Porsche, როგორც ესთეტიკის ერთგულება – ინტერვიუ მაკა კვიციანთან

დიზაინერი, DALOOD-ის კრეატიული დირექტორი, მაკა კვიციანი ამბობს, რომ მოდის მიმართ მისი სიყვარული და ინტერესი თანდაყოლილია. იხსენებს, რომ ეს ინტერესი თინეიჯერობის წლებიდან იმდენად გამოხატული იყო, არჩევანი – მოდა, როგორც ცხოვრების მთავარი საქმე – ფაქტობრივად, გარდაუვალი აღმოჩნდა. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ მთელი შემდგომი ცხოვრება მოდის, დიზაინის სფეროშია.

DALOOD 2001 წლიდან არსებობს. ის მაკას დედამ, ნანა შუკვანმა, დააარსა, რომელიც თავად იყო სახლის მთავარი დიზაინერი. მოგვიანებით კომპანიის ხელმძღვანელობა მაკა კვიციანმა გადაიბარა. მან შეძლო, DALOOD საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდად ექცია. მაკა წელიწადში ოთხ კოლექციას ქმნის, თითოეული მათგანი, როგორც წესი, გამორჩეულად შთამბეჭდავი და მოულოდნელია, მაგრამ ყველა ამ კოლექციას დიზაინერის ინდივიდუალური, იოლად საცნობი ხელწერა აერთიანებს. მაკას კოლექციები ქალებს, უპირველესად, გაბედულებასა და საკუთარი ძალების რწმენას შთააგონებს.

DALOOD-ის კრეატიული დირექტორი მიიჩნევს, რომ სტილის შეგრძნებაა ის, რაც მოდიდან არ გადადის და ადამიანის მუდმივი თანამდევია; რაც კარნახის გარეშე შენია.

„გემოვნებიანი ადამიანი სულაც არ ნიშნავს აუცილებლად გამორჩეულად, ძალიან მოდურად ჩაცმულ ადამიანს. შეიძლება გეცვას სადა შავი მაისური და შავი შარვალი, მაგრამ იყო ზედმიწევნით გემოვნებიანი. გემოვნებით იბადები და მერე, უბრალოდ, ხვეწ მას. ერთგვარი ნიჭია. ამის საპირისპიროდ, შეიძლება ძალიან ძვირადღირებული, ტრენდული სამოსი გეცვას, მაგრამ არ იყო გემოვნებიანი. ამას ვერ ყიდულობ, სამწუხაროდ. ჩემთვის გემოვნებიანი შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც კარგ მუსიკას უსმენს, ვინც კარგ არჩევანს აკეთებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. სტილს, გემოვნებას ბევრი გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს“.

საკუთარ სტილზე საუბრისას მაკა ამბობს, რომ მისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, სამოსი უხდებოდეს. არჩევანს ამ კრიტერიუმით აკეთებს და ამ თვალსაზრისით მისთვის კომპრომისი არ არსებობს.

„თუ რაღაც არ მიხდება, არცერთი ტრენდი არ არსებობს ჩემთვის, რომელიც ამ ტანსაცმელს ჩამაცმევს. ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა, რითაც ვხელმძღვანელობ და, ვფიქრობ, ყველა ქალმა უნდა იხელმძღვანელოს, არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვა კონკრეტული სამოსი მარტო იმიტომ, რომ ეს მოდური და ტრენდულია. მთავარია, გიხდებოდეს, დანარჩენი მეორეხარისხოვანია“.

მაკა ამბობს, რომ უყვარს ფერები, თუმცა, ამის პარალელურად, მისი ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ფერი შავია, რომელიც მისთვის განსაკუთრებულ ელეგანტურობასთან ასოცირდება. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აქსესუარებსაც.

„როცა გვინდა, ხაზი გავუსვათ სტილს, ეს ყველაზე მარტივად აქსესუარებით ხდება. აქსესუარში ყველაზე კარგად ჩანს ხასიათი და ბევრი ისეთი რამ, რაც ტანსაცმელში შეიძლება არ გამოჩნდეს. შეიძლება სრულიად სადად გეცვას, მაგრამ საყურემ, ბროშმა, ბეჭედმა ყველაფერი სხვანაირად, ძალიან შთამბეჭდავად წარმოაჩინოს“.

DALOOD-ის კრეატიული დირექტორის დღე დატვირთული და მრავალფეროვანია. მაღაზია, კოლექციებზე მუშაობა, სამი შვილი, საოჯახო ვალდებულებები მისგან ბევრ დროსა და მუდმივ გადაადგილებას მოითხოვს. ამიტომ საჭესთან დიდი დროის გატარება უწევს. მაკა ქალაქგარეთ ცხოვრობს და ეს კიდევ უფრო ზრდის ავტომობილში გატარებული დროის ხანგრძლივობას. შესაბამისად, ავტომობილის კომფორტულობა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უკვე 15 წელია, მაკას არჩევანი Porsche-ა.

„18 წლიდან ვზივარ საჭესთან. მიყვარს ავტომობილის მართვა, თუმცა ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელიცაა. ავტომობილის შეფასებისას ჩემთვის გადამწყვეტი კომფორტულობა და სისწრაფეა. საჭესთან დიდ დროს ვატარებ, მთელი დღის განმავლობაში მიწევს მოძრაობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Porsche უპირობოდ უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას. ამას ემატება ესთეტიკური კრიტერიუმი, რაც ასევე გადამწყვეტია ჩემთვის. ვფიქრობ, Porsche-ს ავტომობილები ულამაზესია, საოცრად დახვეწილი დიზაინით. ამასთანავე, Porsche არ არის ავტომობილი, რომელიც პრეტენზიულად მიანიშნებს თავის ესთეტიკურობაზე. ხშირად შემინიშნავს, ავტომობილი, რომელიც შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ ეს სილამაზე ერთგვარად გეხამუშებოდეს. Porsche, ვფიქრობ, რომ მოკრძალებულად ლამაზი, მართლა გამორჩეული ავტომობილია. ამიტომაა, რომ 2008 წლიდან ამ ბრენდის ერთგული ვარ. მხოლოდ მოდელებს ვცვლი“.

„პორშე ცენტრი თბილისში“ Porsche Cayenne-ის არჩევისას მაკამ უპირატესობა შავ ფერს მიანიჭა – როგორც მისთვის ერთ-ერთ საყვარელ და ელეგანტურ ფერს. ავტომობილის სალონი კრემისფერია, რაც მისი ელეგანტურობისა და დახვეწილი დიზაინის კიდევ ერთი განმსაზღვრელია. მაკა ამბობს, რომ სალონის კომფორტულობა მისთვის Porsche-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

„კრემისფერი ტყავის სალონი, ერთი მხრივ, ძალიან ლამაზი და დახვეწილია და, მეორე მხრივ, საოცრად კომფორტულიც. სალონის მოცულობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში უამრავ სხვადასხვა საქმეზე მიხდება გადაადგილება, საქმესთან ერთად შვილების წაყვანა-წამოყვანა, პროდუქტების შეძენა მიწევს, შემიძლია ვთქვა, რომ წარმოუდგენლად პრაქტიკული მანქანაა. არანაკლებ შთამბეჭდავია სალონის ტექნიკური შესაძლებლობები, ეკრანი, რომელიც უამრავი სხვადასხვა ფუნქციითაა აღჭურვილი. რაც შეეხება ავტომობილის ზომას, Porsche Cayenne არ არის პატარა ავტომობილი, მაგრამ საოცრად მობილური და დამყოლია. ვამბობ ხოლმე, პეპელასავით არის-მეთქი. ძალიან მიყვარს და არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის მისი გაბარიტები“.

მაკა ამბობს, რომ მისი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ასპექტში განმსაზღვრელი შემოქმედებითობისა და ელეგანტურობის სინთეზია. მისი შეფასებით, ფლობდე Porsche-ს, ნიშნავს იყო ესთეტიკის ერთგული და შენი სტილი ყოველდღიურობაში იგრძნობოდეს, როგორც სახასიათო ხელწერა.