აღმოსავლეთით მდებარე 15-მა სახელმწიფომ მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბლოკის The Regional Comprehensive Economic Partnership (RCEP) შექმნას მოაწერა ხელი. ქვეყნებს შორის არიან: სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ვიეტნამი, ტაილანდი, სინგაპური, ფილიპინები, მიანმარი, მალაიზია, ლაოსი, ინდონეზია, კამბოჯა ბრუნეი.
წევრი ქვეყნების ჯამური ეკონომიკური მაჩვენებელი შეადგენს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 29% -ს, ხოლო პოპულაცია – მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედს. შესაბამისად, ახალი სავაჭრო ზონა აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმებასა და ევროკავშირზე დიდია.
ლიდერები იმედოვნებენ, რომ პაქტი ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი კეკიანის, განცხადებით „ამჟამინდელ გლობალურ პირობებში რვაწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ RCEP-ის ხელმოწერა წარმოადგენს ღრუბლების ფონზე სინათლის სხივს და იმედს”.
RCEP-ის გამარტივებული პროცედურები წევრ ქვეყნებს ჰპირდება: 20 წელიწადში იმპორტზე დაწესებული ტარიფების ცვლილების აღმოფხვრას, ასევე მოიცავს დებულებებს ინტელექტუალური საკუთრების, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური მომსახურების, ელექტრონული კომერციისა და პროფესიული მომსახურების შესახებ. წევრი ქვეყნები თანაბარი სავაჭრპ უფლებებით ისარგებლებენ, რაც რეგიონში ნდობას და შესაბამისად, ექსპორტ-იმპორტის რაოდენობასა და ხარისხს გაზრდის.
შეთანხმება ასევე განიხილება, როგორც რეგიონში ჩინეთის გავლენის გაზრდა. „ჩინეთის წევრობა მნიშვნელოვნად გაზრდის RCEP-ის წევრების მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ)” – განაცხადა რაჯივ ბისვასმა, ანალიტიკური ფირმა IHS Markit-ის აზია-წყნარი ოკეანის მთავარმა ეკონომისტმა.
ბლოკი არ მოიცავს აშშ-ს, რადგან 2017 წელს დონალდ ტრამპმა თანამდებობაზე დანიშვნიდან ძალიან მალე, ტრანს-წყნარი ოკეანეთის პარტნიორობა (TPP) დატოვა.
გაერთიანებაზე საუბარი 2012 წლიდან დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთა ასოციაციის (Asean) შეხვედრებზე. თავდაპირველად მოლაპარაკებებში ჩართული იყო ინდოეთიც, თუმცა ადგილობრივი მეწარმეებისთვის დაწესებული ტარიფების გამო წინა წელს ინდოეთმა უარი თქვა ბლოკში შესვლაზე. ხელმომწერების თქმით, ინდოეთისთვის RCEP-ის კარი ყოველთვის ღია იქნება.
პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის შეფასებით, ამ შეთანხმებამ შეიძლება 2030 წლისთვის ყოველწლიურად 186 მილიარდი დოლარით გაზარდოს გლობალური ეროვნული შემოსავალი და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკას 0,2% შემატოს.
თუმცა, ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს შეთანხმება ჩინეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე სხვა წევრ ქვეყნებს.