Quibi – სტრიმინგის ინოვაციური პლატფორმა მობილური ტელეფონებისთვის

მოკლემეტრაჟიანი სტრიმინგის პლატფორმა Quibi ინტერნეტსივრცეში უკვე ჩაეშვა და მომავალი კვირების განმავლობაში ახალი ფუნქციები დაემატება.

Quibi სტრიმინგის ინოვაციური პლატფორმაა მობილური ტელეფონებისთვის, რომლის მიზანიც ბეჭდური თუ არაბეჭდური ინფორმაციების მოკლედ გადმოცემაა. Quibi-ში თავიანთ ფინანსურ რესურსებს ისეთი დიდი მედიაკონგლომერატები დებენ, როგორებიცაა Warner Bros, Disney, BBC Studios, NBCU universal, Lionsgate და MGM.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მეგ ვითმანია, eBay-სა და Hewlett-Packard-ის ყოფილი უფროსი, ხოლო პროექტი კატზენბერგს ეკუთვნის.

“ჩვენ ყველაფერს ვამოკლებთ, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ და ეს განაპირობებს პროგრამის მრავალფეროვნებას. ჩვენ ყველაფერს ვცდით,“ – განაცხადა კატზენბერგმა.

Quibi გეგმავს, მოიცვას ბაზარზე არსებული ყველა სფერო – კომედია, დრამა, რეალითი შოუები, დოკუმენტური ფილმები და სიახლეები. VULTURE-თან საუბრისას კატზენბერგმა განაცხადა, რომ ისინი საპნის ოპერისა და გვიანი ღამის შოუების მოკლე ფორმატის შექმნასაც აპირებენ, რომელიც ახალგაზრდა აუდიტორიაზე იქნება გათვლილი.