POSTRED Academy – ცნობისმოყვარეობიდან წარმატებამდე

ყველა ადამიანში იმალება ფარული ნიჭი, რომელიც მიძინებული ვულკანივითაა. მის გასაღვიძებლად საჭიროა მხოლოდ ერთი ნაპერწკალი. შეიძლება ეს ნაპერწკალი, საკუთარ თავში, გარშემომყოფებში, ხმაში ან მუსიკაში იპოვო.

USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია “პოსტრედმა” სასწავლო ცენტრი POSTRED Academy დააარსა, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებში ეს ნაპერწკალი გააღვივოს და მისცეს შესაძლებლობა დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომელიც გზას მწვერვალებისკენ გაუკვალავს.

POSTRED Academy-ში ჰოლივუდის სურნელი ტრიალებს, აქ ხმისა და მუსიკის ტექნიკებს ისეთი ადამიანებისგან ისწავლი, ვინც მრავალი წლის წინ გაიარა ეს გზა და ახლა ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობენ.

POSTRED Academy 2022 წელს დაარსდა და სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებაც ნოემბერში განხორციელდა.

„ამბობენ, ხმისა და მუსიკის ძალას ჯადოსნური ამბები შეუძლია დაატრიალოსო. ჩვენც ამის გვჯერა, ამიტომაც, გადავწყვიტეთ აკადემიაში ვასწავლოთ ახალგაზრდებს ისეთი თავბრუდამხვევი პროფესიები, როგორიცაა: ხმის დიზაინი და მუსიკა ფილმისთვის. პირველ ნაკადმა სწავლა უკვე დაასრულა და 12 სტუდენტს შესაბამისი სერტიფიკატიც გადაეცათ.“ – აღნიშნავს POSTRED ACADEMY-ს დამფუძნებელი, თინა ბაბაკიშვილი.

12 წარმატებული სტუდენტიდან 8 POSTRED ACADEMY-ში დასაქმდა, რაც 70 პროცენტიან წარმატებულ შედეგს ნიშნავს.

POSTRED ACADEMY-ს მიზნების განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული USAID-ი, რომელმაც „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის ფარგლებში აკადემიის ხედვა სრულად გაიზიარა და კომპანიას შესაბამისი აპარატურით აღჭურვა დაუფინანსა.

POSTRED ACADEMY-ში სწავლის მსურველები, თინა ბაბაკიშვილის თქმით, გარკვეულ წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ. 

„რომ გახდე ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო, პირველ რიგში, აუცილებელია მოტივაცია და სურვილი, გარდა ამისა, დაგჭირდება ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, რათა ყველა საჭირო მასალას გულისყურით გაეცნო. ასევე, დაგჭირდება კომპიუტერული უნარები – პროგრამებს კიდევ უფრო მარტივად რომ აუღო ალღო. 

რაც შეეხება, მუსიკა ფილმისთვის – აქ აუცილებელია მუსიკალური თეორიის საფუძვლების ცოდნა (მაგ. აკორდები); სასურველია, რომელიმე DAW-ს ელემენტარული ცოდნა (Logic Pro, FL Studio, Reaper, Cubase და ა.შ.) და რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის უნარი.“

აკადემიაში თემების გარკვეულ ნაწილს, სტუდენტები ერთობლივად გაივლიან. თუმცა, რადგან კურსები ინტენსიური სახისაა ორივე კურსზე ერთდროულად დასწრება მსურველს გაუჭირდება.

ახალგაზრდები 6 თვის მანძილზე შეძლებენ მიიღონ საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა. არის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსები და კურსის ღირებულება 4,000 ლარს შეადგენს.

გადახდის 3 ტიპია აკადემიაში: თუ თანხას ერთიანად დაფარავ, 3 800₾-ს გადაიხდი და 5%-ს დაზოგავ.

შეგიძლია სწავლის საფასური ორ ეტაპად გადაიხადო: ნახევარი სწავლის დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარი მესამე თვის ბოლოს. 

აკადემიაში გადახდის სამი ეტაპიც არის, აქ თანხები ასე ნაწილდება: სწავლის დაწყებამდე 2000₾-ს გადაიხდის სტუდენტი, მესამე თვის ბოლოს – 1500₾-ს და მეხუთე თვის ბოლოს კი დარჩენილ 500₾-ს.

თინა ბაბაკიშვილის თქმითვე, მათთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს აღმოაჩენინონ ის ნიჭი, რაც შეიძლება ხმის დიზაინისა და მუსიკის მიმართულებით გააჩნდეთ და მისცენ შესაძლებლობა განვითარდნენ არატრადიციულ, თუმცა ძალიან საინტერესო პროფესიებში. სწორედ ამიტომ, თითოეულ კურსზე იმოქმედებს სწავლის საფასურის თანადაფინანსება და აქვე აღნიშნავს :„თანადაფინანსებისთვი კი, რეგისტრაციისას აპლიკანტმა უნდა გამოგვიგზავნოს დაფინანსების მოთხოვნის წერილიც, სადაც აღწერს თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ის.“

POSTRED ACADEMY-ში კურსებზე რეგისტრაცია 11 ივლისს დაიწყო, ხოლო სწავლა – 11 სექტემბერს დაიწყება.