ავიაკომპანია Qatar Airways პანდემიისგან გამოწვეულ ზარალთან გასამკლავებლად კატარის სახელმწიფოსგან დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას მიიღებს.

სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა კომპანიამ განაცხადა, რომ დანაკარგი რამდენიმე ფაქტორმა ერთად განაპირობა. პანდემიასთან ერთად კომპანიის შემოსავალზე გავლენა იქონია სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა ბოიკოტმა და Air-Italy-ის გაკოტრებამ, რომლის 49%-იან წილსაც კატარის ავიაკომპანია ფლობს.
„კატარის ავიახაზებისთვის ნაცნობია მძიმე პერიოდებთან გამკლავება, თუმცა 2019-2020 წლები ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა აღმოჩნდა კომპანიის არსებობის ისტორიაში“ – განაცხადეს ავიაკომპანიაში.
Qatar Airways ადასტურებს, რომ კატარის სახელმწიფო შეუერთდა იმ მთავრობათა რიგებს, რომელთაც ეროვნული ავიაგადამყვანი კომპანიების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. მოგეხსენებათ პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა შეაფერხა გლობალური მგზავრობა და დააზარალა საავიაციო ინდუსტრია.
შეგახსენებთ, რომ Qatar Airways ახლო აღმოსავლეთში სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა გაერთიანებული არაბული საამიროების საკუთრებაში მყოფი Emirates-ის შემდეგ.