ოც წელიწადზე მეტია, რაც ახლო აღმოსავლეთში ნატალი რაჰალმა ღონისძიებების დაგეგმვით სახელი გაითქვა. მის კომპანიებს, ICE Events-სა და Cube Productions-ს, არაერთ წამყვან საერთაშორისო ვარსკვლავთან ერთად უმუშავია და რეგიონში მრავალი ღირსშესანიშნავი ღონისძიება გაუმართავს. შაკირა, ჯესი ჯეი და ანდრეა ბოჩელი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ არტისტებისა, ვისთანაც რაჰალს უთანამშრომლია. მას შემდეგ კი, რაც კოვიდ რეგულაციებმა ღონისძიებების სექტორი საგრძნობლად შეაფერხა, რაჰალმა ახალ წამოწყებას ჩასჭიდა ხელი და საქართველოში H Hookah დააარსა. H Hookah ჩილიმისა და თამბაქოს პროდუქტებს საქართველოში აწარმოებს. H Hookah თამბაქოს ხილის არომატიზატორების მწარმოებელი ქარხანა ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში მდებარეობს. იანვრიდან ქარხანამ თამბაქოს პროდუქტების წარმოება უკვე დაიწყო. უახლოეს მომავალში, H Hookah ნაწარმს 160 ქვეყანაში გაიტანს ექსპორტზე.
ინტერვიუში ნატალი მოგვითხრობს თავის კარიერაზე, შემდგარ პროექტებზე, ბიზნესის დივერსიფიცირების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე საქართველოში.
მოდი, თავიდან დავიწყოთ. რა მიზნები დაისახეთ კარიერის საწყის საფეხურებზე?
ჩემს ქვეყანაში იმდენად მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო, რომ სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში კარიერაზე სულაც არ მიფიქრია. სამსახურსა და კარიერულ ინტერესებზე ფიქრი, ალბათ, უკვე უნივერსიტეტში დავიწყე.
მივიღე ეკონომიკური განათლება და მალევე, ლიბანის ეროვნულ ბანკში მკვლევრად დავიწყე მუშაობა, სადაც სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზს ვაკეთებდი. პარალელურად, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობდი. ხუთი წლის შემდეგ, გავიაზრე, რომ ახალი საქმის წამოწყება მინდოდა.
რამ გადაგაწყვეტინათ კარიერული გზის შეცვლა და საკუთარი ბიზნესის წამოწყება?
ვიგრძენი, რომ მხოლოდ დამსაქმებლისთვის მუშაობითა და კვლევების ჩატარებით ჩემს თავს საკმარისად ვერ წარმოვაჩენდი. მსურდა ისეთი საქმის წამოწყება, რომელიც ჩემს ხასიათსა და პიროვნებას გაუსვამდა ხაზს და რომელშიც დამოუკიდებელი ფიგურა ვიქნებოდი.
ჩემი პირველი კომპანია Amareyn-ი 1999 წელს დავაარსე და გრანდიოზული ქორწილების მოწყობა დავიწყე. მოგვიანებით კი, დავაფუძნე Cube Productions და ICE Events. ჩემი კომპანიები ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, კლიენტებს კონცერტებს, ფესტივალებს, გამოფენებსა და კორპორატიულ ღონისძიებებს უგეგმავენ. რამდენიმე წლის წინ, ბეირუთში ღონისძიებების მოსაწყობი ულამაზესი სივრცე გავხსენით, რომელსაც ისტორიული ღირებულება აქვს. დროთა განმავლობაში, ჩვენი კომპანიები გაფართოვდნენ და დღეს, ICE events უკვე რიადსა და ლოს ანჯელესშიცაა წარმოდგენილი.
ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ, ახალი კონცეპტის შექმნას ვიწყებ. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემი კომპანიის აყვავებას ვხედავ. შედეგით იმდენად კმაყოფილი ვრჩები, რომ ხელმეორედ წრეზე მივდივარ და ამ ყველაფრის დაწყებას ისევ თავიდან ვიწყებ – შევიმუშავებ ბიზნეს გეგმას, ვაარსებ კომპანიას და მის აყვავებას ველოდები.
რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს ღონისძიებების დაგეგმვის კომპანიებზე და როგორ გადაწყვიტეთ H Hookah-ს დაარსება
პანდემიისას, ჩვენმა კომპანიებმა მუშაობა შეწყვიტეს, რადგან კოვიდმა საგრძნობლად შეაფერხა ღონისძიებების დაგეგმვის ინდუსტრია. ამიტომ, ჩვენი საქმიანობის დივერსიფიცირება გადავწყვიტეთ და ახალი ბიზნეს გეგმის შემუშავებას შევუდექით. საერთაშორისო ბაზრის შესწავლისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის ჩატარების შედეგად, დავინახეთ, რომ ჩილიმის პროდუქტებზე მოთხოვნა საგრძნობლად იყო გაზრდილი. ამიტომაც, ამ ინდუსტრიაზე გავაკეთეთ არჩევანი.
რატომ გააკეთეთ არჩევანი საქართველოზე?
ჩვენი საქმიანობის დივერსიფიცირებისათვის, გვსურდა ბიზნესის არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში წამოწყება. ბევრ ქვეყანას ვესტუმრეთ, თუმცა საბოლოოდ, საქართველოზე შევჯერდით. ჩვენი არჩევანი პირადმა და პროფესიულმა გარემოებებმა გაამყარეს.
პირადი თვალსაზრისით, მე და ჩემს პარტნიორს საქართველო ჩამოსვლისთანავე შეგვიყვარდა. ტრადიციებით, სტუმარმასპინძლობითა და კულტურით, ეს ქვეყანა ლიბანს ძალიან გვაგონებდა და ამიტომ, თავს, თითქოს, სახლში ვგრძნობდით. ჩვენთვის ერთადერთ წინაღობას ენობრივი ბარიერი წარმოადგენდა. თუმცა, ქართული ენის შესწავლა მალევე დავიწყეთ და ეს წინაღობაც უკან ჩამოვიშორეთ.
პროფესიული თვალსაზრისით, საქართველო ძალიან მიმზიდველია. აქ ბიზნესის წამოწყება მარტივია – მაგალითად, იუსტიციის სახლში, ყველა მნიშვნელოვანი ოპერაციის ჩატარება მოკლე დროშია შესაძლებელი. ასევე, საქართველოში დიდი მხარდაჭერა მივიღეთ „თი-ბი-სი ბანკისა“ და „აწარმოე საქართველოსგან“, რომლებსაც ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეუტანიათ. H Hookah რამდენიმე თანადამფუძნებელმა დავაარსეთ და საჭირო მხარდაჭერა „აწარმოე საქართველოსა“ და „თი-ბი-სი ბანკისგან“ მივიღეთ.
ამ კონცეპტზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. თავდაპირველად, ლაბორატორია ლიბანში დავაარსეთ, რომელშიც ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, A++ კლასის ნივთიერებებით 70 საჩილიმე არომატი შევქმენით. ამავდროულად, საქართველოში ბიუროკრატიულ სამუშაოს ვეწეოდით და ქარხანას ვაშენებდით. ჩვენმა ქარხანამ იანვარში დაიწყო წარმოება.
რა არის H Hookah-ს სამომავლო გეგმები?
H Hookah საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი პირველი ჩილიმის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა. კომპანია უკვე 160 ქვეყანაში დავარეგისტრირეთ და პროდუქციის ექსპორტზე გატანას, დისტრიბუტორების შუამავლობით, მალე ვგეგმავთ. ამჟამად, ისეთ დისტრიბუტორებს ვეძებთ, რომლებიც ჩვენი პროდუქციით არიან დაინტერესებული და ჩვენს ნაწარმს ექსკლუზიურად შეიტანენ ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე.
დღევანდელი მონაცემებით, 21 დასაქმებული პირი გვყავს, ყოველი მათგანი ქართველია. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 75 დასაქმებული გვეყოლება. ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხის ქართული ნაწარმია, რომელიც მომხმარებელს განუმეორებელ გამოცდილებას სთავაზობს.
ამჟამად H Hookah Café კონცეპტზე ვმუშაობთ. რამდენიმე თვეში, საქართველოში ჩილიმის კაფეს გავხსნით, რომელიც სტუმრებს საუკეთესო საჩილიმე არომატებით გაუმასპინძლდება.
რა არის ჩილიმის კულტურის თავისებურებები?
ყოველთვის მეგონა, რომ ჩილიმი პოპულარული მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იყო. საერთაშორისო ბაზრის შესწავლისას კი, ნათელი გახდა, რომ ჩილიმის მოხმარება მსოფლიოს მასშტაბითაა გაზრდილი. საოცარია, რომ ევროპა, ამერიკა, ბრაზილია და ჩინეთი ჩილიმის მოხმარების დონით, მოწინავე ადგილებს იკავებს. სტატისტიკურად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ტოპ ხუთეულშიც კი არ შედიან ჩილიმის ნაწარმის მოხმარებით.
ჩილიმს მნიშვნელოვანი კულტურული მახასიათებლები აქვს – ჩილიმის მირთმევა ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს და დროის სასიამოვნოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა. ვახშმისას, ან კლუბში ცეკვისას, სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ადამიანები ერთად იკრიბებიან, ჩილიმს ეწევიან და მრავალ თემას მიმოიხილავენ. ვფიქრობ, ჩილიმის კულტურა უკვე საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ალბათ, ამიტომაცაა მასზე მოთხოვნა ასეთი გაზრდილი.
ბიზნესის გარდა, აქტიურად ხართ ჩაბმული სოციალურ საქმიანობაში. რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნესისთვის სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა?
ვფიქრობ, ადამიანებზე ზრუნვის გარეშე ცხოვრება, და მით უმეტეს, ბიზნესის წარმართვა, ფუჭია. მჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის ვალია კაცობრიობის წინაშე. 18 წლის განმავლობაში, არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მითანამშრომლია. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა Enfants de Lumière-ი, რომელშიც 20 ქალბატონია გაწევრიანებული. წლების წინ, 18 ლიბანურ სოციალურად დაუცველ ოჯახზე ზრუნვა დავიწყეთ და ამ ოჯახებს, ყოველთვიური პენსია დავუნიშნეთ. დღეს კი, უკვე 300 ოჯახს ვეხმარებით მატერიალურად.
2020 წელს, ბეირუთის სამოქალაქო ომის დროს, ჩვენი ოფისის დახურვა და ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა გადავწყვიტეთ. ომისას, ქალაქი, ფაქტობრივად, განადგურდა – ჩვენი ბევრი თანამოქალაქე უსახლკაროდ დარჩა და ბევრიც, ტრაგიკულად დაიღუპა. 3 თვის განმავლობაში ჩვენი კომპანიების თანამშრომლები თავშესაფრებში გადავნაწილდით. მედიკოსთა ჯგუფთან ერთად დაჭრილებს ვუვლიდით, მათ ისტორიებს ვისმენდით და ვანუგეშებდით. სახლებსა და ქუჩებს ვალაგებდით და დაზარალებულებს საკვებითა და მედიკამენტებით ვამარაგებდით. ალბათ, ქართველები და ლიბანელები ერთმანეთს იმითაც ვგავართ, რომ ჩვენთვის ერთმანეთზე ზრუნვა პრიორიტეტია. ბევრი სირთულე და პოლიტიკური კრიზისი გვაქვს გამოვლილი – თუმცა არასდროს გავმტყდარვართ და ერთად, შეუპოვრად, გავმკლავებივართ გასაჭირს.
ლიბანელ ქალ მეწარმეს, ნატალი რაჰალს, არაერთი გამოწვევა შეხვედრია გზად. მაგრამ მას დაბრკოლებების არასდროს შეშინებია. როგორც თავად ამბობს, გამოწვევები კი არ აჩერებენ, არამედ აძლიერებენ. ნატალისთვის წარმატების ერთადერთი საშუალება საკუთარი თავის რწმენაა. ყველა ახალგაზრდა ქალს ურჩევს, რომ მხრები მძიმე ტვირთისგან გაითავისუფლონ და საკუთარი თავის ირწმუნონ.