Recov.ge არაკომერციული პლატფორმაა, სადაც გაეცნობით COVID-19-ის გავლენას საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და ანალიზს საოფისე, საცხოვრებელი, სავაჭრო & გასართობი და სასტუმროების სექტორების მიხედვით. პლატფორმაზე მოცემული შეფასებები საერთაშორისო პრაქტიკებზე, Colliers International (უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანია) ექსპერტიზაზე დაყრდნობით იქმნება.
კოლიერსის ანალიზით, საქართველოს მშპ-ს ეკონომიკურ საქმიანობებზე კრიზისს სხვადასხვაგვარი გავლენის ხარისხი აქვს. ეკონომიკური სექტორების მოწყვლადობა ახალი COVID-19-ის მიმართ ასე გამოიყურება: სასტუმრო & საკვები და ხელოვნება-გართობის საქმიანობები ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან, თუმცა ჯამურად მათი წილი მშპ-ში დაახლოებით 10%-ია. უფრო დიდი წილი აქვს ეკონომიკაში საბითუმო & საცალო ვაჭრობას (14%) და მშენებლობას (8.6%). ეს სექტორებიც მაღალი რისკის ზონაში ხვდებიან. მცირე რისკის ქვეშ მოხვდა სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორი. ხოლო ნაწილობრივი პოზიტიური გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ სოფლის, სატყეო & თევზის მეურნეობა, ჯანდაცვა & სოც. საქმიანობები და ინფორმაცია და კომუნიკაცია. ამ სექტორების ჯამური წილი მშპ-ში 14.5%-ია.
Recov.ge-ის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო გადაწყვეტა ვერ იპოვეს, მოსალოდნელია, რომ ვირუსის აქტიური გავრცელება გაგრძელდეს განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში – 2020 -2021 წწ. ეს ნიშნავს იზოლირების მეორე მსგავსი მასშტაბური ეტაპის დადგომას და ეკონომიკური აქტივობის შემცირებას.