PMCG: ეკონომიკური დანაკარგი შეზღუდვების თითოეული დღით გახანგრძლივებასთან ერთად იზრდება

Photo Credits to D3sign

PMC კვლევითი ცენტრი ახალ ეკონომიკურ მიმოხილვას „COVID-19-ს გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“ აქვეყნებს.

პანდემიის პირობებში ეკონომიკური პროგნოზის გაკეთებას ბევრი ისეთი გარემოება ართულებს, როგორიცაა ვირუსის გავრცელების დინამიკასა და ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. ამიტომ PMCG-მ პროგნოზები ვირუსის შეკავების ღონისძიებების ხანგრძლივობის სამი სავარაუდო სცენარის მიხედვით შეადგინა: ოპტიმისტური(ეკონომიკური აქტივობა შეჩერებულია 2.5 თვით), ნაკლებად პესიმისტური(4 თვით) და ძალიან პესიმისტური(6 თვით).

გამოთვლების თანახმად, ოპტიმისტური სცენარით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით შემცირდება, ხოლო უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 14.1%-ით გაიზრდება. ნაკლებად პესიმისტური პროგნოზის თანახმად ეკონომიკის კლება 8% იქნება, უმუშევრობა საშუალო რიცხვი კი 17.7%-მდე გაიზრდება. მეტად პესიმისტური სცენარის შემთხვევაში ეკონომიკა 12.9%-ით შემცირდება, ხოლო უმუშევრობა საშუალო დონე 22.7%-მდე მოიმატებს.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად ეკონომიკის ყოველკვირეული დანაკლისი შეზღუდვების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად მატულობს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვების გახანგრძლივება არა მხოლოდ ჯამურ დანაკარგს, არამედ ყოველი მომდევნო კვირის დანაკარგსაც ზრდის.

„შეზღუდვების გაუქმების ეტაპის დროულად და ეფექტურად განხორციელება გადამწყვეტია იმ ეკონომიკური და სოციალური ხარჯის შესამცირებლად, რასაც გატარებული შეზღუდვების ღონისძიებების თითოეული დღე იწვევს“- აღნიშნულია კვლევაში.

ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა ყოველკვირეულად მშპ-ს ზრდის 0.43%-ს დაკარგავს, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით – 0.47%-ს, ხოლო მეტად პესიმისტურის შემთხვევაში – 0.5%-ს.