ექსპერიმენტები, რევოლუციები და თავისუფლება ‒ თბილისი, საკმაოდ ქაოტური, წარსულში, აწმყოსა და მომავალში დაკარგული ანარეკლების ერთობლიობაა, რომლებიც ჩვენს ქალაქს ეგზოტიკური ხელოვნების ნიმუშად აყალიბებენ. თუ ლოკალური ეკონომიკური, პოლიტიკური, სამოქალაქო და სახელოვნებო პარადოქსული დისკურსების აღმოჩენას მოისურვებთ, ვგონებ, კარგად გაცვეთილ რუკებზე დატანილი კულტურული ძეგლები ნაკლებად გამოგადგებათ. ისინი ატომური სიდინჯით, ქრონოლოგიურად მოგიყვებიან ისტორიულ ფაქტებს, მაგრამ წამიერი, გულწრფელი აღმაფრენის მემატიანეები უფრო ქართული, თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და არტ-გალერეები არიან, არატრადიციული მისალმების ფორმებითა და ველური თამაშებით.
თანამედროვე ხელოვნების გალერეა Project ArtBeat 2014 წელს დაარსდა ნათია ბუკიას, ნათია ჩხარტიშვილისა და სალომე ვახანიას მიერ. გალერეის მიზანია ქართველი და უცხოელი ხელოვანების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა პროექტის ონლაინ პლატფორმისა და საერთაშორისო არტ ბაზრობების საშუალებით, ქვეყანაში კულტურული აქტივობების ხელშეწყობა მოძრავი გალერეისა და საერთაშორისო კოლაბორაციების გზით. Project ArtBeat-ის ექსპერიმენტული სივრცე მოძრავი გალერეა საზღვაო კონტეინერს წარმოადგენს და ყოველი გამოფენისთვის სხვადასხვა ადგილას ჩერდება, თანამედროვე ხელოვნებას საქართველოს პერიფერიულ რეგიონებს აცნობს, სადაც მუზეუმები და გალერეები ვერ ფუნქციონირებს.
ონლაინ პლატფორმასა და მოძრავ გალერეასთან ერთად, Project ArtBeat-მა 2017 წელს პერმანენტული საგამოფენო სივრცე ძველ თბილისში გახსნა.
ვის აერთიანებს Project ArtBeat?
სალომე ვახანია: ჩვენი გალერეა აერთიანებს ყველას, ვისაც თანამედროვე ხელოვნება უყვარს და აინტერესებს.
რა არის თქვენი გალერეის მიზანი?
ნათია ბუკია: ჩვენს გალერეას ძირითადად ორი მიზანი აქვს: ადგილობრივი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, მუდმივ სივრცეში კარგი გამოფენების მოწყობა, და ასევე, ჩვენი მოძრავი გალერეის საშუალებით სხვადასხვა რეგიონებში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ხალხამდე მიტანა.
ასევე, ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ‒ საერთაშორისო არტბაზრობებზე მონაწილეობით. წელიწადში მინიმუმ 4-5 ასეთ ბაზრობაზე ვმონაწილეობთ, სადაც ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს წარვადგენთ. ასევე მნიშვნელოვანია, უცხოურ გალერეებთან და ინსტიტუციებთან კოლაბორაციები.
სად უნდა ვეძებოთ თავისუფლება?
ნათია ბუკია: თავისუფლება არჩევანის არსებობაში და ამ არჩევანის თავისუფლებაშია.
როგორ გამოიყურება თქვენი ყველაზე დიდი ექსპერიმენტი?
სალომე ვახანია: ჩვენი ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი მოძრავი გალერეაა და ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებულად ვითარდება. მოძრავ გალერეაში უკვე 20-ზე მეტი გამოფენა ჩატარდა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ჩატარებული გამოფენები ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა, ჩვენ სხვადასხვა კურატორებთან ვთანამშრომლობთ. მაგალითად, წელს ზაფხულში კონსტანტინე ბოლქვაძის კურატორობით ჩატარდა სამი გამოფენა: „ცვალებადი პეიზაჟი: Landscape, Cityscape, Seascape“ ნოქალაქევში ‒ ანუკ ბელუგასა და თამარ ნადირაძის, ბათუმში ‒ ქეთი კაპანაძის, ხოლო ოზურგეთში ‒ ბესო უზნაძის სოლო გამოფენები. მოძრავი გალერეა ჩვენი გალერიის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.
როგორ ფიქრობთ, რა შეუწყობს ხელს თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებას?
ნათია ბუკია: ყველაფერი კარგად მიდის, ახალი გალერეები ჩნდება; უკვე ორი წელია თბილისის ხელოვნების ბაზრობა გვაქვს და დაინტერესებაც უფრო მასშტაბურია. გვჭირდება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, რომლებიც მუდმივად ანახლებენ კოლექციებს და ყიდულობენ ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებს. სახელმწიფოსგანაც გვჭირდება მხარდაჭერა. რაც უფრო მეტი ხალხი დაინტერესდება ქართული თანამედროვე ხელოვნებით და მეტი ადგილობრივი კოლექციონერი გაჩნდება, მით მეტად განვითარდება ეს სფეროც.
როგორია თანამედროვე ქართული ალტერნატიული რეალობა, სადაც ქართველი არტისტების ხილვები ცოცხლდება?
ნათია ბუკია: აქ, ერთი სწორი პასუხი არ არსებობს.
არტისტები ფხიზლად უნდა იყვნენ და მოცემული ყოველდღიურობა საინტერესოდ დაგვანახონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი ალტერნატიული რეალობა, სადაც დავინახავთ გიჟურ მომავალს, ხოლო ჩვენ კი დავფიქრდებით ‒ ასეთი მომავლის არსებობის შემთხვევაში რა იქნება.
თქვენი აზრით, რაშია ქალების ძალა?
ნათია ბუკია: ალბათ იმაში, რომ დისკრიმინაციის ფონზე ვერ ვავლენდით ჩვენს შესაძლებლობებს და ეს ყველაფერი რეალურად შიგნით გვაქვს დაგროვილი, რომელსაც საოცარ რამედ ვაქცევთ. მგონი ეს საქმე უკვე დაწყებულია.
ფოტო: გიო ქარდავა