25 წლიანი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, რომელიც აერთიანებს ბიზნესსექტორსა და საჯარო სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავლებლებს – ეს ერთი წინადადება წარმოუდგენლად მოკლედ აღწერს თაკო რაზმაძის კარიერულ გზას.
თუმცა, ამ ინტერვიუს მიზანი მის მრავალმხრივ განათლებასა და გამოცდილებაზე საუბარი არ გახლავთ. თაკომ რამდენიმე წლის წინ არაფორმალური განათლების ცენტრი „ლეტერატო“ დააფუძნა და მიზნად დაისახა ისეთი სასწავლო გარემო შეექმნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ახალგაზრდების მომზადება თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის.
Forbes Woman თაკო რაზმაძესთან ერთად აჯამებს „ლეტერატოს“ საქმიანობას და არაფორმალური განათლების როლს ახალგაზრდების განვითარებაში.
თაკო, დავიწყოთ თავიდან – რატომ არაფორმალური განათლების ცენტრი?
განათლება ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული საკითხი იყო. ვფიქრობდი, რომ ჩვენს ქვეყანას თანამედროვე სამყაროში სრულად ინტეგრაციისთვის სწორედ ამ მიმართულებით სჭირდებოდა განვითარება.
დიდი ხნის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში ვკითხულობდი ლექციებს და სულ მაკვირვებდა, რამდენად არ იყვნენ სტუდენტები მზად უმაღლესი განათლებისთვის და როგორი მასშტაბური იყო საჭირო უნარ-ჩვევების დანაკლისი. ვდარდობდი ჩვენი განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობაზე, რაზეც მიუთითებდა PISA-ს და სხვა შიდა კვლევები, სადაც აშკარად ჩანდა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ წაკითხულის გააზრება, ლოგიკური აზროვნება, აკლდათ შემეცნებისკენ სწრაფვა.
კარიერის მანძილზე ძალიან ბევრი გონებანათელი, მოტივირებული ახალგაზრდის მენტორი ვყოფილვარ, თუმცა, მათაც უჭირდათ სამუშაო გარემოში საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა სწორედ იმის გამო, რომ სასწავლო დაწესებულებები ვერ ახდენდნენ ადაპტაციას დღევანდელ დინამიკურ და სწრაფადცვალებად გარემოსთან. ახალგაზრდების ცოდნა და რეალური სამუშაო გარემო დაშორებული იყო ერთმანეთს და მათი დაკავშირება ძნელად ხერხდებოდა. ბევრ კურსდამთავრებულს დღესაც აკლია თამამი, არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების უნარი და უფრო ორიენტირებულია იმის შეთავაზებაზე, რაც მისგან უნდათ რომ მოისმინონ, და არა პრობლემის რეალური და ეფექტიანი გადაჭრის გზებზე. ადამიანის ზრდასრული ცხოვრებისთვის მზადება კი, ჩემი ღრმა რწმენით, სასკოლო ასაკიდან იწყება. ამიტომაც ვთქვი, მოდი, შევეცდები, შევავსო ის ვაკუუმი, რასაც სკოლა და ოფიციალური საგანმანათლებლო სისტემა ვერ იძლევა.
არაფორმალური განათლება სწორედ ეს შესაძლებლობაა. ფაქტი, რომ მოსწავლეები შეფასებას არ მიიღებენ და იძულებულები არ არიან, ის თქვან და ისე თქვან, როგორც სხვებს სურთ, ამასთან, აქვთ ფუფუნება, იყვნენ კომფორტულად და თამამად გამოთქვან აზრი ‒ ეს ერთობლიობა უზარმაზარ თავისუფლებას იძლევა და შემეცნების სიხარულიც სწორედ აქედან იწყება. ადამიანი ინტელექტუალური არსებაა, შეუძლებელია მას არ აინტერესებდეს სამყარო და მის გარშემო არსებული მოვლენები. ამიტომ, ყოველთვის მჯეროდა, რომ შესაძლებელია მოზარდებში ეს ინტელექტუალური პროცესი გააღვივო. ჩემი ამოცანაც სწორედ ეს იყო: შემეცვალა სწავლასთან დაკავშირებული პარადიგმა და დავხმარებოდი მოზარდებს, ჩამოყალიბებულიყვნენ თავისუფლად მოაზროვნე, ცნობისმოყვარე, ინიციატივიან და პროგრესულ ადამიანებად.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორია არაფორმალური განათლების აღქმა დღეს საქართველოში და რა სურათი გვაქვს გლობალურად?
გლობალურად უკვე ათწლეულია არაფორმალური განათლება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და სტაბილურად მზარდია. ინტერნეტის ერაში ადამიანები მიხვდნენ, რომ ახალ თაობას სულ სხვა ტიპის განათლება ესაჭიროება, ხოლო ფორმალური საგანმანათლებლო ინსტიტუტები ამ მხრივ გაცილებით მოუქნელნი არიან. რა თქმა უნდა, ეს მათი პლუსიცაა და მინუსიც. რაც უფრო ტრადიციული და ხანგრძლივია ფორმალური დაწესებულების ისტორია, ერთი მხრივ, მას მეტი გამოცდილება და სანდოობა აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, მარეგულირებლის მოთხოვნები, ბიუროკრატია და ცვლილებების მიმართ რიგიდულობა თითქმის მთელ მსოფლიოში მოუქნელს ხდის მათ ახალი გამოწვევების მიმართ.
განათლების დემოკრატიზაციასთან ერთად სასწავლო პროცესი სულ უფრო მიწოდებაზე ორიენტირებული გახდა და ნაკლებად ‒ მოთხოვნაზე. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არაფორმალური განათლების გაძლიერებისთვის. დღეს, როდესაც ინფორმაციის მიღება პრობლემას აღარ წარმოადგენს, სულ უფრო მეტი მოთხოვნაა სტრუქტურირებული, კარგად შერჩეული და ხარისხიანი ინფორმაციის მიმართ. მეტი აქცენტი კეთდება ინდივიდის ინტერესების, მისწრაფებებისა და მოტივაციების დაკმაყოფილებაზე. არაფორმალური განათლება ამ მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს, რადგან ის უფრო მოქნილია და ახლოსაა რეალურ ცხოვრებასთან. რესურსებისა და გამართული სისტემების არსებობის შემთხვევაში, არაფორმალურ განათლებას შეუძლია თითოეული ინდივიდის პოტენციალი სრულად გახსნას.
საქართველოში არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გააზრებული. ამ მხრივ, როგორც ყველაფერში, ჩამოვრჩებით მოწინავე მსოფლიოს. განვითარებად და შედარებით ღარიბ ქვეყანაში ოჯახი ორიენტირებულია შვილს ელემენტარული უნარები მისცეს, როგორიცაა უცხო ენისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობა, რათა მისი მომავალი უზრუნველყოს. აქ ჯერ არ არის ის ცოდნა, რაც მოწინავე სამყარომ გაიაზრა ‒ რომ მომავალი არასტანდარტული, კრეატიული აზროვნების, ღრმა ანალიზის უნარის მქონე ადამიანებისაა და არა ტექნიკური შემსრულებლების. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალურ განათლებაზე მოთხოვნა ჩვენთანაც მზარდია.
ამ მოთხოვნილებების მქონე მოზარდებმა რატომ უნდა შეაჩერონ არჩევანი კონკრეტულად ლეტერატოზე?
ლეტერატო ‒ თავისუფლების ადგილია. ადგილი, სადაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოზარდებმა თავისუფლად იაზროვნონ. მიუხედავად იმისა, რომ მარტივად და ლამაზად ჟღერს, სინამდვილეში ეს არ არის ადვილი ‒ მოსწავლეებისგან ეს პროცესი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ ეს ძალისხმევა უდიდესი სიამოვნებაცაა, სადაც მოზარდები ერთმანეთს უმეგობრდებიან, ერთმანეთს უსმენენ, იღებენ ძალიან მაღალი ხარისხის განათლებას ‒ და ეს ყველაფერი მათთვის აბსოლუტურად კომფორტულ გარემოში.
ჩვენთან ახალგაზრდებს შეუძლიათ სრულად გამოხატონ საკუთარი თავი და ისწავლონ, ეს როგორ გააკეთონ. ყველაფერი სახალისო ფორმატით მიმდინარეობს ‒ გუნდური დავალებები, როლური თამაშები, დებატები ‒ რაც ყოველ კლასს დინამიკურს ხდის. ამავდროულად, ჩვენ მოზარდებს ვაძლევთ ყველა საჭირო უნარს და ცოდნას, რაც უმაღლესი განათლების მიღებისთვის, ან სამსახურებრივი კარიერისთვის არის საჭირო. აქ მათ აქვთ ძალიან ფართო შესაძლებლობები ‒ გარდა განათლების მიღებისა ‒ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ვიდეო ბლოგებში, გახდნენ ჩვენი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, განახორციელონ სოციალური პროექტი, მოაწყონ საჯარო პრეზენტაცია. ეს ყოველივე არა მხოლოდ მათ განვითარებას უწყობს ხელს, არამედ საფუძველს უყრის მათ სამომავლო კარიერასა და წარმატებას.
თაკო, კურსების შინაარსზე მინდა ვისაუბროთ – კონკრეტულად რას უნდა ელოდონ თქვენი მოსწავლეები სასწავლო პროცესისგან?
ყველა პროგრამა, რომელიც გვაქვს, ითვალისწინებს თანამედროვე სწავლების საუკეთესო პრაქტიკას. აქ მოზარდები ეცნობიან ლიტერატურას, სწავლობენ წიგნის სიღრმისეულად კითხვას და იდეების ანალიზს, სწავლობენ ლოგიკას და ლოგიკურ მსჯელობას, წინააღმდეგობრივი საკითხებისა და იდეების გარშემო არგუმენტირებულ დებატებს, ფაქტებსა და მონაცემებზე მუშაობას. კრიტიკული აზროვნების პროგრამა ითვალისწინებს სფეროების ფართო სპექტრს ‒ დაწყებული ფილოსოფიით, დამთავრებული მონაცემების მეცნიერებით ან კულტურით. აქვე ეცნობიან მოზარდები ხელოვნების მიმდინარეობებსა და ჟანრებს, პრაქტიკაში ახორციელებენ კრეატიულ პროექტებს. ინგლისურენოვან პროგრამებზე ეუფლებიან ბიზნეს- მოდელირებას და ინოვაციური აზროვნების ტექნიკას, სწავლობენ რა არის საჭირო ანტრეპრენერული უნარების განვითარებისთვის. კრიტიკული აზროვნების ინგლისურენოვანი კურსი კი მათ უცხოური წამყვანი უნივერსიტეტებისთვის ამზადებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, აბსოლუტურად ყველა კლასი ინტერაქტიულად, თამაშების, ქეისებისა და დებატების ფონზე მიმდინარეობს. რაც მთავარია, ამ მეთოდოლოგიის წყალობით მოსწავლეები აუმჯობესებენ კომუნიკაციის, თავისუფალი და ინტელექტუალური მსჯელობის უნარებს, თავისუფლდებიან სტერეოტიპებისგან და სწავლობენ საკუთარი აზრის გამართულად ჩამოყალიბებასა და დაცვას. დამატებით, ყოველთვიურად ვმასპინძლობთ ძალზე საინტერესო ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მოზარდების განვითარებას მოახმარონ, გავდივართ გასვლით კლასებზე, ვსტუმრობთ საინტერესო ადგილებს, იქნება ეს მუზეუმები თუ მოზარდების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
ამ ყველაფრის შედეგებზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ‒ როგორ შეიძლება გაიზომოს თქვენი კურსების ეფექტიანობა?
ყველაზე თვალსაჩინო და მოკლევადიანი ეფექტი წიგნებთან დამეგობრება და საკუთარი აზრის გამართულად და თამამად გამოთქმის უნარია, რასაც მშობელი მალევე ხედავს. ბავშვი ბევრად უფრო გახსნილი ხდება სამყაროს მიმართ, უჩნდება ინტერესი და მოტივაცია რაღაც შექმნას, ნებისყოფა ავარჯიშოს, ჩადოს ძალისხმევა შედეგის მისაღებად.
თუმცა, განათლების ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ იგი გრძელვადიანი პროცესია და საჭიროა გარკვეული დრო, ვიდრე მოზარდი ცნებების ღრმა ანალიზს, რთული იდეების გააზრებას და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას შეძლებს ‒ ეს შედეგი კი აუცილებლად დგება. ჩვენ შეგნებულად არ ვირჩევთ მთავარ ინდიკატორად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეების მოხვედრას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ყველა, ვინც ჩვენთან სწავლობს, აუცილებლად მოინდომებს და შეძლებს საუკეთესო უმაღლესი განათლების მიღებას. აქვე დავძენ, რომ უკლებლივ ყველა ჩვენი ყოფილი მოსწავლე საუკეთესო უნივერსიტეტებში, მათ შორის უცხოეთშიც, სწავლობს. მთავარი, რა შედეგსაც ვიღებთ, არის ის, რომ ჩვენს მოსწავლეებს აქვთ ახლის შექმნის, თვითრეალიზების, არასტანდარტული აზროვნებისა და ახლის შეცნობის მოტივაცია და უნარი. სწორედ ეს არის მთავარი.
გარდა თავად კურსების შინაარსისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ლეტერატოს გუნდსაც – მათ შესახებ რომ მოუყვეთ მკითხველს.
თუკი ლეტერატო მოზარდებს ძალიან მაღალი სტანდარტის განათლებას სთავაზობს, ეს ნამდვილად ჩვენი გუნდის დამსახურებაა. ვამაყობ, რომ ასეთ პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა. ჩვენი გუნდი ნამდვილად არ არის მრავალრიცხოვანი, მაგრამ ჩვენ თანამოაზრეები ვართ. გვსურს, აღვზარდოთ თანამედროვე, განათლებული და ფართო თვალსაწიერის მქონე ახალი თაობა და ყველა ჩვენგანი მაქსიმუმს აკეთებს, რომ მოზარდებს მთლიანად გადასცეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, ხოლო სისტემებმა შეუფერხებლად და ეფექტურად იმუშაოს და მაქსიმალურად იყოს მორგებული მშობლებისა და ჩვენი მოსწავლეების საჭიროებებზე. ჩვენი გუნდის თითოეული პედაგოგი არა მარტო მრავალმხრივი ცოდნითა და განათლებით გამოირჩევა, არამედ მათ უყვართ მოზარდი, უყვართ თავიანთი პროფესია და გაცნობიერებული აქვთ, თუ რამდენად პასუხისმგებლობით აღსავსე საქმეს ემსახურებიან. სასწავლო პროცესიც ასე იგეგმება ‒ წლის მანძილზე თითოეულ ჯგუფთან რამდენიმე პედაგოგი მუშაობს, ჩემი ჩათვლით, რათა მოსწავლეებს მაქსიმალურად მივაწოდოთ განსხვავებული პერსპექტივა, გამოცდილება და ცოდნა. თავად ჩემთვის სწავლების პროცესი დიდი ბედნიერებაა და ასეა გუნდის ყველა წევრისთვისაც.
თაკო, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფორმალურ განათლებაზე. რა შეგვიძლია ვთქვათ არაფორმალური განათლების ნაწილზე – როგორ აისახა ეს ყველაფერი ლეტერატოზე?
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან ერთად მსოფლიო ღრმა კრიზისში შევიდა და მისთვის საკმაოდ მოუმზადებელიც აღმოჩნდა, ჩვენ ერთი დღე არ შეგვიწყვეტია სწავლება. რა თქმა უნდა, ეს იყო გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, როდესაც მოგვიწია სწრაფი ადაპტაცია შეცვლილ გარემოსთან, გამკლავება მოზარდების სტრესთან, რომელიც ჩაკეტილობითა და შეზღუდვებით იყო გამოწვეული. გამოწვევა იყო, შეგვეთავაზებინა ისეთივე დინამიკური და სახალისო ონლაინ სწავლება, როგორიც ეს იყო ადგილზე, და გვეჩვენებინა მაგალითი მოსწავლეებისათვის, რომ ყველა ახალი გამოწვევა ‒ ახალი შესაძლებლობაა. ამ გადმოსახედიდან, ვთვლი, რომ წარმატებით გავართვით თავი ამ სირთულეებს, თუმცა ეს არ ყოფილა ადვილი. რაც მთავარია, სწავლების ხარისხი არ გაუარესებულა და ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს ის მაქსიმუმი, რაც მათ უნდა მიეღოთ პანდემიის გარეშე, ჩვეულებრივი სწავლებისას.
და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გეგმები მრავალმხრივი და ამბიციური გვაქვს. მათი ნაწილის რეალიზება პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. ახლა ვფიქრობთ ზრდასა და გაფართოებაზე, რათა კიდევ უფრო საინტერესო, შინაარსიანი და მრავლისმომცემი პროგრამები შევთავაზოთ მოზარდებს მათი სამომავლო წარმატებისთვის.