პრინცესების კულტურის დასასრული

ცოტა ხნით ადრე ჩემი მორიგი კვლევისთვის მასალებს ვეძებდი – პრინცესებზე და ზღაპრებში მათ როლზე, იმ არქეტიპზე და ჩამოყალიბებულ “სტანდარტებზე”, რომელსაც ნამდვილი პრინცესა უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც ჩანს, უოლტ დისნეის ამ სტანდარტების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

არსებობს კრიტერიუმები, რომელიც „ჭეშმარიტმა პრინცესამ“ უნდა დააკმაყოფილოს – იყოს მუდმივად ყურადღების ცენტრში და ეკუთვნოდეს სამეფო ოჯახს; ქველმოქმედება და სიკეთე მისთვის მთავარი საქმიანობა უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვარდებოდეს რაიმე გასაჭირში; იყოს დაწყევლილი ან დაჩაგრული. ერთი დეტალის ჩასწორება ამ აღწერილობაში აუცილებელია – შესაძლოა მთავარი პერსონაჟი არ იყოს პრინცესა ან არ იყოს მდიდარი ოჯახიდან, თუმცა, მისი აუცილებელი მიზანი იქ მოხვედრა ან პრინცზე გათხოვება უნდა იყოს. ასეთი პრინცესების რიცხვს მიეკუთვნებიან: კონკია, ფიფქია, აურორა (რომელიც სამეფო ოჯახს წარმოადგენს) და არიელი (The Little Mermaid). ისინი დისნეის კლასიკური პერიოდის წარმომადგენლები არიან.

90-იანი წლებიდან კი სიტუაცია იცვლება და ჩნდებიან ისეთი პრინცესები, რომლებსაც საკუთარი თავის პოვნა და განათლების მიღება აინტერესებთ: ბელი, მულანი, ტიანა, რაპუნცელი და მერიდა. მებრძოლი პრინცესები, რომლებსაც ბევრად მეტი სურთ, ვიდრე უბრალოდ “ჭეშმარიტი სიყვარული” ან ლამაზი კაბები.

© Screen from Mulan (1998)

სრულიად შეცვალა პრინცესების სამყარო “Frozen”-მა, სადაც პრინცის მნიშვნელობა პრინცესას ცხოვრებაში საერთოდ გამქარალია და ნაჩვენებია, რომ გოგონების გვერდში დგომა და მეგობრობა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე “TRUE LOVE KISS”-ი.

© Screen from Frozen (2013)

ნორსვუდის გოგონათა სკოლა (ლონდონი) გეგმავს დაასრულოს პრინცესების კულტურა და გოგონებს შთააგონოს, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ ნებისმიერ რამ, რასაც მოისურვებენ –  დაწყებული ინჟინრობით, დამთავრებული სუპერგმირობით.

ჟაკლინ ფეინი, რომელიც ამ სკოლის დამფუძნებელია ამბობს – „ჩვენ გვსურს, ჩვენმა მოსწავლეებმა იგრძნონ თავი ძლიერ გოგონებად. მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც მოისურვებენ და არ არსებობს საზღვრები მათი შესაძლებლობებისთვის. ჩვენ აღარ მივსდევთ პრინცესების კულტურას და როდესაც ჩვენი მოსწავლე რაიმე საამაყოს გააკეთებს, იქნება ეს მათემატიკის ტესტი, სპორტული აქტივობა თუ საინტერესო პრეზენტაცია, ჩვენ მას დღის სუპერგმირს ვუწოდებთ და არა პრინცესას, რომელიც ელოდება პრინცს.“

Photo Credits to Northwood College for Girls

აუცილებელია ვიფიქროთ იმაზე, თუ რას შთავაგონებთ ჩვენ ბავშვებს. შეიძლება მათ პრინცესობა სურდეთ, შეიძლება სპორტსმენობა, ან სუპერგმირობა – ჩვენ მხოლოდ ბევრი უნდა მოვუყვეთ და არ უნდა ვუთხრათ, რომ ისინი ლამაზ კოშკში გამოკეტილი პრინცესები ან მებრძოლი პრინცები არიან, რადგან ეს მათ ბავშვურ ხედვებს საზღვრებს უწესებს.