ზუსტად 10 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სოფლის მეურნეობა როგორც დარგი სულს ღაფავდა და რეანიმაციას საჭიროებდა, ცოტა იყო იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ დარგში საქმიანობის დაწყებას გარისკავდა და უფრო მეტიც – ორგანიზაციას დააარსებდა. ამასთან, იმ დროისთვის დარგი მასკულინურად ითარგმნებოდა და შესაბამისად, ქალი, და მით უმეტეს მმართველად, ამ დარგში წარმოუდგენლად მიიჩნეოდა.
დარგის ახალი სუნთქვისთვის სვლას ორი ქალი იწყებს და 2012 წელს ორგანიზაციას – საქართველოს ფერმერთა ასოციაციას აარსებს. მიზანი ერთი იყო და არის – ფერმერთა მხარდაჭერა და უწყვეტი გამოწვევებისთვის მზადყოფნა.
იმ მოცემულობაში ცხადია, ფერმერთა ასოციაციის შექმნა პირდაპირი გამოწვევა იყო, თუმცა ნინო ზამბახიძე თანამოაზრეებთან ერთად უწყვეტ სვლას იწყებს – კარდაკარ შემოვლილი ასობით სოფელი და გაერთიანებული ფერმერების ხმა ასოციაციაში იყრის თავს. დღეს, ასოციაცია 5 ათასამდე ფერმერს აერთიანებს.
ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციის ორი თანამშრომლით დაწყებული ისტორია დღეს უკვე 60-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, რომელთა უმრავლესობაც ქალია. მისია, მიზანი ათი წლის წინაც და ახლაც უცვლელია, რომ ფერმერთა ხმა ყველგან ისმოდეს. წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას, ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორი, ასევე – სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი (მათ შორის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო კომიტეტი და სხვ.). ასოციაციის მთავარი ხედვა კი, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ფერმერთა მიერ შეტანილი წვლილის დაფასებაა.
ასოციაციის საწყისებიდან დღემდე ძირითადი მიმართულებებია: ადვოკატირება, ფერმერთა ინტერესების უკეთ დასაცავად და საკანონმდებლო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად; რეგიონული ოფისების ქსელის მეშვეობით ასოციაციის სერვისებისა და პროგრამების ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; შესაძლებლობების გაძლიერება სხვადასხვა თემატური საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალიზებული კურსებისა და ტრენინგების საშუალებით; კავშირების დამყარება აგროსექტორში მომუშავე ორგანიზაციებთან, ფერმერთა გაერთიანებებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებთან, აგროინვესტორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციას აქვს მთავარი საკონსულტაციო პლატფორმა ფერმერთა სათათბირო, რომელიც ფერმერთა ინტერესების უკეთ დაცვას, აგრარული სექტორის საკანონმდებლო პროცესებში მათ მაქსიმალურ ჩართულობასა და ადვოკატირებას უზრუნველყოფს. სათათბირო აქტიურად განიხილავს სხვადასხვა კანონპროექტს და პასუხისმგებელია შენიშვნათა პაკეტის შესაბამის სახელმწიფო, საჯარო და/ან კერძო სტრუქტურებისთვის მიწოდებაზე როგორც რეგიონულ, ისე სექტორულ დონეზე. წელს კი, ფერმერთა სათათბირო, ასოციაციის რეგიონულ ოფისებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არჩევნების გზით ხელახლა დაკომპლექტდება განახლებული შემადგენლობით და კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს ფერმერთა ინტერესების ადვოკატირებას.
ამ ყველაფრის მიღმა, ორგანიზაციის წარმატებას კარგი გუნდი განაპირობებს. იყო ასოციაციის დიდი გუნდის წევრი პირდაპირი პასუხია იმაზე, რომ პროფესიონალი ხარ. ასოციაციამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ინოვაციური იდეების სამჭედლოა. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა გაციფროვნებულ სოფლის მეურნეობას და ესეც ასოციაციის წარმატების ანგარიშზეა. გუნდთან ერთად შექმნა 5 ციფრული პლატფორმა აგრო-სასურსათო სექტორის, პროფესიული სწავლების, აგროტურიზმისა და აგროსექტორში დასაქმების მიმართულებებით: Agrogate.world , Agronavti.ge, Agroskills.ge, Agromap.ge, Agrojobs.ge.
არც აგოტურიზმის მიმართულებით დააყოვნა პირველობა და პირველად ამიერკავკასიაში ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა აგროტურისტული ონლაინპლატფორმა Agrogate.world, რომელიც მოგზაურს სთავაზობს დასვენებას ტურიზმთან ადაპტირებულ, ტრადიციულ სოფლის მეურნეობის გარემოში. აგროტურიზმის ინდუსტრიაში ამ ორი სფეროს ურთიერთთანამშრომლობა, განტვირთვა-დასვენების საუკეთესო ფორმასთან ერთად, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ეკოლოგიის დაცვასა და ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს სტიმულირებას. პლატფორმის დახმარებით მომხმარებელი აღმოაჩენს ისეთ აგროტურისტულ ადგილებს, სადაც შეძლებს თავი შეაფაროს ბუნებას, სოფელს, ჩაეფლოს პასტორალურ ცხოვრებაში – მონაწილეობა მიიღოს სოფლის მეურნეობაში, მოუაროს შინაურ ცხოველებს და გახდეს სოფლად შემორჩენილი უძველესი წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების თანაზიარი.
პანდემიის მიუხედავად, რომელიც ყველა სექტორს უქმნიდა დაბრკოლებებს, ასოციაციის გუნდი ერთად, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა დასახული მიზნების მისაღწევად. მიმდინარე 19 პროექტი, რომლებიც ორიენტირებული იყო როგორც ასოციაციის წევრი ფერმერების, ისე, ზოგადად, აგროსექტორის განვითარებასა და გაძლიერებაზე საქართველოში – უწყვეტი შეხვედრები რეგიონებში, საგრანტო კომპონენტები, საერთაშორისო სასწავლო ტურები, პროფესიული სწავლებები და ა.შ. ამავე დროს, ასოციაცია არის პირველადი წარმოების სტანდარტის, გეოგაპი/GeoGAP-ის დანერგვის ავტორი საქართველოში, რომელიც გლობალ გაპის ანალოგია. განვითარების ეტაპებზე გეოგაპს/GeoGAP-ს დაემატა მობილური ლაბორატორია, რითაც ფერმერებისთვის გაჩნდა შესაძლებლობა, ადგილზე გაკეთდეს ნიადაგისა თუ რძის სხვადასხვა ტიპის ანალიზი.
ამ წარმატების და შრომის უკან ასოციაციის ძლიერი და დიდი გუნდი დგას, რომელიც დაუღალავად, დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, ცდილობს უკეთესი მომავალი შექმნას და, შედეგად, დარგი კიდევ უფრო წარმატებული და მიმზიდველი იყოს. გუნდს ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ ფერმერები არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს დასაყრდენია, რომლებიც საარსებო დოვლათს ქმნიან. ასოციაცია ყველგან და ყველა მოცემულობაში მზად არის ემსახუროს ფერმერს და ჩვენს ქვეყანას, თავის ძლიერ გუნდთან ერთად.