გასულმა 2020 წელმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრების სტილი, თუმცა პანდემიის თანმხლები გამოწვევები განსაკუთრებით რთული დასაძლევი აღმოჩნდა ბიზნეს სექტორისთვის.
COVID-19–ის პირობებში კომპანიები პრობლემებს წააწყდნენ საქმიანობის ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: კრიზისის მართვა და რეაგირება, ადამიანური კაპიტალი, ოპერაციები და მიწოდების ქსელი, ფინანსები და ლიკვიდურობა, გადასახადები და დაფინანსების წყაროები, სტრატეგიული დაგეგმვა თუ ბრენდინგი.
ეკონომიკური სიტუაციის სიმწვავე კიდევ უფრო აშკარა გახდა მეორე ე.წ. „ლოქდაუნის“ დაწყების შემდეგ. ფაქტია, მარტივი არ იქნება აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსვლა. ბიზნეს ორგანიზაციებს მოუწევს გრძელი და რთული გზის გავლა საბოლოო „გამოჯანმრთელებამდე“.
ბიზნესზე კორონავირუსის გავლენის უკეთ დასანახად გთავაზობთ PwC Georgia-ის მიერ გასული წლის აპრილსა და სექტემბერში ჩატარებული კვლევების მოკლე ანალიზს.
რესპოდენტებისთვის დასმული პირველი მთავარი შეკითხვა იყო ის, თუ რა სირთულეები შეექმნათ მათ საქმიანობის განხორციელების პროცესში. პასუხების ანალიზზე დაყრდნობით შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი პრობლემა:
- მოთხოვნის შემცირება – დასახელდა გამოკითხული 774 კომპანიიდან 68%-ის მიერ;
- ლარის კურსის ცვლილება – დასახელდა 50%-ის მიერ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეფერხება მიწოდებათა ჯაჭვში, რაც ძირითადად გამოწვეულია ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯებით, პირველი გამოკითხვის შემდეგ შემცირდა 20%-ით, რაც ძალიან კარგია. თუმცა არცაა გასაკვირი, ვინაიდან ამ პერიოდში კომპანიებმა დაიწყეს ახალ რეალობასთან შეგუება, იპოვეს საქმიანობის განხორციელების ახალი გზები და გარკვეულწილად ისწავლეს ვირუსთან ერთად თანაცხოვრება.
ამასთან პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება პროგნოზირებულ შემოსავლიანობასთან მიმართებაში, კერძოდ, თუ აპრილის კვლევის მონაცემებით გამოკითხულთა ნახევარი მომავალი სამი თვის განმავლობაში პროგნოზირებდა შემოსავლების ვარდნას 50%-ზე მეტით, სექტემბრის გამოკითხვით ამგვარი მოლოდინი მეხუთედამდე დავიდა.
თუმცა, საერთო ჯამში 2019 წელთან შედარებით კომპანიების შემოსავლიანობა მაინც საგრძნობლადაა შემცირებული. დიდი ზომის კომპანიები ამის 5 ძირითად მიზეზს ასახელებენ:
- კარანტინი;
- ჩაკეტილი საზღვრები და ტურისტების შემცირებული რაოდენობა;
- მისაღები შემოსვლის დროული ამოღება;
- ცვლილება მომხმარებლის ქცევაში;
- დაძაბულობა საექსპორტო ბაზარზე.
ამ შეზღუდვებთან თუ ცვლილებებთან გასამკლავებლად კომპანიებს მოუხდათ საქმიანობის სხვადასხვაგვარად მოდიფიცირება. მაგალითად, სამშენებლო კომპანიები ძირითადად გადაერთვნენ სამთავრობო შეკვეთებზე, ყიდვა-გაყიდვის კომპანიებმა მთლიანად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლეს, ამასთან სიტუაციიდან გამომდინარე ძირითადი კონცენტრაცია მოხდა თბილისის ბაზარზე. თუმცა, ბიზნეს ორგანიზაციების 25%-მა ვერ შეძლო კორონავირუსთან ადაპტირება და კარანტინის შემდგომ შეწყვიტა ბაზარზე ოპერირება, რაც ნამდვილად არ არის მცირე მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის.
გარდა ამისა, შემოსავლიანობის შემცირების საპასუხოდ კომპანიებს მოუხდათ ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა დასაქმებულების რაოდენობის შემცირება ან მათი უხელფასო შვებულებაში გაშვება. სექტემბრის მონაცემებით გამოკითხული კომპანიების დაახლოვებით მეხუთედი განაგრძობს დაქირავებულების დათხოვას სამსახურიდან, ხოლო 15% უშვებს მათ უხელფასო შვებულებაში. ამასთან ის კომპანიები, რომლებმაც მაქსიმალურად შეინარჩუნეს სამუშაო ძალა, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვის გახანგრძლივების შემთხვევაში, მათაც მოუწევთ თანამშრომლებთან დამშვიდობება, ვინაიდან ვეღარ აანაზღაურებენ მათი ხელფასის თუ ტრანსპორტირების ხარჯებს.
საქართველოს მთავრობა თავისი ინიციატივებით ცდილობს ამ მძიმე ეკონომიკური სიტუაციის დასტაბილებას. აღნიშნული ინიციატივებიდან კომპანიების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი იყო: საკრედიტო საგარანტიო სქემა (75%) და თანადაფინანსების მექანიზმი- „აწარმოე საქართველოში“ (76%). ამასთან, ყველაზე ხშირად ეს დახმარებები გამოყენებულ იქნა თანამშრომელთა ხელფასებისა და ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სისტემური ხარჯებისა, კომპანიებს, რომლებიც ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, უწევთ დამატებითი ხარჯების გაღება სავალდებულო ეპიდ-მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რესპოდენტების 21%-სთვის ეს თანხები 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს, ხოლო 22%-სთვის აჭარბებს 5000 ლარს, რაც უფრო მეტად პრობლემურს ხდის საქმიანობის განხორციელებას.
ზემოთ წარმოდგენილი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ბიზნეს სექტორის კრიზისის სიმწვავე.
PwC Georgia ბიზნესის პოზიციების სტაბილიზაციისა და უწყვეტობის შენარჩუნებისთვის გვთავაზობს ორი ძირითადი ეტაპის განხორციელებას:
აღდგენისა და სტაბილიზაციის ეტაპი, რომელიც მოიცავს პანდემიის საპასუხოდ ტაქტიკური და მიზანმიმართული რეაგირების გეგმის შემუშავებას შემდეგი საფეხურების გავლით:
- ადამიანური რესურსების კრიტიკული ოპერაციების შენარჩუნება და ცვლილებების მართვა;
- დასაქმებულთა უფლებების, საუკეთესო პრაქტიკებისა და რეგულაციების გათვალისწინება;
- ფორს-მაჟორული გარემოებებისას სახელშეკრულებო ვალდებულებების მართვა;
- ლიკვიდობისა და ფულადი ნაკადების მართვა;
- საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაცია;
- ფინანსური მომსახურების გარიგებების და სატრანსფერო ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავებაში დახმარება;
- შიდა კონტროლის გაძლიერება და გაუმჯობესებული ოპერაციების უზრუნველყოფა;
- კატასტროფის შემდგომი აღდგენის პროცესის მართვა;
სტრატეგიის შემუშავების ეტაპი – პოსტ-პანდემიური პერიოდის სტრატეგიის შემუშავება და ბიზნესის სიძლიერის შენარჩუნება, სადაც გაერთიანებულია:
- დასაქმებულთა სტრატეგია და ორგანიზაციული აგებულების ხელახლა გააზრება, ადამიანური რესურსის ჩათვლით
- რისკების მართვა და ბიზნეს უწყვეტობის მართვის სისტემის შექმნა
- შემოსავლებისა და ხარჯების ოპტიმიზაცია
- სატრანსფერო ფასწარმოქმნის პოლიტიკის, მარჟებისა და ფასნამატების დასაბუთება
მიუხედავად ასეთი არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაციისა, მნიშვნელოვანია ბიზნესკომპანიებმა და დასაქმებულებმა შეინარჩუნონ პოზიტიური მოლოდინები მომდევნო თვეების მიმართ.