ქალები, რომელთა გავლენაც შესაძლოა, 2022 წელს გაიზარდოს

 

Forbes-ი ყოველწლიურად მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ასეულს გვთავაზობს. გასულ წელს ჩამონათვალში ლიდერის პოზიციაზე მაკენზი სკოტი მოგვევლინა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ქველმოქმედი და მწერალი. სიის პირველ ათეულში მასთან ერთად მოხვდნენ კამალა ჰარისი, კრისტინ ლაგარდი, მერი ბარა, მელინდა გეითსი, აბიგეილ ჯონსონი, ანა პატრიცია ბოტინი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ცაი ინ-ვენი და ჯული სვიტი.

ამჟამად, Forbes-მა იმ ქალებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მართალია, გასული წლის ყველაზე გავლენიანი ქალების ჩამონათვალს მიღმა დარჩნენ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ 2022 წლის სიაში ვიხილოთ.

წარმოგიდგენთ ქალებს, რომელთა გავლენის მნიშვნელოვან ზრდასაც Forbes-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს უნდა ველოდოთ:

 

მია მოტლი

ფოტო: Jeff J Mitchell

მია მოტლი ბარბადოსის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალია. ის აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. მოტლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გასული წლის შემოდგომა აღმოჩნდა. მან მსოფლიოს ყურადღება ნოემბერში, გაეროს კლიმატის კონფერენციაზე, COP26-ზე სიტყვით გამოსვლის დროს მიიპყრო. მია მოტლიმ სამიტზე წარმოდგენილ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„როდის მივმართავთ მსოფლიოს ლიდერები ყურადღებას იმ საკითხებისაკენ, რომლებიც ხალხს აწუხებს? – იქნება ეს კლიმატი თუ ვაქცინები?“

მოცემული განცხადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მია მოტლის ძალისხმევით ბარბადოსმა ბრიტანული მონარქიის მმართველობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა და რესპუბლიკა გახდა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის თანამდებობა სანდრა მეისონმა ჩაიბარა, რომლის გავლენის ზრდაც 2022 წელს ასევე მოსალოდნელია.

 

ნაჯლა ბუდენ რამადანი

ფოტო: AP

გეოლოგიის მიმართულების პროფესორი, ნაჯლა ბუდენ რამადანი გასული წლის ოქტომბერში პირველი ქალი გახდა, რომელმაც ტუნისის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება, მათ შორის განათლების სამინისტროში მუშაობის, ბევრისთვის საკამათოა, რამდენად დიდია ნაჯლას ავტორიტეტი. აღსანიშნავია, რომ რამადანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ტუნისის პრეზიდენტმა დანიშნა.

 

ლინ მარტინი

ფოტო: Fortune

ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის (NYSE) პრეზიდენტმა, სტეისი კანინგემმა საკუთარი თანამდებობა ლინ მარტინს გადააბარა. აღსანიშნავია, რომ ლინი 68-ე ადამიანია, რომელიც ამ პოზიციაზე დაინიშნა. ცნობისთვის, ის NYSE-ს პრეზიდენტობის პარალელურად Intercontinental Exchange-ის ფიქსირებული შემოსავლებისა და მონაცემთა სერვისების სეგმენტის ხელმძღვანელია. ამ განყოფილებაში დაახლოებით 2,500 ადამიანია დასაქმებული და 2021 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მან 1,4 მილიარდი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.

 

ანჯელა უილიამსი

ფოტო: Ability Magazine

ანჯელა უილიამსი 2021 წელს Forbes-ის „50 Over 50“-ის სიაში მოხვდა. მას თეოლოგიის მაგისტრის წოდება და სამართლის დოქტორის ხარისხი აქვს მოპოვებული. 2018 წელს უილიამსი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ორგანიზაცია Easterseals-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ჩაიბარა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს.

გასული წლის სექტემბერში ანჯელა უილიამსი მსოფლიოში ყველაზე დიდი კერძო არაკომერციული ორგანიზაციის United Way-ს პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. შედეგად, ის პირველი ქალი და ასევე პირველი აფრო-ამერიკელი გახდა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. უილიამსი United Way-სთან ერთად შეეცდება, დაახლოებით 48 მილიონ ადამიანს ჯანმრთელობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვაში დაეხმაროს.

 

ქეითი ჰოკული

ფოტო: Kevin P. Coughlin

ქეითი ჰოკული ნიუ-იორკის შტატის პირველი გუბერნატორი ქალია. ის შტატის ისტორიაში 57-ე ადამიანია, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. ჰოკულმა პოსტზე ენდრიუ კუომო გასული წლის აგვისტოში შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი თანამდებობიდან სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო გადადგა.

ჰოკულმა ნიუ-იორკელებისთვის ფედერალური პროგრამა Homeowner Assistance Fund-ის ფარგლებში, რომელიც ოჯახებს ვადაგადაცილებული გადასახადების დაფარვასა და სახლების შენარჩუნებაში ეხმარება, 539 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

ქეითი ჰოკულს თანამდებობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მიმდინარე წლის ნოემბერში მოუწევს. როგორც ცნობილია, მას არჩევნებში კონკურენციას ლეტიცია ჯეიმსი და ჟუმან უილიამსი გაუწევენ.