რატომ დაეცა ოქსფორდისა და სხვა ბრიტანული უნივერსიტეტების რეიტინგი

ბრიტანეთის წამყვანმა უნივერსიტეტებმა Quacquarelli Symonds-ის (QS) 2021 წლის რეიტინგის მოწინავე პოზიციები დათმეს. მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების უახლესი რეიტინგი 10 ივნისს გამოქვეყნდა და ბრიტანული უნივერისტეტების უმეტესობასთან ერთად, ოქსფორდმაც უკან, მე-4-დან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

ბენ სოულერი, QS-ს კვლევის დირექტორი, ბოლო წლების განმავლობაში ბრიტანეთის ყველაზე ცუდი მაჩვენებლის ძირითად მიზეზებად სწავლების ხარისხის დაცემასა და კვლევების შემცირებას მიიჩნევს. ექსპერტი ამას პირდაპირ აკავშირებს ბრექსიტთან, რომლის შედეგადაც სტუდენტები ბრიტანეთს აღარ მიიჩნევენ სწავლისთვის მიმზიდველ ადგილად.

სოულერის მიხედვით: „მრავალმა წყარომ, დაწყებული უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიმღები სამსახურით (UCAS) და დამთავრებული უმაღლესი განათლების პოლიტიკის ინსტიტუტით, ერთმანეთს დაუკავშირა ბრექსიტი და ბრიტანეთის დაბალი მაჩვენებლები გლობალურ საერთაშორისო სტუდენტურ საზოგადოებაში“. პრობლემის გადაჭრის გზად სოულერი განათლებაში მეტი ინვესტიციის ჩადებას მიიჩნევს, რაც ბრიტანულ უნივერსიტეტებს რეიტინგის აღდგენაში დაეხმარება.

Quacquarelli Symonds ბრიტანული კვლევითი ცენტრია, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგს. 2021 წელს 20 მოწინავე სასწავლებელს შორის ერთადერთი ბრიტანული უნივერსიტეტი, რომელმაც ერთი ადგილით წინ გადაინაცვლა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯია. ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯმა (UCL) ორი ადგილით დაიხია უკან, ხოლო კემბრიჯისა და ედინბურგის უნივერსიტეტებმა წინა წლის პოზიციები შეინარჩუნეს. ბრექსიტის გარდა, ბრიტანული უნივერსიტეტები Covid-19-ის პანდემიის გავლენითაც დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. კერძოდ, შემცირდა საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა, რაც ბევრი სასწავლებლისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.