თინა ბაბაკიშვილი საქართველოს აუდიო-ვიზუალური ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. კინოს, მუსიკისა და, ზოგადად, ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარულის გამო 2016 წელს ის იმ დროისთვის ახლად დაარსებულ პოსტ-პროდუცქციის კომპანიის POSTRED გუნდს შეუერთდა. POSTRED ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული პოსტის კომპანია გახდა. ამჟამად თინა კომპანიის მმართველი პარტნიორი და საერთაშორისო კლიენტების მოზიდვის მთავარი წყაროა. მისი დამსახურებით, POSTRED თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან კინო-ინდუსტრიაში, როგორებიცაა Netflix, Formosa Group, Harbor Pictures, და ა.შ.
© ნინო ბებუა
როგორ დაიბადა POSTRED-ის შექმნის იდეა და რა წვლილი მიგიძღვით მის განვითარებაში?
POSTRED ხმის დიზაინერ ბესო კაჭარავას მიერ 2015 წლის 2 ნოემბერს დაარსდა. საქართველოში არ არსებობდა მენეჯერულად გამართული პოსტ-პროდუქციის სტუდია. შესაბამისად, ეს იყო გამოწვევა, რომელიც ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლეოდა.
POSTRED-ს 2016 წლის მარტში, 5 თვის შემდეგ შევუერთდი. თავიდან კომპანიაში სულ 5 ადამიანი ვიყავით და, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყე კომპანიის მენეჯერულად გამართვა. პროექტების მენეჯმენტის გარდა, ვითავსებდი ადმინისტრაციულ საქმიანობასაც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ POSTRED-ში მოსულ ყველა კადრს აქვს განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობა და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ადმინისტრაციული და პროექტების მენეჯერიდან, ნელ-ნელა ადგილობრივ კლიენტებთან ურთიერთობაზე გადავედი, შემდეგ კი უცხოელი კლიენტების მოზიდვა გახდა ჩემი მთავარი მიზანი. წლების მანძილზე აქტიურად ვუთმობდი დროს და ენერგიას სხვადასხვა ფესტივალებზე თუ ე.წ. ნეთვორქინგ ღონისძიებებზე დასწრებას. ეს შესაძლებლობას მაძლევდა, პირადად შევხვედროდი არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებს, და მათთან ახლო ურთიერთობები დამემყარებინა.
თითქმის 5 წლის თავზე კი POSTRED-ის მმართველი პარტნიორი გავხდი. გარდა კლიენტებთან ურთიერთობისა და პროექტების მოზიდვისა, POSTRED-ისგან დამოუკიდებლად აქტიურად ვარ ჩართული ფილმის ინდუსტრიის განვითარებაში, გარკვეული სახის გეგმები მაქვს ფილმის ე.წ community building-ის ნაწილში, რაზეც ახლო მომავალში აუცილებლად გაიგებთ.
post-production studio-ს შექმნისა და გამართული ფუნქციონირებისთვის მხოლოდ ბიზნეს ალღო და სწორი მენეჯმენტი, ალბათ, საკმარისი არ არის. რა იყო თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლის რეალიზებამაც postred-ის წარმატება განაპირობა?
ხელოვნებასთან ემოციურ მიჯაჭვულობას ყოველთვის ვგრძნობდი და ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი მშობლების ხელოვნების მიმართ უდიდესი სიყვარული იყო. მამის სურვილით შევისწავლე პიანინოსა და გიტარაზე დაკვრა და სიმღერა. დედის რჩევის საფუძველზე კი გადავწყვიტე მეცადა ცეკვა, ფოტოგრაფია, ფილმების ყურება და, ზოგადად, დავრჩენილიყავი ღია და შემოქმედებითი გარესამყაროს მიმართ.
ხელოვნებისადმი ჩემს უზომო სიყვარულს ახლა უკვე აქვს არხი, რომელიც მაძლევს უზარმაზარ სიხარულს ყოველდღიურ მუშაობაში. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სიამოვნებას მანიჭებს კონტაქტი გამოჩენილ პროფესიონალებთან მთელი მსოფლიოდან.
POSTRED ის ადგილია, სადაც თავს ყოველთვის სახლში ვგრძნობ. შესაბამისად, ვცდილობ, სახლში ყველაფერი დალაგებული და გამართული იყოს, მასში არსებული ადამიანები კი – კმაყოფილები და ბედნიერები. ჩემთვის POSTRED-ის გუნდი ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია. იმ გარემოს და მუხტის შენარჩუნება, სადაც თითოეული გუნდის წევრი თავს კარგად გრძნობს, მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
როგორია postred-ის კონცეფცია და მისი მართვის ფილოსოფია?
POSTRED-ში ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს. ეს არის უმთავრესი რამ, რასაც ყოველთვის ხაზს ვუსვამთ. ჩვენთან მუშაობა ძნელია ისეთი ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს სფერო არ არის საინტერესო, ან თუ ვერ ეგუებიან ჩვენს სამუშაო ეთიკას, რაც წლების მანძილზე ჩამოვაყალიბეთ და ამით ძალიან ვამაყობთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ POSTRED დგას თავისი გუნდის წევრებზე და დიდი სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ჩვენი წევრი გულდასმით გვყავს არჩეული.
რა იყო კომპანიისთვის ყველაზე რთული და საინტერესო დაკვეთა და რა გამოწვევასთან იყო დაკავშირებული თქვენთვის, როგორც მენეჯერისთვის?
სირთულის მხრივ კონკრეტული პროექტი არ მახსენდება, თუმცა ბოლო 2 წლის მანძილზე POSTRED-ის სერვისებზე მოთხოვნა თითქმის 70%-ით გაიზარდა, რამაც ძალიან დატვირთა თითოეული ჩვენთაგანის კალენდარი. გამოსავალი გუნდში ახალი კადრების დამატება აღმოჩნდა, თუმცა რადგან ეს სფერო პოპულარული ჯერ ისევ არ არის და მის შესახებ ბევრმა არ იცის, ახალ კადრებს გადამზადება, ხოლო ამ გადამზადებას კი გარკვეული დრო სჭირდება. ალბათ, ეს არის ის მთავარი გამოწვევა, რასაც ვეჯახები გარკვეული პერიოდულობით და ამიტომაც ვგეგმავ ამ სფეროს შესახებ ცნობადობის გაზრდასა და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვას, რაც მანამდეც ვახსენე.
საინტერესო დაკვეთას რაც შეეხება, ბოლო პერიოდში ვიმუშავეთ A24-ის ფილმზე C’mon, C’mon, სადაც მთავარ როლს ხუაკინ ფენიქსი თამაშობს. ასევე, Paramount Pictures-ის ჰორორ ფრენჩაიზის ცნობილ ფილმზე SCREAM 5, რაც წლების წინ წარმოუდგენელი მომეჩვენებოდა, თუმცა ახლა ეს რეალობაა და ძალიან მიხარია, რომ ქართული კომპანია ამ ყველაფრის ნაწილია.
რამდენად კონკურენტუნარიანია Postred რეგიონული მასშტაბით?
POSTRED არა მხოლოდ რეგიონული, არამედ უკვე მსოფლიო მასშტაბით არის კონკურენტუნარიანი, რადგან, მაგალითად, ჩვენ უკვე ამერიკაში და ბრიტანეთში ვემუშავებით ისეთ დიდ კომპანიებს, როგორებიცაა Netflix, A24, Paramount Pictures, Formosa Group, Farm Group და ა.შ.
მთავარი, რაც მინდა აღვნიშო, ის არის, რომ POSTRED-ში მაღალი ხარისხი და თითოეული პროექტისადმი ჩვენი გულისხმიერი დამოკიდებულება მოსწონთ.
თქვენ იყავით ერთ-ერთი იმ პროდიუსერთა შორის, ვინც ქართულ კინოინდუსტრია Platino Industria Forum-ზე წარადგინა. Როგორი იყო თქვენი მოლოდინები და მიღებული შედეგი ღონისძიებასთან დაკავშირებით?
Platino Industria Forum-მა კარი გაუხსნა ახალ შესაძლებლობებს, რადგან ჩვენ არასდროს გვიმუშავია ესპანური და ლათინო ამერიკული კინო ბაზრის წარმომადგენლებთან. ამ ფორუმზე შევხვდი რამდენიმე ესპანელ პროდიუსერს, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ ჩვენი კომპანიით. ესპანური მხარის წარმომადგენლები დეკემბერში ეწვევიან საქართველოს და დაგეგმილი მაქვს მათთან კიდევ ერთხელ შეხვედრა და კონკრეტულ გეგმებზე საუბარი.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, რა სჭირდება postred-ს, რათა არ ჩამორჩეს და მუდმივად აკმაყოფილებდეს მსოფლიო სტანდარტებს?
POSTRED უკვე გახდა საერთაშორისო მოთამაშე. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ საქართველოს პოპულარიზაცია აშშ-ს ბაზარზე. ჩვენი მოკლევადიანი მიზანი გაფართოებაა; გრძელვადიანი კი – გავხდეთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხმის დიზაინის სტუდია ჰოლივუდში.
გვინდა, გავაფართოვოთ ბიზნესი და ჩვენი სერვისები ახალ სტუდიებსა და საპროდიუსერო კომპანიებს შევთავაზოთ. ასევე, განვიხილავთ აშშ-ში ფილიალის გახსნას იმ კომპანიებისთვის, ვინც მხოლოდ ადგილობრივად მუშაობს.
გარდა ამისა, POSTRED გეგმავს, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პლატფორმებს კინოინდუსტრიაში, აამაღლოს პოსტპროდუქციის შესახებ ცნობადობა საქართველოში და გადაამზადოს უფრო მეტი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი.