ნიუ-იორკში გატარებული ოცი წლის შემდეგ ირინა პოპიაშვილი თბილისში 2012 წელს დაბრუნდა კულტურის მაშინდელი მინისტრის ნიკა რურუას შეთავაზების საპასუხოდ – გამხდარიყო სამხატვრო აკადემიის რექტორი. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი იფიქრა, დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი მშობლების გაუარესებული ჯანმრთელობა იყო, მეორე, უმნიშვნელოვანესი მოტივაცია კი საქართველოში თანამედროვე ხელოვნების სფეროს მიმართულებით სწავლების ახალი სტილის დანერგვისა და ფუნდამენტური ცვლილებების სურვილი. მიიჩნევს, რომ მხოლოდ სწავლების გზით შეიძლება რამის შეცვლა.
ოდნავ მოგვიანებით თანამშრომლობის შეთავაზება კახა ბენდუქიძისგან მიიღო. შედეგად, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანია. VA[A]DS-ს არქიტექტურის პროგრამა მოგვიანებით დაემატა. როგორც კურატორი და გალერისტი კი გაცილებით ადრე გაიცნეს.
თანამედროვე ხელოვნების ისტორია აშშ-ში, ატლანტაში ისწავლა. სტუდენტი წავიდა და დარჩა. 2001-2012 წლებში მარისა ნიუმანთან ერთად მართავდა გალერეას, რომელსაც ჯერ “Suit106” ერქვა, 2005 წლიდან მის დახურვამდე კი – “Newman Popiashvili Gallery“.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, 2013-2017 წლამდე თამუნა ღვაბერიძესთან ერთად “Popiashvili Gvaberidze Window Project” დააფუძნა, რომლის მიზანი იყო თანამედროვე ხელოვნება რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიეტანათ, ამისთვის კი თბილისის აუთვისებელ კომერციულ ვიტრინებს იყენებდნენ. თამუნა ღვაბერიძემ 2018 წლიდან Window Project გალერეა უკვე საგამოფენო სივრცეში გადაიტანა.
ირინას ბოლო პროექტი „კუნსტჰალე თბილისია“, რომელიც მოწვეულ უცხოელ კურატორებთან და არტისტებთან თანამშრომლობას და ამ გზით თანამედროვე ქართული ხელოვანებისთვის ფართო კონტექსტის შექმნას ისახავს მიზნად.
როგორ აისახა პანდემია თქვენს ცხოვრებაზე, გეგმებზე, მუშაობის სტილზე?
დავიწყებ იმით, რომ პანდემიას ნიუ-იორკიდან გამოვასწარი. ქალაქი 13 მარტს დაიკეტა, მე კი 12-ში გამოვფრინდი. თბილისში ჩამოსვლიდან ერთ კვირაში უნივერსიტეტიც დაიხურა და ონლაინ სწავლებაზე გადავედით. ყველანი უჩვეულო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სტუდენტებმა ინსტაგრამ ლაივების გაკეთება დაიწყეს, ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა ახალ ფორმატში. ჯერ არ იყო ციფრული და ონლაინ სივრცით დაღლის მომენტი.
იმავე პერიოდში „კუნსტჰალე თბილისმა“ – ორგანიზაციამ, რომელიც ლიკა ჭკუასელთან ერთად დავაარსე – ანდრო ერაძის ვიდეონამუშევრის განხორციელება დააფინანსა. გამოფენის გახსნა ფიზიკურ სივრცეში იგეგმებოდა, მაგრამ, შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ ფორმატს დავჯერდით. გამოფენა ორ პარალელურ დამოუკიდებელ პროექტს წარმოადგენდა: ანდრო ერაძის ვიდეონამუშევარს და შვეიცარიაში მცხოვრები ეგვიპტელი ხელოვანის ბასიმ მაგდის ცნობილ ვიდეოს (New Acid, 2019). სხვათა შორის, ამ ონლაინ გამოფენამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ანდრო ერაძეს საქართველოს ფარგლებს გარეთ არასდროს უცხოვრია და უსწავლია. ჟურნალმა Artforum-მა, რომელიც დასავლურ სამყაროში ერთ-ერთი წამყვანი სახელოვნებო პუბლიკაციაა, ამ გამოფენისა და, კერძოდ, ანდრო ერაძის ვიდეოს მიმოხილვა გამოაქვეყნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია ამ ხელოვანის პროფესიული წინსვლისთვის. არ ვიცი პანდემიის გამო ონლაინ რომ არ გაგვეკეთებინა ეს გამოფენა, ექნებოდა თუ არა მას ამხელა გამოხმაურება, მაგრამ, ფაქტია, რომ გარკვეული თვალსაზრისით დადებითი მომენტიც ჰქონდა ამ ფორმატს.
იყო რამე, რასთან შეგუებაც იმ პერიოდში განსაკუთრებით გაგიჭირდათ?
მე პირადად ძალიან გამიჭირდა ონლაინ სწავლება. დღემდე არ მტოვებს ამით გამოწვეული ერთგვარი გაორების შეგრძნება: კომპიუტერის წინ ზიხარ, გგონია, რომ სტუდენტების ჯგუფს ელაპარაკები, ამ დროს კი მოიხედავ და, ოთახში მარტო ხარ. ეს აღქმის გაორება სულ მაფორიაქებს და დამაბნეველია.
თქვენს შრომისუნარიანობაზე როგორ იმოქმედა პანდემიურმა პერიოდმა?
VA[A]DS-ის პროგრამის სპეციფიკაა, რომ სწავლის განმავლობაში შუალედურ და სემესტრის შემაჯამებელ გამოფენებს ვაწყობთ ხოლმე. ესენი გადავიტანეთ ონლაინ. ამ სიტუაციაში იმდენად საკუთარ თავზე არ ფიქრობ, რამდენადაც ცდილობ სტუდენტების ინტერესი არ განელდეს. გინდა არ მოდუნდნენ, იმუშაონ. რაც მარტივად თვალშისაცემია, ისაა, რომ აბსოლუტურად შეიცვალა ნამუშევრების თემატიკა. აბიტურიენტები და სტუდენტები გაუთავებლად ხატავენ ჭამის თემას, სამზარეულოებს, ინტერიერებს. ვამბობდი კიდეც, მგონია, რომ ყველას სახლი დავათვალიერე. ასე შეტრიალდა ხედვა და ინტერესის ფოკუსმა ინტერიერებში გადაინაცვლა, ცოტათი კლაუსტროფობიულიც კი გახდა ეს ნამუშევრები. გარდა ამისა, სახელოვნებო განათლების სპეციფიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს საერთო სივრცეში ბევრი ადამიანის ერთად მუშაობას. სტუდენტები ბევრს სწავლობენ ერთმანეთისგან, აკვირდებიან ვინ როგორ აკეთებს ნამუშევარს, ეს მათი გაზრდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ადამიანები ხომ ვბაძავთ ერთმანეთს და ახალგაზრდა ასაკში, მით უმეტეს – ვიღაც რამეს რომ აკეთებს, ეს მოტივაციისთვის ბევრს ნიშნავს. სახელოსნოს სივრცე რომ აღარ ჰქონდათ, ძალიან განვიცდიდი. ჩვენ ზრდასრულები ვართ, ისინი კი ჯერ ფორმირების ეტაპზე არიან. ვატყობ, რომ დაიღალნენ ონლაინ მოცემულობით. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგიერთები სხვა გზით წავიდნენ, მაგალითად, ისინი, ვინც ზამთრის სპორტითაა დაკავებული და, ვთქვათ, სვანეთში დადიოდნენ, სვანეთის კულტურული ტრადიციის თანამედროვე ინტერპრეტაციით დაინტერესდნენ და ძალიან ორიგინალური და საინტერესო გამოფენა გააკეთეს სვანეთის მუზეუმში. ისე გამოვიდა, რომ ყველა არ ჩაიკეტა ინტერიერში.
ამ წუთას რას საქმიანობთ?
ამ ეტაპზე ვასწავლი ორ საგანს და ყოველთვის, როცა ვასწავლი, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონაც ვსწავლობ. თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად მიიღო ახალი ინფორმაცია. ასევე ახლა გავდივარ მუსიკის ინდუსტრიის ჟურნალისტიკის კურსს CES-ში.
ბოლოდროინდელი სიახლეა ისიც, რომ VA[A]DS-ის კურსდამთავრებული და ერთი სტუდენტი წელს ფრანკფურტში ერთ-ერთ საუკეთესო სახელოვნებო სკოლაში ჩაირიცხნენ, სადაც წელიწადში სულ ოც ადამიანს იღებენ. ჩემთვის ეს ძალიან საამაყოა და იმის დასტურია, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ.
სხვა სიახლეებს რაც შეეხება, 2022 წელს გოეთეს ინსტიტუტის დაფინანსებით ოთხი ან ხუთი ახალგაზრდა გალერისტი ან კურატორი უნდა ჩამოვიყვანო, რომლებსაც ჩემს სტუდენტებს და, ზოგადად, ადგილობრივ სახელოვნებო სივრცეს გავაცნობ. ისინი ცალ-ცალკე, ეტაპობრივად ჩამოვლენ. კურატორების არაერთი ჯგუფი ჩამომიყვანია, მაგრამ გამოცდილებით მივხვდი, რომ ინდივიდუალური ვიზიტები უფრო შედეგიანია.
2022 წელი ჩვენთვის გამორჩეული იქნება იმითაც, რომ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს თავისი ფოკუსი საქართველოზე აქვს. მუზეუმს კურატორების კვლევითი ჯგუფი ჰყავს, რომელიც ყოველ წელს ან ყოველ მეორე წელს აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ფოკუს ქვეყანას ირჩევს. წელს ასეთი ქვეყანა საქართველოა. მათთვის ციფრული პრეზენტაცია გავაკეთე კარლო კაჭარავასა და ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებზე. ჩემ გარდა პრეზენტაციების გასაკეთებლად მათ მიიწვიეს ხელოვანები: ნინო ქვრივიშვილი და თეა გვეტაძე, კურატორი ელენე აბაშიძე და ნინა ახვლედიანი, ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე. სავარაუდოდ, გაზაფხულზე ჩამოვლენ ქართული სახელოვნებო სივრცის გასაცნობად.
რამდენად რთულია საქართველოში თანამედროვე ხელოვნების სფეროში მუშაობა?
ის, რასაც მე ვაკეთებ, რასაც აკეთებენ გალერისტები, სხვადასხვა ორგანიზაცია (პროპაგანდა, Obscura, CCA თბილისი), აბსოლუტურად კერძო ინიციატივაა, ჩვენი უმრავლესობა ჩვენივე რესურსითა და ცოდნით ვაკეთებთ რაღაცას და ამან შექმნა საქართველოს დღევანდელი თანამედროვე ხელოვნების სივრცე, რომლითაც თუნდაც ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ინტერესდება. უცნაურია, მაგრამ ერთმანეთისგან გამიჯნულია ის, რაც სახელმწიფოს მიაჩნია ხელოვნებად და ის, რასაც ჩვენ, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვაკეთებთ თანამედროვე ხელოვნების სფეროში. სახელმწიფოსგან, როგორც წესი, ხშირად სრულად იგნორირებულია ჩვენი ნაწილი.
და რა არის ის, რაც სახელმწიფოს მიაჩნია ხელოვნებად?
მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ახლა ხდება იმის გაყალბება, თუ რა იყო ქართული სახელოვნებო სივრცე 80-იან-90-იან წლებში. მუზეუმს, რომელსაც 90-იანი წლების შემდეგ არაფერი შეუძენია, თანამედროვე ხელოვნება არ უყიდია, ახლა გაუჩნდა ინტერესი და დაიწყო 80-იანი წლების ხელოვანების შეძენა. სხვა საკითხია, რას ყიდულობენ. რაღაც სია ხომ უნდა იყოს, პროფესიონალები ხომ უნდა იყვნენ ჩართულები ამ პროცესში?!
2012 წელს, საქართველოში რომ ჩამოვედი, გავაკეთე გამოფენა: ახლებური წარმოდგენა 80-ანებზე. გამოვფინე 25-მდე ხელოვანი. ამ გამოფენას მათი სხვანაირი ლეგიტიმაცია მოჰყვა. ნიუ-იორკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, მინდოდა მეჩვენებინა, რომ, აი, ეს არის თანამედროვე ხელოვნება, აი, ეს ვართ ჩვენ. არის კი ჩვენთან თანამედროვე ხელოვნება? ‒ ეს კითხვა რომ არ დაესვა ვინმეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ გამოფენაზე თავმოყრილი ნამუშევრებით მუზეუმი დაინტერესდებოდა და ეს შეიძლებოდა გამხდარიყო მისი კოლექციის ნაწილი, მაგრამ გამოფენას პოლიტიკური მწვავე ფონი დაემთხვა და ასე არ მოხდა. მე ამას ვუყურებ იმ კონტექსტში, როგორ იქმნება ისტორია. რეალურად, ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხელოვნების ნიმუშებთან ერთად იქ გამოიფინა გურამ წიბახაშვილის 80-იანი წლების ფოტოებიც, რომელიც იმ ეპოქის სულს უჩვენებდა დამთვალიერებელს.
ჩვენი რეგიონული მუზეუმები წამყვანი ქვეყნების დედაქალაქებს შეშურდება. ბოლნისის, ახალციხის, სვანეთის, ვანის მუზეუმები ნამდვილად საამაყო ინსტიტუციებია შესანიშნავი თანამედროვე ექსპოზიციებით. თუმცა აქ მხოლოდ წარსულზეა აქცენტი. ვისურვებდი, რომ ამ მუზეუმებში განხორციელდეს თანამედროვე ხელოვნების ინტერვენციის პროექტებიც. მაგალითად, როგორც რამდენიმე წლის წინ აბრეშუმის მუზეუმმა გააკეთა თბილისში. თანამედროვე ხელოვნების ბაზარი რომ შეიქმნას, ამას სჭირდება ხელშეწყობა. ხელოვანებს სჭირდებათ გამოფენა და საზოგადოებას მათი დათვალიერება. ახალგაზრდა ხელოვანები და თანამედროვე ხელოვნება მომავლისკენაა მიმართული, ამიტომაა აუცილებელი მათ მივცეთ სივრცე, სადაც ამას დავინახავთ. ხომ უნდა გააკეთო რაღაცნაირი პროეცირება როგორი მომავალი შეიძლება გქონდეს. ესაა მომავალზე შემოქმედებითი ვარჯიშები. გამოფენები ეწყობა სახელმწიფო სექტორში, თუმცა ცუდია ის, რომ, ძირითადად, სულ ერთი და იგივე ქართველი ხელოვანების გამოფენები კეთდება. რაღაც გამოცოცხლება სჭირდება პროცესს და ეს გამოცოცხლება ისევ ოფიციალურ სტრუქტურებს მიღმა ხდება.
სად ხედავენ ქართველი ახალგაზრდა თანამედროვე ხელოვანები თავიანთ მომავალს? საქართველოში უნდათ ცხოვრება თუ წასვლას გეგმავენ?
აქ რამდენიმე მომენტია: ერთი ის, რომ მე, რა თქმა უნდა, არასდროს ვეტყვი ვინმეს, არ წახვიდე და არ ისწავლო საზღვარგარეთ-მეთქი, მაგრამ საქართველოში ჩემი ყოფნის მთავარი მიზანი ისაა, რომ ჩემი აზრით, დღევანდელ დღეს აუცილებელი არაა ახალგაზრდა ხელოვანი საქართველოდან მაინცდამაინც ბერლინში, ლონდონში ან ნიუ-იორკში გადავიდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო კარიერა გაიკეთოს. დღეს საქართველოს მსოფლიოში ისეთი ხილვადობა აქვს, რომ სრულიად რეალურია საერთაშორისო კარიერა გაიკეთო ჩვენს ქვეყანაში. ამის მაგალითები არიან ანდრო ერაძე, ნიკა ქუთათელაძე, ნინო ქვრივიშვილი, თამო ჯუღელი, სალომე დუმბაძე, გიორგი ხანიაშვილი და ბევრი სხვა. მათ არ უცხოვრიათ და არ უსწავლიათ საზღვარგარეთ, მაგრამ საერთაშორისო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრში არიან, იფინებიან Cartier-ს ფონდში, საფრანგეთში, მელიკე კარას გალერეაში, ჰამბურგში, საერთაშორისო არტ ბაზრობებზე Liste Art Fair ბაზელში, NADA მაიამიში, მონაწილეობენ სხვადასხვა რეზიდენციაში და ა. შ. ჩვენ პრეცედენტი უნდა შევქმნათ, რომ რომელიმე მათგანი ნამდვილი ვარსკვლავი გახდეს და ეს მერე სხვანაირი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ პროფესიული წარმატებისთვის აუცილებელი არ არის სხვაგან იცხოვრო.
არის მეორე მომენტიც: სახელოვნებო სკოლებში ყველგან გარკვეული საგანმანათლებლო იერარქიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმნიშვნელო არაა იელში ისწავლი, გოლდსმიტში თუ რომელიმე ნაკლებად საინტერესო სახელოვნებო სკოლაში. ამიტომ აქ ვიღაცებზე რომ ამბობენ, წავიდა და ისწავლა გერმანიაშიო, ასე არაა. გერმანიაში სად? ვისთან? მაგასაც აქვს მნიშვნელობა. სად და როგორ იფინები, სულ ერთი არაა. ახლა ხომ არ არის 70-იანი, 80-იანი წლები, როცა ბიოგრაფიაში ეწერათ: გამოიფინა გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში… კონკრეტულად სად? მუზეუმში? საელჩოს მისაღებში?
მაგრამ ეს შეკითხვები მაშინ შეგიძლია დასვა, როცა იცნობ სახელოვნებო სივრცეს. ამ დროს იცი, რომ მარტო უცხოეთში სწავლა ვერ გაგხდის განსაკუთრებულს, ფასეულსა და მნიშვნელოვანს.
და კიდევ ერთი: ძალიან მნიშვნელოვანია, ფართო სპექტრი იყოს მხატვრების, რომელთა შორის ზოგი ტრადიციული მხატვრობის მიმდევარი იქნება, ზოგი თანამედროვე ფორმებზე, მაგალითად, უსაგნო ან ინსტალაციის ხელოვნებაზე იმუშავებს.
დღევანდელ დღეს ერთ-ერთი პრობლემა ‒ საგამოფენო სივრცეების ნაკლებობაა. როგორც იქნა, გაჩნდა თეთრკედლებიანი სივრცეები, რომლებიც ისევ გალერეებმა გააჩინეს. მუზეუმში ჯერ კიდევ ძაფებით გაკიდებინებენ ნამუშევრებს. თანამედროვე ხელოვნება ასე არ იფინება. სანამ რემონტი და კედელი უფრო ძვირფასია, ვიდრე ის, რასაც იქ კიდებ, მანამდე არაფერი შეიცვლება. როდემდე უნდა იყოს, რომ თუ ჯერ ვიღაცამ არ გაღიარა, იქამდე ვერ აფასებ საკუთარს?! ეს დისკურსი ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა: ვიღაც ჩამოვიდა საქართველოში, ჩვენზე ეს თქვა, ეს დაწერა… მე სტუდენტებს ვასწავლი, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავიანთი კონტექსტი, არ უნდა ელოდონ ვიღაც უცხოელ კურატორს და გაუთავებლად არ უნდა ციტირებდნენ სხვას. უნდა იფიქრონ, თავიანთ თავს კითხვები დაუსვან: სად ხედავ მომავალს? ვთქვათ, წახვედი, მერე რას შვები? დაბრუნდი საქართველოში, მერე რას აკეთებ? უცხოეთში სახელოსნო ძალიან ძვირადღირებული ფუფუნებაა. მე ნიუ-იორკში გალერეა მქონდა, მხატვრებთან ვმუშაობდი და ვიცი, რომ მათი უმრავლესობა იძულებული იყო დღის სამუშაო და შემოსავალი ჰქონოდა იმისთვის, რომ პარალელურად ეხატა. იყო ხელოვანი – არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც მარტო იჯდე სახელოსნოში და ჩაფიქრებული რაღაცას აკეთებდე. ესაა მე-19 საუკუნის განსაზღვრება. 21-ე საუკუნეში შენ ყველაფერს აკეთებ და ყველგან საჭირო ხარ შენი შემოქმედებითი აზროვნებით.
ამ ეტაპზე რა არის თქვენი მიზანი და როგორ ხედავთ თანამედროვე ხელოვნების მომავალს საქართველოში რამდენიმე ათეული წლის შემდეგ?
ჩემი სურვილია თბილისი გახდეს რეგიონული ცენტრი თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. ჩვენს ქალაქს აქვს ამის რესურსი. ჩემი ამერიკული წარსულის მიუხედავად, დიდი ინტერესი მაქვს მეზობელი ქვეყნების თანამედროვე ხელოვნებისა და ამ ხელოვნების ურთიერთგაცვლის მიმართ. სომხეთი, აზერბაიჯანი ან შუა აზიის ქვეყნები ფიზიკური თვალსაზრისით გაცილებით ახლოსაა ჩვენთან, ვიდრე, ვთქვათ, გერმანია ან ავსტრია, მაგრამ სათანადოდ მაინც არ ვიცნობთ იმას, რაც დღეს ამ ქვეყნებში იქმნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპული კურსი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მეზობლებს აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ. ჩვენთან არის შესაბამისი სივრცე და თან ისეთი პოზიცია გვაქვს თანამედროვე ხელოვნებაში, შეგვიძლია მათი ხელოვნების ჩვენთან გამოფენა და სხვანაირი დიალოგის დაწყება. ეს ძალიან საინტერესო იქნება. მე მომავალს ასე ვხედავ და მინდა არა მარტო ევროპელები და ამერიკელები ჩამოვიყვანოთ აქ, არამედ, მაგალითად, თანამედროვე სომეხი და ბელორუსი ხელოვანებიც გამოვფინოთ.
ამ წლების განმავლობაში ოდესმე კითხვის ნიშანი დაგისვამთ გადაწყვეტილებისთვის – გამართლებული იყო თუ არა საქართველოში დაბრუნება?
არა, არასდროს. მეკითხებიან ხოლმე, არ გენატრება ნიუ-იორკიო? რა თქმა უნდა, მენატრება, მაგრამ მე მაქვს ერთი კარგი თვისება: არ ვფიქრობ იმაზე, რა იყო. ვაკეთებ აქ, ახლა და ვიყურები წინ.