სადაზღვევო კონცეფციებსა და პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება, რომელიც ალდაგში 31 წლის მანძილზე დაგროვდა, კომპანიას სრულ თავდაჯერებულობას აძლევს, წამოიწყოს ინოვაციური პროექტი სადაზღვევო ინდუსტრიაში ‒ ეს არის ინდუსტრიისთვის პირველი პერსონალური მომსახურების სერვისი ‒ პრიმო.
სერვისის სრულყოფილება, პირადი მენეჯერი და სპეციალური სადაზღვევო შეთავაზებები, უფრო კონკრეტულად, რა არის პრიმო? ჩვენი რესპონდენტი თამარ ჭკადუაა, „ალდაგის“ საცალო გაყიდვების დირექტორი.
პრიმოს ბრენდზე „ალდაგი“ იტალიურ სააგენტო Dinn-თან და ქართველ პარტნიორებთან ერთად 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველო, მსოფლიოსთან ერთად, კოვიდპანდემიას ებრძვის. არაპროგნოზირებად გარემოს და რთულ პანდემიურ რეალობას, ალდაგისთვის ხელი არ შეუშლია, გაეგრძელებინა ფიქრი და მუშაობა ახალ კონცეფციაზე, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, პრინციპულად ცვლის სადაზღვევო სერვისების მიღების გამოცდილებას საქართველოში.
იდეა მომხმარებლების საჭიროებამ და სურვილმა გააჩინა ‒ მიიღონ სადაზღვევო კომპანიისგან იმაზე მეტი, ვიდრე ზიანის ანაზღაურებაა. პროდუქტის შექმნას წინ ბაზრის სიღრმისეული ანალიზი და მომხმარებლისგან საჭიროებების სრულფასოვანი კვლევა უძღოდა.
„ალდაგისთვის ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ვთვლით, რომ პრიმოს დანერგვით სადაზღვევო მომსახურების სფერო არსებითად ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენს მომხმარებელთან პერსონალური ურთიერთობის შესაძლებლობას ვქმნით, რომელიც მოიცავს სპეციალურად მათზე მორგებულ შეთავაზებებს და განსხვავებულ პირობებს დაზღვევაზე“.
პრიმოს სერვისში ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, თუმცა პრიმოს მომხმარებელს შეეძლება მიიღოს კომპლექსური პაკეტებიც, რომელიც მოიცავს ასევე განსაკუთრებულ პირობებს დაზღვევის სხვადასხვა სახეობებზე.
„წლების განმავლობაში ჩვენ, ცხადია, ვმუშაობდით ავტო დაზღვევის, როგორც მექანიზმის სრულყოფაზე და დღეს ვიცით, რომ მომხმარებელი ჩვენგან ელის ავტომობილთან დაკავშირებული ისეთი რისკების დაზღვევას, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, დაზიანება, ქურდობა, ძარცვა, სტიქიური მოვლენები და აშ. თუმცა დღეს ჩვენი მომხმარებლისთვის ეს ის მინიმალური სარგებელია, რომლის მოლოდინიც სადაზღვევო კომპანიისგან აქვთ. ის, რასაც პრიმო მოიცავს, უკვე იმაზე მეტია, ვიდრე სტანდარტული რისკების დაფარვა ან ზიანის ანაზღაურება. პერსონალური სადაზღვევო მენეჯერის ცნება ‒ კონცეპტუალურად ახალი მიდგომაა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის და ჩვენ ცხადია, ვამაყობთ, რომ პირველები ვართ, ვინც ამ სერვისს ნერგავს ბაზარზე“.
პერსონალური მენეჯერი ეს არის ადამიანი, რომელიც მომხმარებელს სრულყოფილ და კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს გაუწევს როგორც პოლისის შეძენის, ისე ზარალის ანაზღაურების პროცესში.
შინაარსობრივად, ეს სერვისი ზრუნვის ისეთ განზომილებაში შედის, სადაც მომხმარებელს შეუძლია ავტომობილი მიანდოს პირად სადაზღვევო მენეჯერს, რომელიც მას ავტომობილის მოვლის დამღლელ პროცესს ააცილებს და საჭირო დროს საჭირო სერვისებით უზრუნველყოფს. ამ გაგებით, პრიმო გასცდა მომსახურების ისეთ მოდელს, როდესაც სადაზღვევო კომპანია ავტომობილზე ზრუნავდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ზიანდებოდა. დღეს უკვე ალდაგის პერსონალური სადაზღვევო მომსახურება იძლევა საშუალებას, ავტომობილი გადააბაროთ კონსიერჟს, ისეთი გეგმიური ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლადაც კი, როგორიცაა ზეთის შეცვლა, საბურავების შეცვლა და ა.შ. ცხადია, ეს ყურადღება განსაკუთრებულია მაშინ, როდესაც სადაზღვევო შემთხვევა დგება და მოიცავს როგორც ავტორიზებულ ცენტრში ავტომობილის მომსახურებას, ისე არაერთ სხვა უპირატესობას, რომელსაც მომხმარებლისთვის კონკრეტული მატერიალური სარგებელი მოაქვს.
„ადამიანები, დროის მუდმივი სიმცირისა და, ზოგადად, დაჩქარებული ცხოვრების ტემპის გამო, კიდევ უფრო მეტს ელიან ბიზნესისგან და არც სადაზღვევო სფეროა გამონაკლისი. ჩვენი მიზანი ამ მოცემულობაში ისეთი სერვისის შექმნა იყო, რომელიც უზრუნველყოფდა სრულ კომფორტს, როგორც ურთიერთობისა და საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით, ისე მატერიალური თვალსაზრისით. პრიმოს წევრობას თან ახლავს კომპეტენცია, ზრუნვა და სერვისის სრულყოფილება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაზე აისახება. ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რომ ეს გარკვეულწილად ცდება დაზღვევის არსს და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ იმაზე მეტი, ვიდრე დაზღვევის სტანდარტული გაგებაა“.
იმისთვის, რომ ადამიანებმა სულ უფრო ნაკლები დრო დაუთმონ ავტომობილთან დაკავშირებულ რუტინულ საქმეებს, ალდაგში მომსახურების მთელი სისტემა აეწყო და ეს ყველაფერი მაქსიმალურადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ტემპსა და სტილზე.
„პრიმო 21-ე საუკუნის ადამიანებისთვისაა, ვინც დროის დიდ ნაწილს სამსახურს უთმობს, ოფისის გარეთ კი ოჯახთან, მეგობრებთან კომუნიკაცია სჭირდება და არა ავტომობილის საკითხებით დაკავება. პრიმო ასევე ისეთი მომხმარებლის პროდუქტია, ვისაც უბრალოდ უფრო მეტი კომფორტი სურს, ვიდრე სტანდარტულად იღებს, ამიტომ, ცხადია, ჩვენ აქტიურები ვიქნებით ამ შეთავაზების გავრცელებაში, პირველ რიგში, სამიზნე სეგმენტთან, რომლისთვისაც სრულფასოვანი სადაზღვევო სერვისის მიღება პრიორიტეტული საკითხია“.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ბიზნესისთვის პრაქტიკულად ახალი რეალობა შექმნა, ალდაგს ხედვა როგორც პროდუქტების განვითარების, ისე სერვისების დახვეწის კუთხით არ შეუცვლია. სწრაფად მოხდა ციფრული სერვისების გააქტიურება და კიდევ უფრო მეტი ენერგია ჩაიდო ახალი პროდუქტების განვითარებაში. თამარის თქმით, პანდემიამ კიდევ უფრო ცხადი გახადა მომხმარებლის სურვილი, ჰქონდეს სანდო და ხარისხიანი ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიასთან და მიიღოს მაქსიმალურად ხელშესახები სარგებელი ამ ურთიერთობისგან.
„პანდემიისას კარგად გამოჩნდა, რომ რეალურად მომხმარებელს აქვს მეტი კავშირის საჭიროება, დავინახეთ რომ ურთიერთობები განსაზღვრავს ნდობას და როდესაც ენდობი, მზად ხარ მოისმინო, მიიღო შემოთავაზება პარტნიორი კომპანიისგან. ამ პერიოდში მომხმარებელმა ბევრი რამ გადააფასა და მზაობა აქვს, რომ მეტად მოგვენდოს“.
თამარ ჭკადუა სადაზღვევო ინდუსტრიაში 2006 წლიდან მუშაობს. იხსენებს რომ, მაშინ კორპორატიული დაზღვევით მხოლოდ დიპლომატიური უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები სარგებლობდნენ. მისი თქმით, როგორც დღეს წარმოუდგენელია ბიზნესის ოპერირება დაზღვევის გარეშე, ასევე წარმოუდგენელი იქნება რამდენიმე წლის შემდეგ მძღოლი – ავტომობილის დაზღვევის გარეშე. თამარის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საცალო დაზღვევის ბაზარი სამჯერ არის გაზრდილი, რაც პოზიტიურ ტენდენციაზე მიუთითებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ დაზღვევის ცნობადობის ამაღლებაში, რეალურად საცალო სექტორში დაზღვევის კულტურა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ზოგადად, ბევრ ქვეყანაში ეს ბიზნესი მას შემდეგ განვითარდა, რაც დაზღვევის გარკვეული სახეობები სავალდებულო გახდა. როცა მომხმარებელი დაზღვევის სიკეთეს სავალდებულო დაზღვევის სახეობებით გრძნობს, შემდეგ ეს ყველაფერი ჩვევაში გადასდის“.
თამარ ჭკადუას სჯერა, რომ მომავალი 10 წლის შემდეგ არ იქნება არც ერთი ავტომფლობელი, რომელსაც საკუთარი ავტომობილი დაზღვეული არ ეყოლება და დაზღვევა იმდენად საჭირო და მოთხოვნადი გახდება, როგორც მაგალითად დღეს ინტერნეტია.
„ჩემი პროფესიული ამბიციაა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია სწორედ ასეთი გავხადოთ“.