ნინა ჩიკვაშვილმა პროგრესული განათლების შეთავაზება ახალგაზრდა თაობისთვის დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო. დღეს კი მის მიერ შექმნილი ბრენდი „პროგრესი“ ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში მდებარე სამ სკოლას, ჯამში 1400 მოსწავლეს და 400-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. ზრდა ყოველწლიურად 10%-ია, რაც იმას ნიშნავს რომ პროგრესი აქ სტაბილურია. ნინა ჩიკვაშვილს „პროგრესის“ დამფუძნებლის გარდა, არაერთი სხვა რეგალიაც აქვს. ის აშშ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საზოგადოების თანათავმჯდომარეა, ასევე მსოფლიო წარმატებულ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ეროვნული წარმომადგენელი და პრეზიდენტი საქართველოში, საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების ექსპერტი და სხვა. თუმცა Forbes Woman-ი დღეს მას უფრო მეტად „პროგრესის“ შემქმნელად გაიცნობს.
ნინა, დავიწყოთ თავიდან: როგორ დაიბადა სკოლა „პროგრესი“?
ჩემი კარიერა ინგლისურის მასწავლებლობით იწყება. თავიდანვე განათლების სფერო ჩემთვის განსაკუთრებით გამორჩეული იყო. როდესაც ჩემი სწავლების შედეგები ახალგაზრდა თაობებში დავინახე, მივხვდი, რომ პროგრესულად განათლებულ ერთ ადამიანს თავისი ქალაქის, ქვეყნის და სამყაროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. სწორედ უკეთესი განათლებისა და შეუქცევადი წინსვლისკენ სწრაფვამ მომცა ძალა და ენერგია დამეფუძნებინა სკოლა. ეს იყო 2002 წელი, როდესაც დავინახე საჭიროება, განსაკუთრებით ქუთაისში, შემექმნა სივრცე, სადაც ბავშვებს შევუწყობდით ხელს, რომ მუდმივი პროგრესი და განვითარება ჰქონოდათ.
ქუთაისის შემდეგ იყო ბათუმის და ბოლოს თბილისის ფილიალი. რატომ გადაწყვიტეთ ამ ორ ქალაქში „შესვლაც“? და რა განსხვავებებია თქვენს ფილიალებს შორის??
„პროგრესი“ ლიდერ საგანმანათლებლო დაწესებულებად იქცა ქუთაისში, ამიტომაც გადავწყვიტეთ ის სხვა ქალაქებისთვისაც შეგვეთავაზებინა. რა თქმა უნდა, კულტურული და სოციალური მიდგომები განსხვავდება, მაგრამ მათ აერთიანებთ ბრენდის ფილოსოფია, აკადემიური მიდგომების კონცეფცია, საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო მიმართულებები, პრიორიტეტები, სწავლების ოთხივე საფეხური K-12, საინტერესო თანამედროვე მენეჯმენტი. აღსანიშნავია, რომ თბილისის და ბათუმის ფილიალები საერთაშორისო მოსწავლეებსაც აერთიანებს, ვინაიდან ამ ორ ფილიალში ორენოვანი სწავლება გვაქვს.
ბოლო წლებში კერძო სკოლების რაოდენობა მომრავლდა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა დიდ ქალაქებშიც. არის სხვადასხვა საფასო სეგმენტი. თქვენი სკოლების საფასო სეგმენტში როგორია კონკურენცია? და როგორ პასუხობთ მას?
არსებული კვლევებიდან გამომდინარე ცხადია, რომ ბაზარი განიცდის ცვლილებას, თუმცა მეტწილად ჩანს, რომ ბაზრის მომსახურება მოთხოვნის შესაბამისი არ არის. გამომდინარე აქედან ვისახავთ გეგმას, რომ სერვისებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ქართულ სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში სტიმულირება მოხდეს. ჩვენი მიზანია საჭირო კომპონენტის დამატების გზით სრულად შესაძლებელი გავხადოთ, რომ ხელმისაწვდომი განათლების კონცეფცია რეალურად პრაქტიკაში განვახორციელოთ და მივიღოთ კერძო სკოლის მაღალი დონის მოდელი, დიფერენცირებული ფასებით სხვადასხვა სეგმენტისა და სოციუმის შესაძლებლობების გათვალისწინებით.
რა არის „პროგრესის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „პროგრესი“ ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით – საქართველოს სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს – “College Board”-ის მიერ. „პროგრესს“ ასევე 2019 წლიდან ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოსგან მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია “Advanced“.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებს ამერიკის და ასევე სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში. ასევე, ბრენდის მისიიდან გამომდინარე, „პროგრესის“ მიზანია განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ფართო თვალსაწიერის, პროგრესულად და გლობალურად მოაზროვნე, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თაობების აღზრდა, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეეძლება თავისი ნიჭის და უნარების გამოვლენა, მორგებული ცოდნის და გამოცდილების მიღება და მომავლის პროფესიების დაუფლება. აღსანიშნავია, რომ სკოლაში არსებული სასწავლო მოდულები ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, მულტიკულტურულ გარემოში დამკვიდრებას და ნებისმიერი გამოწვევის შესაძლებლობად აღქმას.
ასევე, „ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესს“ 2002 წლიდან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ურთიერთშეთანხმებები და მიღწევები აქვს მოპოვებული. სია ძალიან გრძელია, მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი: ვთანამშრომლობთ სან-დიეგოს Rolling Hills-ის საშუალო სკოლასთან; ლაზარსკის ევროპული საერთაშორისო უნივერსიტეტთან; მნიშვნელოვანია NAIS–ს წევრობა (დამოუკიდებელი სკოლების საერთაშორისო ასოციაცია); ვართ ასევე British Council-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და პარტნიორი დასავლეთ საქართველოში; ამასთან, საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC–ის პარტნიორი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პარტნიორი 2017 წლიდან პედაგოგების პრაქტიკის და სტაჟირების თვალსაზრისით. ვაწარმოებთ მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს 12-ზე მეტ ქვეყანაში.
რა ცვლილებები მოიტანა სკოლაში პანდემიამ? რა ახალი შესაძლებლობები დაინახეთ?
ნებისმიერ ორგანიზაციაში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესი, რომლის უწყვეტობაც კომპანიის წარმატებას განაპირობებს. ჩვენს საგანმანათლებლო სექტორშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ პროგრესის ბრენდის 20-წლიანი გამოცდილებაა. მინდა სიამაყით გავუსვა პროგრესის ახალ პროექტებს ხაზი, რომელიც კრიზისულ და ფორსმაჟორული პერიოდის მიუხედავად, სწორედ 2020-2021 წლებში შევქმენით, ასეთია მაგალითად, სწავლების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ახალი სიტყვაა ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში. ამერიკული უმაღლესი სკოლის (AMERICAN HIGH SCHOOL) ონლაინ პლატფორმის მიზანია მოსწავლემ მიიღოს შესაძლებლობა სრულყოფილად გაიაროს დამამთავრებელი X-XI-XII კლასებისათვის განკუთვნილი კურსი და მიიღოს ამერიკული განათლება სკოლის, ქალაქის, ქვეყნის შეცვლის გარეშე, ასევე მოემზადოს საქართველოსა და საერთაშორისო უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდებისათვის და მიიღოს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტირებული დიპლომი, გაიაროს საუნივერსიტეტო AP საგნობრივი კურსი და დააგროვოს კრედიტები, უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზნით, ასევე, მოიპოვოს თანადაფინანსება/სტიპენდია ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, მოემზადოს SAT, TOEFL, IELTS გამოცდებისთვის და ჰყავდეს პროფესიონალი პირადი საუნივერსიტეტო მრჩეველი;
აღსანიშნავია, ჩვენი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც – ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მშენებლობა დაიწყო და თითქმის დასრულდა ბათუმში, რომელსაც 2020 წლის 16 ნოემბერს ჩაეყარა საფუძველი. ახალი შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მაღალტექნოლოგიური აუდიტორიებით, ბიბლიოთეკით, სპორტდარბაზებით, ლაბორატორიებითა და კაფეტერიებით. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს.
2021 წელს დამტკიცდა ასევე ახალი პროექტი, რომელიც დედაქალაქში 2023-2024 სასწავლო წელს 1000 ბავშვზე გათვლილ თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამართული შენობის გახსნას გულისხმობს. აქ წარმოდგენილი იქნება უკვე წარმატებით დანერგილი და ადაპტირებული სასწავლო პროგრამების გარდა, STEM, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნეს განათლების პროფესიული ჰაბი, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი, საერთაშორისო გამოცდების ცენტრი და სხვა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2021 წლის 4 ივნისს გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც – TOEFL-ის ავტორიზებული ცენტრი „პროგრეს ედუქეიშენი“ ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ბაზაზე, პირველად საქართველოში, ქალაქ ქუთაისში გაიხსნა. მოსწავლეებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ გაიარონ TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი და ჩააბარონ გამოცდა „პროგრეს ედუქეიშენის“ ავტორიზებულ ცენტრში.
ნინა, თქვენ უკვე 20 წელია განათლების ბიზნესში ხართ. თქვენი დაკვირვებით როგორი ბიზნესია განათლება? რა სპეციფიკით გამოირჩევა?
ჩემთვის განათლების დარგი არ არის მხოლოდ ბიზნესი და კომერციული საქმიანობა, ეს არის ყველაზე სენსიტიური სფერო, რომელსაც მუდმივად სჭირდება განვითარება და სიახლე. განათლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და მნიშვნელოვან პირობას ქვეყნის სწორი და მდგრადი განვითარებისათვის. შესაბამისად, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა ჩემი, როგორც ბიზნეს ლედის და ბრენდის ავტორის ძირეული მიზანია. ამიტომ ამას მხოლოდ ბიზნესს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.
თქვენ მსოფლიოს წარმატებულ ქალთა ასოციაციის წევრიც ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
დიახ, მსოფლიოს წარმატებულ ქალთა (World Women Club) ნაციონალური დირექტორი და წარმომადგენელი ვარ საქართველოში. სულ ცოტა ხნის წინ დამასახელეს მსოფლიოში 50 წარმატებულ ქალს შორის. ბიზნესლიდერთა ასოციაცია Women 4 Tomorrow-ს წევრი, და არაერთი საერთაშორისო ლიცენზირებული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი ვარ საქართველოში, მათ შორის TESOL-ის, Progress Education-ის, ქართულ–ამერიკული საერთაშორისო აკადემიის და ა.შ. ეს ყველაფერი ერთდროულად მაძლევს შესაძლებლობას ვიყო პროგრესული პროექტების წარმატებული ლიდერი და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი წარვმართო სწორედ იმისათვის, რომ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში შევიტანო საკუთარი წვლილი.
დაბოლოს, რამდენად რთულია საქართველოში იყო ქალი ლიდერი? რას ურჩევთ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ქალებს, რომელთაც წარმატების მიღწევა სურთ?
ჩემი ცხოვრების მთავარი სიტყვა არის პასუხისმგებლობა. სწორედ პასუხისმგებლობაა წარმატების მთავარი საწინდარი. გარდა ამისა, ადამიანმა არასდროს უნდა შეწყვიტოს ზრდა და განვითარება. თუ ადამიანი წარმატებას ვერ აღწევს, ეს იმიტომ, რომ ის ბლოკავს საკუთარ თავში პროგრესს, არ ფიქრობს განვითარებაზე. კომფორტის მდგომარეობაც ძალიან სახიფათოა, ხშირად უმოძრაობას იწვევს. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ არასდროს შეაჩერონ პროგრესი და თვითგანვითარება, არ შეუშინდნენ ინიცირების რისკებს. წარმატებული ადამიანი, ვფიქრობ, ყოველთვის ბედნიერია, რადგან ის არის თავისუფალი. ხოლო როდესაც ხარ თავისუფალი, ხარ განათლებული და ბედნიერი.