COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად მოსახლეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დისტანციურ მუშაობაზე გადაერთო. ამ ვითარებაში კი, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – რეალურად, სამუშაო ძალის რამდენ პროცენტს შეუძლია სახლიდან მუშაობა?
ეკონომისტთა ჯგუფების მიერ ჩატარებული ორი ახალი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, ეს რიცხვი საშუალოდ 40 %-ს შეადგენს.
პირველი კვლევა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტთა ჯგუფს ეკუთვნის; ისინი დააკვირდნენ აშშ-ის მოსახლეობის პასუხებს ორ შეკითხვაზე: გულისხმობს თუ არა მათი ყოველდღიური სამუშაო გარეთ გასვლის აუცილებლობას და საჭიროებს თუ არა ის ავტომობილების, მექანიზებული საშუალებების ან სხვა აღჭურვილობის გამოყენებას. მიიჩნეოდა, რომ საქმიანობა, რომელიც ზემოთ ხსენებულ რომელიმე კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებს, შეუძლებელია დისტანციურად შესრულდეს. ამ მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ში სამუშაო ძალის დაახლოებით 37 %-ს შეუძლია მოვალეობის დისტანციურად შესრულება, თუმცა აღნიშნული მონაცემის მნიშვნელოვან ცვლილებას ვხვდებით სხვადასხვა პროფესიებს შორის.
ანალოგიური მაჩვენებელი იკვეთება ნორვეგიელი ეკონომისტების მიერ ჩატარებულ კვლევაშიც, რომლის მიხედვითაც, დისტანციური მუშაობა საშუალოდ მოსახლეობის 36 %-ისთვისაა შესაძლებელი და ეს მონაცემი, ამ შემთხვევაშიც, მკვეთრად იცვლება სხვადასხვა პროფესიების შემთხვევაში. მაგალითად, ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული სამსახურების 2/3 ექვემდებარება სახლიდან მუშაობას მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 21%-ს შეადგენს წარმოებასთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში.
ასევე საყურადღებოა Monday.com-ის კვლევა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის მოსახლეობის 69%-ს იმაზე მეტად მოსწონს დისტანციური მუშაობა, ვიდრე თვითიზოლაციის დასაწყისში წარმოიდგენდა და ამასთან, რესპოდენტთა 54% აღნიშნავს, რომ სახლში მუშაობისას ისინი მეტად პროდუქტიულები არიან.
წყარო: Forbes