წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას. ვირუსმა წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანებზე, მათ გარემოსა და ყოველდღიურობაზე. მკვეთრად მერყევი ეკონომიკური გარემო შეიქმნა საქართველოშიც, სადაც კერძო სექტორმა უმძიმესი ზარალი განიცადა. კრიზისული მდგომარეობის დასაძლევად აუცილებელი გახდა უმოკლეს დროში სრულიად განახლებული სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რათა რაც შეიძლება უმტკივნეულო ადაპტაცია მომხდარიყო პანდემიით გამოწვეულ ახალ თამაშის წესებთან.
მაშინ, როცა კომპანიათა უმეტესობა ღრმა კრიზისშია ან სულაც გაქრა, გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა ის ადამიანები, რომელებმაც უდიდესი ეკონომიკური დარტყმის მიუხედავად, დანებების ნაცვლად ორმაგი ძალები მოიკრიბეს და თავიანთი ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერეს.
შეკრების ადგილად კი „მეამა“ შევარჩიეთ ვინაიდან ის თავად არის პანდემიური პერიოდის ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი.
ნათია ნინიკელაშვილი – „Soplidan.ge“-ის დამფუძნებელი
რა ახალი გამოწვევების წინაშე დაგაყენათ COVID 19-მა და როგორ წარიმართა ახალ რეალობასთან ადაპტაციის პროცესი?
Soplidan.ge-ის მთავარი გამოწვევა 2020 წელს პანდემიის გამო მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნა იყო. შესაბამისად, ჩვენი პასუხი ეფექტური უნდა ყოფილიყო, რათა ეს ზრდა შეგვენარჩუნებინა და მომხმარებლისთვის იმედები არ გაგვეცრუებინა. ამიტომაც ჩვენი მთელი ძალისხმევა მომართული იყო, რათა მიგვეწოდებინა მაქსიმალურად ახალი და ხარისხიანი პროდუქტი მოკლე დროში. გამოწვევა, ასევე უკავშირდებოდა ჩვენს მომწოდებლებსაც ‒ როცა ყველაფერი ჩაიკეტა, ფერმერებს გაუჭირდათ პროდუქტების ტრანსპორტირება. თუმცა, აქაც გამოვნახეთ გამოსავალი ‒ ვხვდებოდით ქალაქის მისადგომებთან, ვართმევდით ამ პროდუქტებს და ასე თუ ისე წარმატებით ვახდენდით მათ რეალიზებას. მაგალითად, ქალებმა ძალიან კარგი გზა გამონახეს, რათა თავიანთი პროდუქტი მაინც გაეყიდათ, ზოგი ფოსტით გვიგზავნიდა, ზოგი ვიღაცას ატანდა და ასე შევძელით, რომ ზოგიერთი მათგანისთვის რეალიზაციის ერთადერთი წყაროც კი ვიყავით.
რა იყო თქვენთვის ის მთავარი მამოძრავებელი, რათა არ შეგეჩერებინათ წინსვლა?
მთავარი მამოძრავებელი ძალა, ალბათ, მაინც ის იყო, რომ მომხმარებლებს ჰქონდათ ჩვენი იმედი. Soplidan.ge იყო ერთ-ერთი პირველი ქართულ ონლაინ სივრცეში, რომელმაც მომხმარებლისთვის პროდუქტის ონლაინ მიწოდების სერვისი შექმნა. აქედან გამომდინარე, ჩვენს მომხმარებელს იმედი ჰქონდა, რომ ამ მომსახურებას პანდემიის პირობებშიც მოვახერხებდით. ისინი აქტიურად გვწერდნენ და გვირეკავდნენ, მოემარაგებინათ თუ არა პროდუქტები, შევძლებდით თუ არა მათთვის დროულად მიწოდებას. მთავარი იყო, მათთვის სტაბილურობის და იმედის განცდა შეგვექმნა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი სამომავლო გეგმები, ძირითადად, ზრდას უკავშირდება. ლოქდაუნის პირობებში ჩვენზე მომხმარებლის მოთხოვნა 10-ჯერ გაიზარდა და გასული წელი ისე დავხურეთ, რომ, ფაქტობრივად, ხუთმაგი ზრდა გვქონდა. წელს გვინდა, ეს ზრდა შევინარჩუნოთ და არ დავწიოთ ხარისხი. ჩვენი განვითარების გეგმები უკავშირდება ტექნოლოგიურ განვითარებასაც, შევცვალეთ ვებ-გვერდის დიზაინი, მთლიანად განვაახლეთ კონტენტი და ახლა უკვე აპლიკაციის შექმნაზე ვმუშაობთ.