რინგო და ნესტანი – საუკეთესო მეგობრები ქალაქის სამსახურში

მართალია, თითოეული ძაღლი თავისებურად ერთგული, მზრუნველი და უნიკალურია, თუმცა ცოტას თუ შეუძლია საკუთარი სტარტაპით მოიწონოს თავი. რინგო კი სწორედ ისეთი ძაღლია, რომელმაც მიზნად არა მხოლოდ ოჯახზე, არამედ გარემოზე ზრუნვაც დაისახა. მან ქალაქის სისუფთავეში საკუთარი წვლილის შესატანად პატრონთან, ნესტან მამაცაშვილთან ერთად, საზოგადოებას „რინგოს“ ქისები შესთავაზა, რომელშიც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ფეკალიებისთვის განკუთვნილი ბიოდეგრადირებადი პარკებია მოთავსებული.

„11 წლის წინ, მაშინ, როცა ჩემთან ერთად კიდევ 5 ჩემნაირი პატარა გაჩნდა, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენა, რომ ერთ-ერთ მათგანს ასეთი განსაკუთრებული ცხოვრება მექნებოდა.“ -ამბობს რინგო თავის პირველ ვიდეოდღიურში, რომლითაც ფართო საზოგადოებას თავი რამდენიმე წლის წინ გააცნო.

ნესტანის თქმით, მისი და რინგოს მეგობრობა უკვე 14 წელს ითვლის, როცა რინგო დედასა და ლეკვებს გამოემშვიდობა და ნესტანთან ერთად თავგადასავლებით სავსე ახალი ცხოვრება დაიწყო. 4 წელი მათ იტალიაში იცხოვრეს და ევროპის უამრავ ქალაქშიც იმოგზაურეს. მოგზაურობისას ყოველთვის სასიამოვნოდ გაოცებული რჩებოდნენ ქუჩების სისუფთავითა და მოწესრიგებულობით. ძალაუნებურად, ევროპულ ქალაქებს თბილისს ადარებდნენ, რომლის ფეკალიებით სავსე ქუჩებიც ყოველთვის აწუხებდათ.

„ყველა მოქალაქე, რომელსაც ჰყავს ძაღლი და მას ასეირნებს, ვალდებულია გაითავისოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ დაანაგვიანოს ჩვენი ქალაქის ქუჩები თავისი ოთხფეხა მეგობრის ფეკალიებით. ძაღლის ყოლა არ ნიშნავს მისთვის მხოლოდ საჭმლის დაყრასა და თავზე ხელის გადასმას, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როგორც ძაღლის, ისე – გარემოს წინაშე. მწამს, რომ სანამ არ გავითავისებთ იმას, რომ ქალაქი ყველასია, ყველას სახლია და მას მოვლა და პატრონობა სჭირდება, მანამდე ვერ ავაშენებთ ჩვენთვის სასურველ ქვეყანას. ამ პასუხისმგებლობის გააზრება კი იწყება ჩვენი სახლის ზღურბლიდან.“

მართალია, თავად ნესტანსა და რინგოს დიდი ხანია გაცნობიერებული ჰქონდათ გარემოს წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობა, თუმცა ისიც კარგად იცოდნენ, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ მათი წილი მოვალეობის შესრულება ეფექტური არ იქნებოდა და სუფთა ქალაქისთვის ერთობლივი ძალისხმევა იყო საჭირო. ამიტომაც მეგობრებმა გადაწყვიტეს, ხმა სხვებისთვისაც მიეწვდინათ და გაჩნდა ბრენდის „რინგო ქალაქის სამსახურში“ შექმნის იდეაც.

„რინგო“ მომხმარებელს ნატურალური ტყავისა და ტყავის შემცვლელი მასალისგან დამზადებულ ხელნაკეთ ქისებს სთავაზობს. თითოეული ქისა საქართველოში მზადდება. ქისებში ბიოდეგრადირებადი პარკებია მოთავსებული.

ამგვარად, ფეკალიებისგან ქუჩების დასასუფთავებლად გარემოსათვის მავნე პოლიეთილენის პარკები არ გამოიყენება.

„რინგო არის გარემოსა და ეკოლოგიაზე მზრუნველი ძაღლი, სწორედ ამიტომ თავიდანვე მხოლოდ და მხოლოდ ბიოდეგრადირებადი, ერთჯერადი პარკების გამოყენება გადავწყვიტეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „რინგოს“ პარკები არ შეიცავს პოლიეთილენს, რომლის დაშლასაც უამრავი წელი სჭირდება. ჩვენ არ გვინდოდა, გარემოზე ზრუნვისას, ჩვენდაუნებურად, მისთვის ორმაგი ზიანი მიგვეყენებინა.“

„რინგო“ ბაზარზე უკვე სამი წელია არსებობს და მისი ცნობადობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. ნესტანი პერიოდულად მონაწილეობას იღებს ხელნაკეთი ნივთების ბაზრობებზე, სადაც უშუალოდ მომხმარებლებთან აქვს ურთიერთობა.

„ასეთი გამოფენები „რინგოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მეძლევა შესაძლებლობა დაინტერესებულ ადამიანებს მოვუთხრო იმის შესახებ, თუ რა არის „რინგო“, რა ფუნქცია და მიზანი აქვს ჩვენს ბრენდს. უცხოელ მომხმარებელს, როგორც წესი, ბევრი ახსნა არ სჭირდება, რადგან მათ ეს ეტაპი უკვე გაიარეს და კარგად იციან, რომ ძაღლის ყოლა პასუხისმგებლობაცაა, როგორც ოთხფეხა მეგობრის, ასევე გარემოს წინაშე.“

გარდა გამოფენებისა, გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას „რინგო“ საკუთარი და მეგობრების ვიდეოდღიურებით გვახსენებს. ბრენდის არსებობის განმავლობაში რინგომ უამრავი მეგობარი შეიძინა, რომელთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. დღეს „რინგოს“ ქისები ძაღლებისა და მათი მეგობარი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

„რინგო“ აანალიზებს საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას და, იმის გარდა, რომ საზოგადოებას გარემოს დაცვისაკენ მოუწოდებს, რუსულ ოკუპაციასაც აქტიურად აპროტესტებს.

„რინგო“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ ოკუპაციას. ჩვენი პარკების შეფუთვაზე დავიტანეთ წარწერა „Ringo is from Georgia and 20% of his country is occupied by Russia.”

დღეისათვის „რინგოს“ ქისები 30-მდე მაღაზიაშია წარმოდგენილი. როცა სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ, ნესტანმა აღნიშნა, რომ ბრენდით ევროპის უკვე სამი ქვეყანა დაინტერესდა და ექსპორტის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიც დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ რინგო, სამწუხაროდ, დღეს ნესტანის გვერდით აღარაა, ბრენდი განაგრძობს არსებობასა და გარემოს დასუფთავებაში საკუთარი წვლილის შეტანას.
რინგოს ოჯახი, მეგობრები და გულშემატკივრები – ადამიანები თუ მათი ოთხფეხა მეგობრები – მზად არიან, გარემოს მეგობარი ძაღლის მიზნების ასრულებისათვის თავდაუზოგავად იბრძოლონ.

„ძალიან მინდა, რომ ჩემი სანუკვარი მეგობარი არა მხოლოდ საქართველომ, არამედ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ და, შესაბამისად, ადამიანმა, გაიცნოს – „რინგოს“ პროდუქცია ხომ ეკომეგობრულია, ის ცდილობს, პლანეტა გახადოს უკეთესი.“