იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერ- მინისტრი შინძო აბე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თანამდებობას ტოვებს.

Photo Credits to Franck Robichon/EPA

აბე წლებია, რაც დაავადებას – წყლულოვან კოლიტს ებრძვის. აღნიშნული დაავადების გამო იგი საავადმყოფოს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ ესტუმრა. ჯანმრთელობის პრობლემის გამო იგი ვერ შეძლებს პარტიის ლიდერის, მაშასადამე პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულებას. მას აღნიშნული თანამდებობა 2021 წლის სექტემბრამდე უნდა დაეკავებინა.

შინძო აბემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას აღარ შეუძლია პრემიერმინისტრობის გაგრძელება. მისივე თქმით, იგი არ არის დარწმუნებული, რომ არსებული მდგომარეობით შეძლებს ხალხის მიერ მისთვის მონიჭებული ვალდებულებების სათანადოდ და პასუხისმგებლობით შესრულებას. ამას გარდა, იგი წუხილს გამოთქვამს, რომ ქვეყანას ვერ დაეხმარება სათანადოდ კორონავირუსისგან მომდინარე გამოწვევების დაძლევაში.

შინძო აბე თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მეორედ ტოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. თავდაპირველად იგი 2007 წელს გადადგა. მიზეზი მაშინაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო.