პოლონეთმა საქართველო კრიტიკული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყო. გრძელდება NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა პანდემიასთან გასამკლავებლად, რაშიც ამჯერად პოლონეთმა შეიტანა წვლილი და საქართველოს 6800 დამცავი ფარი და ხელებისა და მყარი ზედაპირებისთვის. 5400 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გამოუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს საქართველომ კატასტროფაზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს (EADRCC), რომელიც NATO-ს ძირითადი მექანიზმია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, თხოვნით მიმართა. ცენტრი ყოველდღიურად მუშაობს შემოსული თხოვნებისა და დახმარების შეთავაზებების კოორდინირებაზე. EADRCC თხოვნებს იღებს გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა საკოორდინაციო ოფისიდან (OCHA) კრიზისის დაწყების დღიდან და ეხმარება NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს.
NATO-ს განცხადებაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი ოპერატიული პარტნიორი და შედის „გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის“ წევრ ქვეყნებში.
COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად პოლონეთი, ასევე, დაეხმარა სომხეთსა და აზერბაიჯანს, შესაბამისად, 106 000 და 87 000 პოლონური ზლოტის ღირებულების სამედიცინო ნიღბებითა და სადეზინფექციო ხსნარით.