ავტორი: რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში
მოვლენების ბოლოდროინდელი ესკალაცია მთიან ყარაბაღში და სამოქალაქო პირებში მსხვერპლთა შემაძრწუნებელი ფოტოები კიდევ ერთი სამწუხარო შეხსენებაა იმისი, თუ რა საშინელი მსხვერპლი მოაქვს შეიარაღებულ კონფლიქტებს ქალებსა და ბავშვებში. 300 000-მდე ადგილნაცვალი და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული პირია საქართველოშიც – მათ ნახევარს კი ქალები და ბავშვები წარმოადგენენ.
30 ოქტომბერს აღინიშნება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის, გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის მიღების 20 წლისთავი. რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ ქალთა მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. რეზოლუციის პირველი ხუთი დებულება „დაჟინებით მოუწოდებს“ (ეს გახლავთ ძლიერი სიტყვა გაეროს ტერმინოლოგიაში) წევრ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, კონფლიქტების მოგვარებაში და გაეროს საველე სამშვიდობო ოპერაციებში; ასევე, მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს გაეროს უმაღლეს თანამდებობებზე.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 წარმოადგენს ორგანიზაციის ყველაზე პრესტიჟული ორგანოს ხმამაღალ განაცხადს იმის შესახებ, რომ ქალები უნდა ისხდნენ ყველა მაგიდასთან, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება და რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ პოლიტიკურ პროცესებში.
აღსანიშნავია, რომ გაეროს სისტემას, რომელიც რეზოლუციების ურიცხვ რაოდენობას იღებს ყოველწლიურად, მხოლოდ ოთხი რეზოლუცია აქვს მიღებული ქალების მონაწილეობაზე 75 წლის განმავლობაში. რატომ?
გენდერულ თანასწორობას ორი დამატებითი საკითხი უკავშირდება: ქალთა დაცვა და მონაწილეობა. პირველი ასპექტი, დაცვა, კარგად არის ცნობილი: დაცვა ძალადობის, გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის, სამუშაო ადგილზე შევიწროების, დისკრიმინაციისა და ა.შ. წინააღმდეგ. დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან იგი ეხება გადაუდებელ და უმნიშვნელოვანეს საჭიროებებს, რეალურ საფრთხეს და პრობლემებს. მიუხედავად ამისა, „დაცვის“ კონცეფცია კარგად ჯდება პატრიარქალური აზროვნების ძველ წესებში, როდესაც ქალები აღიქმებოდა, როგორც სუსტი და დაუცველი ჯგუფი, რომელსაც სხვისი დაცვა სჭირდებოდა. ამისგან განსხვავებით, ბევრისთვის ქალთა პროცესებში მონაწილეობა დისკომფორტის გამომწვევია, რადგან იგი გულისხმობს ძალაუფლების განაწილება-გაზიარებას და ტრადიციულ პატრიარქალურ გარემოშიც კი და ძალაუფლების შესუსტებას, უფრო კონკრეტულად კი – მაგიდასთან მამაკაცების ადგილებისა და ხმის შეზღუდვას. მონაწილეობა თავისთავად აჩენს თამამ და პირდაპირ კითხვებს: რამდენი ქალია თქვენს მთავრობაში, რამდენია არმიაში, რამდენი ქალი მრჩეველი ჰყავს თქვენს პრემიერ-მინისტრს? ამ დინამიკის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს გენდერული თანასწორობის შესახებ მიღებული რეზოლუციების უმეტესობა ყურადღებას მხოლოდ დაცვის საკითხზე ამახვილებს.
თვით 1325-ე რეზოლუციაც კი დაცვის ელემენტს შეიცავს. მისი მეორე ნახევარი მოუწოდებს ქალების დაცვისკენ ომის, სექსუალური ხასიათის თავდასხმის და სხვა მსგავსი სიტუაციების დროს.
გაეროს სისტემამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო იმისათვის, რომ შეესაბამებოდეს 1325-ე რეზოლუციის დებულებებს და დღეისათვის მისი 17 სპეციალური წარმომადგენლიდან რვა ქალია; გარდა ამისა, გატარდა რამდენიმე რეფორმა გაეროს სამშვიდობო ძალებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ, 20 წლის შემდეგაც კი, გაეროც და მისი წევრი ქვეყნებიც უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს მხოლოდ „ქალთა დაცვის“ და არა უმაღლეს დონეზე მათი „ჩართულობის“ შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებით. მართლაც, გაეროს ბოლო ანგარიში (2019 წლის ნოემბერი) აჯამებს რა 1325-ე რეზოლუციის მიღებიდან გასულ 20 წელიწადს, ძირითადად საუბრობს დაცვაზე. ფაქტობრივად, ანგარიშში წარმოდგენილი 16 დასკვნიდან მხოლოდ ორი ეხება ქალთა მონაწილეობას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობისთვის, ისინი მხოლოდ დიდი სურათის ნაწილს წარმოადგენს. მონაწილეობისკენ მიმართული რევოლუციური მოწოდება დაჩრდილა და გააუფერულა დრომ და გადაფარა უფრო კომფორტულმა, ტრადიციულმა „დაცვის“ დღის წესრიგმა.
ისრაელში ჩვენ ვამაყობთ საერთაშორისო ჩართულობით და წვლილით, რომელიც შეგვაქვს ქალთა დაცვის სფეროში. სწორედ ისრაელის ინიციატივა იყო პრინციპულად ახალი რეზოლუცია სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის შესახებ; ისრაელი განვითარებად ქვეყნებს სთავაზობს საერთაშორისო ტრენინგებს ქალების გაძლიერების შესახებ; ისრაელს აქვს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული კანონები სექსუალური შევიწროვებისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ.
თუმცა, რაც შეეხება მონაწილეობას, ობიექტურად თუ შევაფასებთ, ვნახავთ, რომ სურათი არაერთგვაროვანია. ისრაელის სასამართლო სისტემაში მოსამართლეების 51% ქალია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჩათვლით. გარდა ამისა, 2020 წლის ოქტომბრის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, დაისახა მიზანი, რომ ისრაელის საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების 50% უნდა იყოს ქალი (ამჟამად ეს რიცხვი 11%-ია). მეორე მხრივ, ისრაელის მინისტრთა კაბინეტი კვლავ ძირითადად მამაკაცებით არის დაკომპლექტებული (80%). ასევე, არის ათწევრიანი „კორონავირუსის კაბინეტი“, სადაც მხოლოდ ერთი ქალია. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში ისრაელს 103-იდან მხოლოდ 17 ქალი ელჩი ჰყავს.
ჯერ კიდევ 2011 წლიდან, მიღებული იქნა პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა. საქართველოს მთავრობა ძალიან მონდომებულია და ძალისხმევას არ აკლებს, რომ ჩართოს ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგში. საქართველომ, ასევე, შექმნა სააგენტოთაშორისო კომისია გენდერული თანასწორობის, ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა
და ოჯახური ძალადობის საკითხებზე. კომისია შედგება მინისტრთა მოადგილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. მათ უფლება-მოვალეობაში შედის ამ საკითხებზე შემდგომი ეროვნული სამოქმედო გეგმების განხორციელება, მონიტორინგი და გეგმების პროექტების შემუშავების კოორდინაცია (მესამე სამოქმედო გეგმის ჩათვლით 2018-2020).
უფრო მეტიც, საარჩევნო სისტემის ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა პირველად გააჩინა „გენდერული კვოტა“ პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გააძლიერებს ქალების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ წინ არის ის, თუ რა პორტფელების მფლობელები გახდებიან ქალები მომავალ მთავრობაში – განსაკუთრებით იმ სამინისტროებში, რომლებიც 1325-ე რეზოლუციაში განხილულ საკითხებზე მუშაობენ.
21-ე საუკუნეშიც კი, ქალი ჯერ კიდევ გვევლინება საერთაშორისო კონფლიქტების ჩვეულ, ტრაგიკულ მსხვერპლად. ამიტომ, ქალთა დაცვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. გაეროს 1325-ე რეზოლუციის მიღებიდან 20 წლის შემდეგ, დროა ყურადღება მონაწილეობაზე გადავიტანოთ. საქართველოს „ოქროს ხანა“ ასოცირდება ქალი მონარქის, თამარ მეფის, სახელთან და მემკვიდრეობასთან. მისი მაგალითი არასოდეს ყოფილა ისეთი შესაფერისი, როგორც დღეს. ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბეიდერ გინზბურგის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქალების ადგილია ყველგან, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს“. მაშ, მოდით, სწორედ ეს გავხადოთ ჩვენი ეროვნული და ერთობლივი გლობალური მიზანი მომავალი 20 წლის მანძილზე.
ფოტო: ისრაელის საელჩო საქართველოში