15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შეიქმნა სპეციალური პორტალი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თანდართულ რუკაზე მოძებნოთ ის სასტუმროები, რომლებიც უკვე შემოწმებულია და სრულად აკმაყოფილებენ პოსტ-პანდემიურ მოთხოვნებს. კურსორზე ხელის დაჭერით მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ლოკაცია, გახსნათ მიმაგრებული ბმული და გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას სასტუმროს შესახებ.
ქვეყანამ შიდა ტურიზმი უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების დაცვით, საერთაშორისო ნორმებისა და ჯანმო-ს სტანდარტების გათვალისწინებით განაახლა. შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და მკაცრად გაიწერა პროტოკოლი ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტისთვის (სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, ტურისტული კომპანიები და გიდები).
„საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხო დანიშნულების ადგილის სტატუსის გათვალისწინებით ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტურიზმის ეტაპობრივი გახსნა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფით და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით“ – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
სასტუმროების სია ეტაპობრივად განახლდება.