ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა

13 თებერვალს თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე თანამდებობის კანდიდატები დაასახელა. ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა.

ფოტო: APA

დანიგენი ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას იკავებს. მანამდე კი იგი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული და ავსტრიაში აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე გახლდათ.

რობინ დანიგენს ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობის გამოცდილებაც აქვს. უფრო ადრეული გამოცდილებიდან კი მას ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში აშშ-ის საელჩოებში უმუშავია.

რაც შეეხება განათლებას, რობინ დანიგენს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ომის ეროვნულ კოლეჯში“ აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, ის მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტშიც დაეუფლა. ბაკალავრის ხარისხი კი ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში აქვს მინიჭებული.

შეგახსენებთ, ამჟამად აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქვეყანაში 2020 წლის 29 იანვრიდან საქმიანობს. მისი კანდიდატურა კი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2019 წლის სექტემბერში წარადგინა.

ბაიდენის მიერ ელჩის კანდიდატის წარდგენა საბოლოოდ სენატმა უნდა დაამტკიცოს.