მეცნიერება რომ პროგრესის და განვითარების საფუძველია, ამაზე ინტუიტიურად ვთანხმდებით ყველანი. და მაინც, რა არის მეცნიერება?
მარტივად თუკი ვიტყვით, მეცნიერება ფაქტების, მტკიცებულებებისა და ობიექტური მიგნებების ერთობლიობაა. ის თვისობრივად განსხვავდება მითების, ვარაუდებისა და საკითხისადმი იდეოლოგიური მიდგომისგან. მეცნიერული მიდგომით შესაძლებელია მრავალი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა.
ამგვარი შედეგის მისაღებად, მეცნიერება და მეცნიერული ცოდნა უნდა იყოს აღიარებული უპირატესად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულია, მმართველმა ორგანოებმა გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ცხოვრების ხარისხსა და ზოგადად საზოგადოების განვითარებას, დააფუძნონ სამეცნიერო ცოდნას.
თუკი ეს პრაქტიკა წარმატებით დაინერგება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ის მალევე პრივილეგირებულ ადგილს დაიკავებს ბიზნესსექტორის საქმიანობაში – წარმატებული პრაქტიკა ერთგვარი სტიმული იქნება კომპანიებისთვის, პრიორიტეტი კვლევას მიანიჭონ, უწყვეტად განაგრძონ ინვესტირება მეცნიერებაში, ამ გზით გააუმჯობესონ წარმოების პროცესი, პროდუქტის ხარისხი და ამასთან, შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანია, რომელშიც ვმუშაობ, მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარების გზას ირჩევს და თავისი მოგების დიდ ნაწილს სწორედ კვლევებსა და განვითარებაში (R&D) დებს.
„ფილიპ მორის ინთერნეშენელმა “ წლების წინ მიიღო თამამი გადაწყვეტილება, რესურსები და ძალისხმევა ტრადიციული სიგარეტების სრულად ჩანაცვლებისკენ მიემართა. თუმცა, ამ პროცესის წინსვლას მეტწილად საკითხის ირგვლივ არსებული მითები და დეზინფორმაცია აფერხებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანი და აქტუალურია, საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა დაზუსტებულ, ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციაზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დღევანდელ რეალობაში.
ვფიქრობ, ნებისმიერი საკითხის ირგვლივ მიმდინარე დისკუსია მოითხოვს დაზუსტებული და გადამოწმებადი სამეცნიერო მიგნებების მიწოდებას საზოგადოებისთვის – ეს უნდა რჩებოდეს მნიშვნელოვან პრიორიტეტად ბიზნესის, მედიისა და მმართველი ორგანოებისთვის. მაშინ, როდესაც სანდო და ვალიდური სამეცნიერო ინფორმაცია დეფიციტშია, მის ადგილს იკავებს დეზინფორმაცია, ვარაუდები და ჭორები.
ონლაინ თუ ოფლაინ არსებულ „ცრუ ინფორმაციას“ დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანების ქცევასა და მათ მიერ ინფორმაციის აღქმაზე. საუკეთესო შემთხვევაში, ის საზოგადოებაში მხოლოდ დაბნეულობას იწვევს. თუმცა, ხშირად დეზინფორმაცია საზოგადოებაში მეცნიერების, ფაქტებისა და ექსპერტების მოსაზრებების მიმართ ნდობას აქვეითებს, რაც ხანდახან ინდივიდების მიერ ირაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს.
ამგვარი წინაპირობებით ფორმირებული უნდობლობა ხშირია ინოვაციების, განსაკუთრებით კი თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის როლის მიმართ. სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, საზოგადოებაში მოწყობილობის მიმართ უნდობლობა მაინც არსებობს. ამის მიზეზი კი მეტწილად სწორედ არასწორი და არაზუსტი ინფორმაციის ფართოდ გავრცელებაა, რაც სოციუმში დაბნეულობასა და ეჭვებს იწვევს.
და რა არის შედეგი, იკითხავს მკითხველი – შედეგი კი შემდეგია: ზრდასრულ მწეველებს არ აქვთ წვდომა მოწყობილობის შესახებ ზუსტ ინფორმაციაზე, რაც ზღუდავს მათ არჩევანს. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის დაკარგულ შესაძლებლობას წარმოადგენს. უდავოა, რომ საუკეთესო არჩევანს თამბაქოსა და ნიკოტინის ნებისმიერი პროდუქტის მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, ზრდასრულ მწეველთა ნაწილი, რომელიც სხვაგვარად გააგრძელებდა სიგარეტის მოწევას, მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციაზე წვდომას საჭიროებს. ეს კი შესაძლებლობას მისცემს მათ, მიიღონ ინფორმირებული არჩევანი. სწორედ ამიტომ, „ფილიპ მორისში“ შემუშავებულია სისტემა, რომელიც გამჭირვალობასა და მეცნიერულ მტკიცებულებებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. კომპანია საჯაროდ აზიარებს კვლევის მეთოდოლოგიასა და შედეგებს, მზად არის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეფასდეს და გაანალიზდეს კვლევები, ასევე, გამოვთქვამთ მზადყოფნას და მოვუწოდებთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დიალოგისკენ.
როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, შეუძლებელია მეცნიერულად დადასტურებული ფაქტების უგულებელყოფა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სამეცნიერო მიგნებების და ინოვაციური პროდუქტების დროული აღიარება და ალტერნატიული, გაუმჯობესებული შესაძლებლობების გამოყენება.
ავტორი: ეკატერინე ფრუიძე
„ფილიპ მორის საქართველოს“ სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი