PMCG – საქართველოში მამაკაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას 37%-ით აღემატება

ორგანიზაცია PMCG საქართველოში სახელფასო გენდერული სხვაობის შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2018 წლის მონაცემებით, ქალისა და მამაკაცის შორის ანაზღაურება 37%-ით განსხვავდება. ხოლო, თუ ტრენდი არ შეიცვლება, ხელფასების სხვაობის აღმოფხვრას 30 წელი დასჭირდება.
ორგანიზაციის მიმოხილვა:

2018 წელს საქართველოში კაცის საშუალო ანაზღაურებამ4 1360.5 ლარი შეადგინა, ქალის ხელფასმა კი 856.2 ლარი, რაც 37.07%-იან სხვაობას ნიშნავს. არათანაბარი ანაზღაურების ანალიზი შესაძლებელია 2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქალის ანაზღაურება კაცთან შედარებით 49%-ით ნაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორი სქესის საშუალო ხელფასების აბსოლიტური სხვაობა თანდათან იზრდება, პროცენტული სხვაობა 2005 წლიდან მოყოლებული მცირდება. 2005-დან 2013 წლამდე ეს სხვაობა 51.06%-დან 36.43%-მდე დაეცა, თუმცა შემდგომ ნახევარი პროცენტით გაიზარდა, რის შედეგადაც მოვედით დღევანდელ 37.07%-თან. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული 10 წლის ტრენდი არ შეიცვლება, ხელფასების სხვაობის აღმოფხვრას 30 წელი დასჭირდება, უკანასკნელი 5 წლის ტრენდის თანახმად, კი ქალისა და კაცის საშუალო ხელფასები არ გათანაბრდება.

2018 წელს, საქართველოს პოტენციურმა სამუშაო ძალამ, 15 წლის და ზევით მყოფი, 3.034 მილიონი ადამიანი შეადგინა. ქალები წარმოადგენენ ამ 15+ მოსახლეობის 53.6%-ს, თუმცა, ამავდროულად სამუშაო ძალის მხოლოდ 46.6%-ს, რაც ნიშნავს, რომ მეტი ქალი არ იღებს მონაწილეობას სამუშაო ძალაში, ვიდრე კაცი. ქალთა აქტიურობის დონე, რომელიც უდრის სამუშაო ძალა გაყოფილი სამუშაო ასაკს მიღწეულ მოსახლეობაზე, 2010 წლიდან დღემდე გაიზარდა 54.4%-დან 55.6%-მდე. აღნიშნული მცირეოდენი ზრდის მთავარი გამომწვევ მიზეზს შესაძლოა, წარმოადგენდეს მოსახლეობის კლება, რადგან თვით სამუშაო ძალაში მყოფი ქალების რაოდენობა არ გაზრდილა. 2018 წლის ქალთა აქტიურობის დონე, რომელიც 55.6%-ს შეადგენს, დამაკმაყოფილებლი რიცხვი არ არის, მითუმეტეს, როდესაც კაცებისთვის აქტიურობის დონე 73.6%-ია. პენსიონერების გამორიცხვის შემთხვევაშიც კი, ქალთა აქტიურობის დონე 77.8%-ია, ხოლო კაცთა – 86.2%. ეს სხვაობა შესაძლებელია გარკვეული სტერეოტიპებით აიხსნას, და ემპირიულ მაგალითებზე დაყრდნობით შესაძლოა ითქვას, რომ დაბალი ატიურობის დონეს გარკვეული წვლილი შეაქვს სახელფასო სხვაობაში.

სახელფასო სხვაობის ერთ-ერთ ამხსნელ მიზეზს შესაძლოა, წარმოადგენდეს ქალთა და კაცთა არაპროპორციული გადანაწილება სხვადასხვა სექტორებში. მარტივი შესამჩნევია, რომ ძირითადად დაბალანზღაურებად სამსახურებში დასაქმებულთა უმეტესობა ქალია. მაგალითად: 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორში ქალები საგრძნობლად მხოლოდ 1 სექტორში აღემატებიან პროცენტულად კაცებს, დაბალანაზღაურებადში კი-3-ში. კერძოდ, კაცები საგრძნობლად ჭარბობენ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა მშენებლობის სექტორი და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორი. საშუალო ხელფასები ამ სექტორებში შეადგენს 1757 და 1513 ლარს, რაც მათ მეოთხე და მეხუთე ყველაზე მაღალანაზღაურებადს ხდის. შედარებისთვის, განათლების სექტორში, რომელიც ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორად ითვლება, დასაქმებულთა 82% ქალია.

ანაზღაურებებს შორის სხვაობა შესაძლებელია დაზუსტდეს საათობრივი მუშაობის გათვალისწინებით. მონაცამებიდან გამომდინარე, ქალი საშუალოდ ნაკლებ დროს უთმობს სამუშაოს, ვიდრე კაცი. შესაძლებელია, საშუალო ხელფასების მონაცემები გადავიყვანოთ 8 საათიანი მუშაობის სტანდარტზე, რის შედეგადაც საათობრივ ფაქტორს გამოვრიცხავთ. საათობრივი ანაზღაურებების შესწორების შემდგომ, ყველა სექტორში სხვაობა ქალთა სასარგებლოდ შემცირდა, გარდა ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორისა. ასევე, ორ სექტორში, განათლებასა და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური დაცვაში ქალების საათობრივი ანაზღაურება კაცებისაზე მაღალი აღმოჩნდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ასევე დიდი წვლილი შეაქვს არათანაბარ ხელფასებში, არის საქმიანობის სახეობა სექტორში. კერძოდ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, სადაც ყვლაზე მეტად არის შესამჩნევი ხელფასებს შორის სხვაობა, ქალების 74.2% მუშაობს ოფისის პერსონალად. ამავდროულად, ამ დაბალანაზღაურებად სამუშაოს კაცების მხოლოდ 56.2% იკავებს. მაღალანაზღაურებად სამუშაოში კი, როგორიცაა სპეციალისტ-პროფესიონალი, კაცების პროცენტული წილი (13%) ორჯერ აღემატება ქალების წილს.

სამწუხაროდ, შეუძლებელია ყველა ნახსენები ფაქტორის გათვალისწინებით გაერთიანებული მაჩვენებლის გამოყვანა, თუ რას უდრის რეალური სხვაობა ქალთა და კაცთა ანაზღაურებებს შორის. თუმცა, არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლოა იმ დასკვნის გამოტანა, რომ ამ სხვაობის გარკვეული ნაწილი გამოწვეულია კაცისა და ქალის განსხვავებული სამუშაო საათებით და სხვადასხვა კარიერული გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ადრეულ ასაკში აკეთებენ. ამ გადაწყვეტილებებზეც შესაძლოა დიდ ზეგავლენას ახდენდეს ტრადიციული ნორმები. აღსანიშნავია, რომ საათობრივი განსხვავების გათვალისწინების შემდგომაც ვერ ხდება სახელფასო სხვაობის აღმოფხვრა. იმ გარემოებების სიღრმისეული ანალიზი, რომლებიც საფუძვლად უდევს სახელფასო სხვაობას მოითხოვს თვისობრივ კვლევას და შესაბამისად, სცდება ამ ბიულეტენის მიზანს.

წყარო: BM.GE