაციული ნევროლოგიის კლინიკის გასახსნელად. დედამისი სწორედ გაფანტული სკლეროზის გართულებული ფორმების შედეგად გარდაიცვალა.
„ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ – პოტერიადას ბოლო წიგნი 2007 წელს გამოიცა, ხოლო ეკრანიზაციის მეორე ნაწილი 2011 წელს ვიხილეთ. ასე რომ, ჯოან როულინგის შემოსავლის მთავარი წყარო ჰარი პოტერი აღარაა. თუმცა, იგი მაინც განაგრძობს Wizarding World at Universal Studios-თან ერთდ „ჰარი პოტერისა და დაწყევლილი ბავშვის“ დადგმას, ამ პიესაზე გაყიდულ ბილეთებს კვირაში 2.3 მილიონი დოლარი მოაქვს.
„ვინ წარმოიდგენდა, რომ ბატონ და ქალბატონ დერსლებს, პრივიტ დრაივის ოთხ ნომერში რომ ცხოვრობენ, ოდესმე უცნაური, თანაც იდუმალებით მოცული ამბავი გადახდებოდათ თავს…“ ალბათ, ვერც ავტორი წარმოიდგენდა, ჰარი პოტერი ასეთ წარმატებას თუ მოუტანდა და ვერც თავად ჰარი იოცნებებდა ასეთ პოპულარობაზე, მეთერთმეტე დაბადების დღის ტორტზე სანთელს რომ აქრობდა.