ტექნოლოგიურმა გიგანტმა Sony ახალი კონსოლი – PS5 წარადგინა, – ამის შესახებ 11 ივნისს, “სონის” ოფიციალურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.
უშუალოდ კონსოლის გარდა, “სონიმ” DualSense კონტროლერის, HD ხარისხის კამერის, კონტროლერის დამტენისა და Pulse 3D ყურსასმენების დიზაინიც წარადგინა.
კონსოლს, კონტროლერსა და სხვა აღჭურვილობას, Sony-მ თეთრი ფერით გაფორმებული ფუტურისტული დიზაინი შეურჩია.
„გვინდოდა, რაღაც გულადი და გაბედული შეგვექმნა, რაღაც ისეთი, რაც პროგრესსა და მომავალს დაგვანახებდა და 2020 წლისათვის შესაფერისი იქნებოდა“ – თქვა Sony Playstation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ რაიანმა CNET-თან ინტერვიუში.
კონსოლის გარდა, Sony-მ ოცზე მეტი ვიდეოთამაში წარმოადგინა, მათ შორის, Spider-Man: Miles Morales, NBA 2K21, Ghostwire Tokyo, Horizon: Forbidden West, Gran Turismo 7 და Hitman III.
კონსოლისა და მისი აღჭურვილობის ფასები კომპანიას ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუმცა შემქნელმა, მარკ სერნიმ, აღნიშნა, რომ „პროდუქტის განვითარებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, კონსოლის ფასი გეიმერებისთვის მიმზიდველი იქნება”. ჯიმ რაიანმა კი განაცხადა, რომ PS5-ის ოფიციალური ვიდეოთამაშების შექმნა უფრო ძვირია, ვიდრე PS4-ის, რაც, ხშირ შემთხვევაში, გასაყიდ ფასზეც აისახება. ასევე, გაცხადდა, რომ Sony კონსოლის უდისკო, სრულად ციფრულ ვერსიასაც გამოუშვებდა.
ბაზარზე Sony-ს ახალ კონსოლს 2020 წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში, უნდა ველოდოთ.