Paulatim Summa Petuntur ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ ‒ ამ ლათინური ანდაზის აბრევიატურა ‒ PSP ‒ ქართული ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ საკუთარ სახელწოდებად აქცია, თავად ანდაზა კი კომპანიის ‒ დევიზად. მალე 30 წელი გავა, რაც PSP წამყვან პოზიციებს არ თმობს. ის ქართული ფარმაცევტული ბაზრის შექმნასა და განვითარებაში უმსხვილესი კონტრიბუტორია. კომპანიას 5000 დასაქმებული ჰყავს, რომელთა უმრავლესობა ქალები არიან. 2020 წელს PSP-ში ბიზნეს პროცესების ანალიტიკური სამსახური ჩამოყალიბდა. ბიზნეს პროცესების მართვა BPMN ფორმატში საქართველოში ახალი მიმართულება და განვითარებადი პროფესიაა. რითეილ მიმართულებაში შესაბამისი სამსახური ფართოდ გავრცელებული არ არის, გამონაკლისია PSP, სადაც ბიზნეს პროცესების მართვის სამსახური ოთხი ქალისგან შემდგარი გუნდით მუშაობს. ამ გუნდმა მოკლე პერიოდში არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
PSP-ში ამ მიმართულების გუნდს თიკო ცეცხლაძე ხელმძღვანელობს. ის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია. მის პროფესიულ კარიერაშია სახელმწიფო სექტორში მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება. თიკო მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდში, ბიზნეს-ანალიტიკის, სისტემური ანალიტიკის და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით. PSP-მდე ის იყო აუთსორს პროექტების კონსულტანტი როგორც საბანკო, ასევე რითეილის მიმართულებით.
სამსახური, რომელსაც თიკო ცეცხლაძე ხელმძღვანელობს პასუხისმგებელია ბიზნეს და პროგრამული პროცესების გამართულ და უწყვეტ ფუნქციონირებაზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, მონიტორინგსა და ხელშეწყობაზე. დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
არსებული პროცესების შეფასებას, GAP-ანალიზს, PDCA (Plan-do-check-act) ‒ ციკლის დანერგვის ხელშეწყობას, მონიტორინგსა და ანალიზს, To Be პროცესების მოდელირებას, ხარვეზების იდენტიფიცირებას და გაუმჯობესების წერტილების გამოვლენას, ბიზნეს და ტექნიკური გუნდის ხელშეწყობას მათი გამართული საქმიანობის უზრუნველყოფისთვის, პროცესების და სისტემების დანერგვის პროცესში შესაბამისი ფოკუს-ჯგუფების დატრენინგებასა და ორგანიზაციული ცოდნის თავმოყრას.
„გუნდის ფორმირება კომპანიებისთვის, ზოგადად, რთულია, რადგან თანამშრომლის მოძიება ხდება არა მხოლოდ გამოცდილებისა და რეზიუმეს, არამედ მისი უნარების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების მიხედვით. ეს არის გუნდი, რომელსაც კომუნიკაცია უწევს კომპანიის ნებისმიერ რგოლთან, ყველა სტრუქტურულ ერთეულთან; გუნდის წევრი უნდა იყოს ცვლილებებსა და სიახლეებთან სწრაფად ადაპტირებადი, ორგანიზებული და შეეძლოს დროის სწორად მართვა. თანამშრომელს თანაბრად მოეთხოვება, როგორც ტექნიკური სპეციფიკაციების ცოდნა, ასევე ჯანსაღი კომუნიკაციის უნარები. ორგანიზაციულ ცოდნაში მოიაზრება ბიზნეს და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა, რათა კომპანია იყოს დაზღვეული როგორც პროცესების, ასევე ნებისმიერი რგოლის ცვლილებისთვის“, – თიკო ცეცხლაძე.
თიკოს თქმით, კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მისი გუნდი უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების სწორ ფორმულირებას და სთავაზობს პროცესების მართვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს. კომპანიაში ახალი სამსახურის შექმნამ, პროცესების გაციფრულებამ, გაზარდა ცნობიერება ყველა რგოლის საქმიანობის შესახებ, გამარტივდა და ერთიან სტანდარტში მოექცა პროექტების გუნდური მართვა, ტექნიკური პროექტები გადავიდა მართვის Agile მეთოდზე, გამარტივდა კომუნიკაცია ბიზნესსა და ტექნიკურ გუნდს შორის.
„ახლა კომპანია ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ეტაპზე დგას, როდესაც სრულად იცვლება პროგრამული არქიტექტურა და კომპანია გადადის მართვის ერთიან სისტემაზე (ERP). ყველა ახალი გამოწვევა და დავალება ერთობლივად განიხილება, ხდება ბრეინშტორმინგი, გადაწყვეტილებების გუნდურად მიღება და ბიზნესისთვის საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად, რამდენიმე ალტერნატივის შეთავაზება“.
ამ გუნდის თითოეული წევრი სხვადასხვა მიმართულებაზეა პასუხისმგებელი, იქნება ეს ქსელის პროცესები, შესყიდვები, მარაგების მართვა, შიდა სისტემების მონიტორინგი, HR მოდულების მართვა,თუ სხვა.
„გუნდის თითოეული წევრი ორიენტირებულია არ დაელოდოს ბიზნესისგან შემოსულ მოთხოვნებს, არამედ თავად იყოს ცვლილებების ინიციატორი, პროცესებს დააკვირდეს ადგილზე. მაგალითად, ქსელის შემთხვევაში, ხშირად ვსტუმრობთ აფთიაქს, ვეცნობით ფარმაცევტის სამუშაო გარემოს, ვატარებთ და ვგეგმავთ მიზნობრივ შეხვედრებს შესაბამის რგოლებთან, გამოწვევებზე სასაუბროდ და საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად. თითოეული თანამშრომლის საქმიანობის სტანდარტი შედგენილია ერთობლივად და კომპანიის მიზნებზეა ორიენტირებული“.
შედეგად, როგორც PSP-ს ბიზნეს პროცესების მართვის სამსახურის უფროსი გვეუბნება, კომპანიამ მიიღო გაზომვადი პროცესები, დაზოგილი რესურსები, გამართული მუშაობის უწყვეტი ციკლი, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული საქმიანობა, კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე დახმარება, ერთიანი ხედვა.
ორი წლის განმავლობაში სამსახურმა რამდენიმე წარმატებულ პროექტზე იმუშავა. მათ შორის, ლოგისტიკის და IT გუნდებთან ერთად მოახდინა საწყობის პროცესების გაციფრულება; HR დეპარტამენტთან იმუშავა ადმინისტრაციული პროცესების გასამარტივებლად. სამეურნეო პროცესების მართვისთვის შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა; კომპანიის დოკუმენტ-ბრუნვა სრულად მოექცა ელექტრონულ სისტემაში და სხვა. ახალი სამსახურის საქმიანობის შედეგად დაინერგა ახალი ელექტრონული სისტემა რეკლამაციების მართვისთვის, სადაც თავმოყრილია როგორც მომხმარებლის, ასევე შიდა რეკლამაციები.
ახლა ბიზნეს პროცესების მართვის გუნდი რეკრუტინგის ახალი სოფტის შექმნაზე მუშაობს.
ამასთან, სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია სახელმწიფო რეგულაციებზე სწრაფი რეაგირება, ცვლილებებზე მორგება და უწყვეტი სამუშაო ციკლის შენარჩუნება. დიდ გამოწვევებს, კომპანია, დაგროვილ 30 წლიან გამოცდილებას და ბიზნეს პროცესების მართვის თანამედროვე მეთოდებს ახვედრებს.
სოფიო კილაძე PSP-ს გუნდს 2021 წლის აგვისტოდან შემოუერთდა.
სტოკჰოლმის სამეფო ტექნიკური ინსტიტუტის (KTH – Land management) მაგისტრი, 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. სოფოს თქმით, მისთვის სამსახურის შეცვლა საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა PSP-ს, როგორც კომპანიის იმიჯმა, რეპუტაციამ და სტაბილურობამ გადამწყვეტი გავლენა იქონია.
„კომპანიის მასშტაბებმა, მათ შორის დასაქმებულთა რაოდენობამ ჩემზე დადებითი გავლენა იქონია. PSP-ში გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი დამხვდა, რაც საქმის მრავალფეროვნებასთან ერთად ერთგვარი გამოწვევაც იყო. As Is პროცესების გაცნობა და გაუმჯობესებაზე მუშაობამ, To Be პროცესების ჩამოყალიბებამ, საშუალება მომცა კომპანიის თითქმის ყველა რგოლის გაცნობის და მათთან აქტიური თანამშრომლობის. ძლიერ გუნდში თავის დამკვიდრება სასიამოვნო გამოწვევაცაა და პროფესიული თვალსაზრისით ზრდის მეტ შესაძლებლობას მაძლევს. ჩვენი სამსახური ყველაზე ახლად შექმნილი რგოლია კომპანიაში, მაგრამ ამის მიუხედავად შეკრული და ერთსულოვანი გუნდია, რაც ორმაგად სასიამოვნოს ხდის მუშაობის პროცესს“.
PSP-ს ბიზნეს პროცესების მართვის სამსახურს დაახლოებით 1 წლის წინ მარიამ ტატიშვილი შეუერთდა, რომელიც მანამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში 5 წელი, პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორად მუშაობდა. მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია, ბაკალავრიატი კი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გაიარა.
„ჩემთვის საინტერესოა თითოეული ბიზნეს პროცესის გაწერა, დაგეგმვა, ტექნიკურ დავალებად გადაქცევა და საბოლოოდ დეველოპერებთან ერთად ჩვენი იდეების ხორცშესხმა; შემდგომ ტესტირება და უშუალო შემსრულებლებამდე მიტანა. აქ პროცესი არ მთავრდება, მუდმივად ხდება მონიტორინგი, დახვეწა, შეფასება, გაუმჯობესება და ა.შ. პროფესიონალთა გუნდებთან თანამშრომლობა, მათ შორის დეველოპერებთან, საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერ ჩვენს იდეას ფრთები შევასხათ. ასეთ მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა, ძალიან დიდ გამოცდილებას და პროფესიონალად ჩამოყალიბების შესაძლებლობას მაძლევს“.
PSP-ში აქტიური ცვლილებების პერიოდში ანალიტიკოსთა გუნდის წევრი ხდება ნინო დოლიძე, კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით BDO-ში ERP-ის ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე 5 წლიანი გამოცდილებით. ამბობს, რომ პროცესებში ჩართვა უმოკლეს დროში მოუწია, რამაც ახალ გუნდთან ადაპტაცია გაუადვილა.
„სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი კომპანიის ყველა პროცესის მართვაშია ჩართული. თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა მიმართულებაზე ვართ პასუხისმგებლები, რომელსაც სათითაოდ ვამუშავებთ, მაგრამ საბოლოო სურათს ერთიან ჭრილში ვხედავთ და წარვადგენთ როგორც გუნდის მიერ შექმნილ ერთიან პროდუქტს.
ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ ბიზნეს პროცესების მართვასთან ერთად, ჩართული ვარ კომპანიაში არსებულ ტექნოლოგიურ ცვლილებებში. რაც ეხმარება ბიზნესს მიიღოს გამარტივებული და დახვეწილი პროცესები“.
PSP-ს ბიზნეს პროცესების მართვის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ გუნდის წევრების ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, გადამწყვეტია გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნისთვის.
„მათი ეს თვისებები და უნარები, საბოლოო ჯამში, გუნდს კრავს ძლიერ და კომპანიისთვის საიმედო საყრდენად“, – თიკო ცეცხლაძე.