სამოსი ბუნებასთან ახლოს | ინტერვიუ თაკო მეგრელიშვილთან, თამარ და ნინო მესარქიშვილებთან

შემოდგომის ფერები და დეტალები, რომლებიც ყველაზე ახლოსაა ბუნებასთან, ეს არის ის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც ქართულ ბრენდ „რკოს“ საბავშვო ტანსაცმლის ბაზარზე გამოარჩევს. ქართული ბრენდი 4 წელია ხელნაკეთ სამოსს 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქმნის. ხოლო, ბოლო 2 წელია „რკო“ საქართველოს საზღვრებს გასცდა და დღეს ის მსოფლიოს 8 ქვეყნის ტანსაცმლის მაღაზიებშია წარმოდგენილი. ყველაფერი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც სამმა მეგობარმა საერთო იდეის განხორციელება გადაწყვიტა. ბრენდის იდეის ავტორები და დიზაინერები თაკო მეგრელიშვილი, თამარ მესარქიშვილი და ნინო მესარქიშვილი თავად არიან.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

თაკო მეგრელიშვილი – იდეა ჩვენი შვილებიდან წამოვიდა. სამივეს პატარა ბავშვები გვყავს და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მოდელის სამოსის შექმნის სურვილი გაგვიჩნდა. რამდენიმე მოდელის დამზადების შემდეგ კი, უკვე მისი ბიზნესად ქცევის გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა, ეს უცბად არ მომხდარა, ჩვენ ამისთვის ერთი წელი ვემზადებოდით. ვსწავლობდით, ვიკვლევდით, ვქმნიდით, ვაკვირდებოდით, უბრალოდ სამუშაო პროცესში ვიყავით. ამ პროცესში გამოიკვეთა, რომ, თურმე რასაც ვქმნიდით ჩვენს ბავშვობასთან ასოცირდებოდა. ჩვენ ყველას გვაქვს ბავშვობიდან შემონახული სამოსი. აღმოჩნდა, რომ პატარები რომ ვიყავით, როგორი ქუდიც გვეხურა, იმის მსგავსს ვქსოვდით. ვფიქრობ, რომ „რკოს“ ტანსაცმელი კონცეპტუალურად სწორედ ისეთია, რომელიც გინდა, რომ შენმა შვილმა ატაროს და შემდეგ თავის შვილს დაუტოვოს.

თამარ მესარქიშვილი – ბავშვის სამოსის შექმნის სურვილი ორსულობის პერიოდში გამიჩნდა. მინდოდა ემოციურად თბილი, განსაკუთრებული და საუკეთესო ყოფილიყო, სწორედ ისეთი, როგორსაც ჩვენი შვილებისთვის ვქმნიდით. თაკოც ორსულად იყო, ქსოვა რომ დაიწყო. ნინოს უფრო კერვის მიმართულებით ჰქონდა გამოცდილება. ასე დავიწყეთ, ჯერ სამი ქუდი მოვქსოვეთ, შემდეგ ჟაკეტები და პლედები და ნელ-ნელა გავფართოვდით. ჩემი შვილი და „რკო“ ზუსტად ტოლები არიან. შვილივითაა, როგორც შვილს ვზრდი, ისე ამას ვზრდი. ბევრი სირთულე გამოვიარეთ ამ ოთხ წელიწადში, ბევრი ვისწავლეთ და საკმაოდ გავიზარდეთ. თუმცა, ეს პროცესი არ დასრულებულა. პროფესიით მარკეტოლოგი ვარ, ფოტოგრაფია კი ჩემი ჰობია, ვფიქრობ, ორივე სფეროს გამოცდილება მეხმარება „რკოს“ განვითარებაში. ბრენდის მესამე დამფუძნებელი ნინო, ჩემი დაა, პროფესიით ეკონომისტია და ამ მიმართულებით მუშაობს. ასე რომ, სრულიად განსხვავებული პროფესიებით აღმოვჩნდით სამოსის ბიზნესში.

თაკო მეგრელიშვილი – პროფესიით ეკონომისტი ვარ და ჩემი სპეციალობით წლების განმავლობაში ვმუშაობდი, შემდეგ ამ სფეროდან წამოვედი და ჩემს მთელ დროს „რკოს“ ვუთმობ. ჩემი სურვილია, რომ ჩვენი ბრენდი კიდევ უფრო განვითარდეს და ამაში მომხმარებელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მათი შენიშვნები და რეკომენდაციები, ხარვეზების გამოსწორებასა და ხარისხის გაუმჯობესებაში გვეხმარება.

„რკოს“ პროდუქცია ხელით ნაქსოვ და შეკერილ საბავშვო სამოსს მოიცავს. ბრენდის კოლექციას ყოველწლიურად ახალი მოდელები ემატება, თუმცა, კონკრეტულ ხაზს, რომელიც ბრენდთან განსაკუთრებით ასოცირდება, „რკო“ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს.

თაკო მეგრელიშვილი – გვაქვს ქუდები, რომლებიც ფორმით, სტილით, ფერებით ჩვენთან ასოცირდება. ჟაკეტები და ნაქარგიანი სამოსი, რომლებსაც ჩვენი სახასიათო სტილი აქვს. როდესაც ჩვენი მომხმარებელი ჩვენს სამოსს ხედავს, უკვე ცნობს, რომ „რკოს“ სამოსია და ეს ბუნებრივია გვახარებს. ვცდილობთ, ისეთი დიზაინის სამოსი შევქმნათ, რომ ორივე სქესისთვის იყოს განკუთვნილი. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხიან მასალას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია ქართულ ბაზარზე ისეთი მასალის შეძენა, რომელიც ჯანმრთელიც არის და ამავდროულად ვიზუალით, შემადგენლობითა და ფერებით ჩვენს მოთ­­ხოვნებს აკმაყოფილებს. შეკერილ პროდუქციას ბამბის ქსოვილით ვკერავთ, ხოლო ნაქსოვი მოდელები 100% შალის შემცველობის ძაფითაა მოქსოვილი. გვაქვს ასევე ანტიალერგიული მასალით დამზადებული ტანსაცმელი.

უკვე შეძენილი გვაქვს საქსოვი მანქანები, რომლის დახმარებით, ძალიან მალე მომხმარებელს „რკოს“ ნაქსოვი სამოსის ახალ მიმართულებას შევთავაზებთ. ვფიქრობ, რომ ეს სიახლე ჩვენს ბრენდს ბევრად უფრო მრავალფეროვანსა და მასშტაბურს გახდის.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

პირველი ნაბიჯები

თაკო მეგრელიშვილი – თავდაპირველად ჩვენი პროდუქციის რეალიზება სოციალური ქსელის დახმარებით დავიწყეთ. თამუნამ ფოტოები გადაიღო და ჩვენს გვერდზე ავტვირთეთ. ძალიან მალე პირველი ქუდი გაგვეყიდა. შემდეგ მეორე და ასე გაიზარდა. ყოველი მოწონება და მომხმარებლის ინტერესი ძალიან გვახარებდა. საკუთარი ხელით ვფუთავდით და თავად მიგვქონდა შეკვეთა. გვაინტერესებდა, როგორ მოერგებოდა და თუ მოეწონებოდა მყიდველს. მომხმარებლის უკუკავშირი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. მთავარია, რომ მოსწონდეთ და მოიხმარონ და არა ის, რომ მხოლოდ გავყიდოთ, ამიტომ ერთი წლის განმავლობაში მათთან პირადი კომუნიკაცია გვქონდა. ძალიან სასიხარულოა, როდესაც კმაყოფილების წერილებს იღებ. თავიდანვე აღმოჩნდა, რომ მომხმარებლის დიდი ნაწილი „რკოს“ სამოსს უცხოეთში საჩუქრად წასაღებად ან გასაგზავნად იძენდა.

ერთ წელიწადში შოურუმი გავხსენით, რადგან უკვე შეუძლებელი იყო მხოლოდ სოციალური ქსელით რეალიზაცია. როდესაც ნივთს ყიდულობ, განსაკუთრებით ბავშვისთვის, შეიძლება ფოტო მოგეწონოს, მაგრამ მნიშვნელოვანია შეეხო და რეალურად ნახო როგორია, ამიტომ ეს ძალიან დაგვეხმარა.

წარმატება საერთაშორისო ბაზარზე

თამარ მესარქიშვილი – 2019 წელს „აწარმოე საქართველოს“ ფინანსური დახმარებით პარიზში, Playtime Paris-ის საბავშვო გამოფენაზე წავედით. თურმე საკმაოდ იშვიათობაა, რომ პირველივე ჯერზე დაინტერესდნენ შენით, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში მოხდა ის, რომ პირველივე დღეს გვქონდა რამდენიმე შეკვეთა ბუტიკური ტიპის მაღაზიებისგან. ესენი იყვნენ წარმომადგენლები იტალიიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან და იაპონიიდან. ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი სიხარული იყო, სწორედ მათი დახმარებით გავედით ექსპორტზე. წელს იანვარში ამავე გამოფენაზე უკვე გახუთმაგებული შეკვეთები სხვა ქვეყნებიდან ავიღეთ და აღსანიშნავია, რომ მათ შორის იყვნენ იმ მაღაზიების წარმომადგენლებიც, რომლებმაც სამოსი გასულ წელს შეგვიკვეთეს. ეს იმას ნიშნავს, რომ „რკოს“ პროდუქციას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

თაკო მეგრელიშვილი – წელს ერთ-ერთი ახალი დამკვეთი იყო Le Petit Souk-ის მაღაზიათა ქსელი, რომელსაც საფრანგეთში 30-ზე მეტი ფილიალი აქვს. საკმაოდ მოცულობითი იყო ეს შეკვეთა და მასზე მუშაობა ახლახან დავასრულეთ. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რადგან შეფუთვიდან დაწყებული მიწოდებით დამთავრებული სრულად დავაკმაყოფილეთ მათი სტანდარტი.

ამჟამად ვმუშაობთ როგორც ბუტიკურ, ასევე ონლაინ მაღაზიების შეკვეთებზე ქვეყნებიდან: ჩინეთი, კორეა, გერმანია, ინგლისი.

კიდევ ერთ განსაკუთრებით მნიშვნელოვან შეკვეთაზე ვმუშაობთ, ეს არის საკმაოდ ცნობილი და პრესტიჟული ბრენდი Caramel London, რომელიც თავად ქმნის ტრენდებს ბრიტანეთის საბავშვო სამოსის ბაზარზე. ვმუშაობთ მათთან კოლაბორაციაზე და ძალიან მალე მათ მაღაზიებში, ისევე, როგორც ონლაინ მაღაზიაში ჩვენი ერთობლივი ნამუშევრები გაიყიდება.

თამარ მესარქიშვილი – ეს კოლაბორაცია ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური კუთხით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, არამედ ცნობადობის ამაღლების კუთხითაც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რადგან Caramel London მხოლოდ ხარისხიან ბრენდებთან თანამშრომლობს.

უნდა აღვნიშნო, რომ გამოფენაზე Caramel London-ის დამფუძნებელი თავად მოვიდა ჩვენთან, ძალიან მოეწონა „რკოს“ პროდუქცია და იქიდან გამომდინარე, რომ იმ სივრცეში გაყიდვა არ შეიძლება, გვთხოვა, თავისი შვილისთვის შარფი საჩუქრად გაგვეტანებინა. შემდეგ დაგვიკავშირდნენ და ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.

იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე კვლავ გვექნება საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის საშუალება, იმისთვის, რომ ჩვენი ბრენდი კიდევ უფრო მასშტაბური და ხარისხიანი გავხადოთ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

სამუშაო პროცესი

თამარ მესარქიშვილი – გარედან შეიძლება ერთი შეხედვით მარტივად ჩანდეს, რომ იქსოვება და იყიდება, მაგრამ ეს ასე არ არის. როდესაც ბრენდის მასშტაბი იზრდება, კიდევ უფრო რთულია. შეიძლება ადამიანი კარგად ქსოვდე, მაგრამ სხვა ხელწერა გქონდეს, ამიტომ, ყველა ნამუშევრის ერთ სტანდარტზე დასმა, საკმაოდ ძნელია, მით უმეტეს, როცა დიდი შეკვეთები მოდის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ქსოვისა და კერვის სტანდარტი ძალიან მაღალია. თავიდან სამი მქსოველით დავიწყეთ და დღეს უკვე 60-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს, მომავალ წელს ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

თაკო მეგრელიშვილი – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული თანამშრომელი, განსაკუთრებით ვუფრთხილდებით მათ და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ. ვასწავლით და ვასაქმებთ ქალბატონებს, რომლებსაც აქამდე ან არ უმუშავიათ, ან ოჯახური მდგომარეობის გამო სახლის გარეთ მუშაობას ვერ ახერხებენ. „რკოს“ დახმარებით მათ საკუთარი თავის რეალიზებისა და ფინანსური შემოსავლის მიღების საშუალება მიეცათ. ეს ჩვენთვის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაცაა. ისე სათუთად და სიყვარულით ქმნიან და უფრთხილდებიან თითოეულ შეკვეთას, რომ შემდეგ უკვე ეს ნამუშევარში იგრძნობა. უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ სახლის პირობებში მუშაობა იყო იმის მიზეზი, რომ პანდემიის დროს მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ჩვეულ რეჟიმში, ყველა წესის დაცვით უწყვეტად ვმუშაობთ.

დიზაინს ჩვენ სამნი ერთობლივად ვქმნით და გვყავს თანამშრომლები, რომლებიც თითოეულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ: მანანა დეკანოსიძე, რომელიც ბრენდის დაარსებიდან გვეხმარება და ქსოვის მიმართულებას ხელმძღვანელობს, მაია ფარცხალაძე, რომელსაც ქარგვის მიმართულება აბარია და ნინო ხუნაშვილი, მას კერვის სფერო აქვს ჩაბარებული. ეს ადამიანები უზრუნველყოფენ თითოეული მიმართულების ხარისხს და ასწავლიან თანამშრომლებს. სწორედ ამ ქალბატონების დახმარებით ვაკეთებთ ამ კარგ საქმეს.

ფასები ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე

თამარ მესარქიშვილი – ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ ექსპორტზე არ ვიმუშაოთ და ჩვენი პროდუქცია ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ბავშვმა ატაროს „რკოს“ სამოსი, ამიტომ ნამუშევრებზე ისეთი ფასი დავაწესეთ, რომელიც ქართულ ბაზარზე მისაღები იქნებოდა. საერთაშორისო ბაზარზე, რა თქმა უნდა, იგივე ნამუშევრები გაცილებით ძვირი ღირს.

თაკო მეგრელიშვილი – ძალიან ბევრი გვხვდება ჩვენს ქუდებში, ჟაკეტებში, არამარტო საქართველოში, უცხოეთიდანაც გვიგზავნიან ხოლმე ფოტოებს. ასევე ვხედავთ, რომ სახლის პირობებში მოქსოვილი ჩვენნაირი ქუდები ახურავთ და ის ფაქტი, რომ მსგავსი სამოსის ქსოვა დაიწყეს ჩვენთვის სასიხარულოა. ეს ნიშნავს, იმდენად მოსწონთ, რომ ცდილობენ ანალოგიური გააკეთონ.

 

ავტორი: ქეთევან სულხანიშვილი

ფოტო: ანა ბოკო