წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას. ვირუსმა წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანებზე, მათ გარემოსა და ყოველდღიურობაზე. მკვეთრად მერყევი ეკონომიკური გარემო შეიქმნა საქართველოშიც, სადაც კერძო სექტორმა უმძიმესი ზარალი განიცადა. კრიზისული მდგომარეობის დასაძლევად აუცილებელი გახდა უმოკლეს დროში სრულიად განახლებული სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რათა რაც შეიძლება უმტკივნეულო ადაპტაცია მომხდარიყო პანდემიით გამოწვეულ ახალ თამაშის წესებთან.
მაშინ, როცა კომპანიათა უმეტესობა ღრმა კრიზისშია ან სულაც გაქრა, გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა ის ადამიანები, რომელებმაც უდიდესი ეკონომიკური დარტყმის მიუხედავად, დანებების ნაცვლად ორმაგი ძალები მოიკრიბეს და თავიანთი ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერეს.
შეკრების ადგილად კი „მეამა“ შევარჩიეთ ვინაიდან ის თავად არის პანდემიური პერიოდის ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი.
ნინო მარგველაშვილი – „კაიკონას“ თანადამფუძნებელი, ნეიროფსიქოლოგი
რა ახალი გამოწვევების წინაშე დაგაყენათ COVID 19-მა და როგორ წარიმართა ახალ რეალობასთან ადაპტაციის პროცესი?
შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა ციფრულ სამყაროსთან. თუ უფრო ნაკლებ დროს და რესურსს ვახმარდით ამ მიმართულებას, ახლა ეს იყო ის საშუალება, რომელიც დაწყებული საქმეების გაგრძელებაში და ადამიანური კავშირების შენარჩუნებაში დაგვეხმარებოდა. ასევე ზუმის მეშვეობით ლექციების დროს აღმოვაჩინეთ, რამდენად მეტ ენერგიას ვხარჯავდით, რომ შეხვედრა დინამიური და ინტერაქციული დარჩენილიყო. უფრო გამძაფრებულად აღვიქვამდით კაიკონელის მზერას და არმზერას და სხეულის მოძრაობას, პოზას, რაც თავისთავად გავლენას ახდენდა ჩვენს საუბრის მანერაზე და მოქნილობაზე. გამოვცადეთ, როგორი რთულია დარჩე და მიიღო ის, რომ ამ პროცესში ბევრ რამეს ვერ აკონტროლებ. ამ რეალობასთან ადაპტაციის პროცესში კი ვსწავლობთ, რომ ნორმალურია, როცა ადამიანი შეხვედრის დროს კამერას არ რთავს, ან პარალელურად ოჯახის საქმეებს უბრუნდება. ვსწავლობთ იმის მიღებას და დაფასებას რაც გვაქვს და როგორებიც ვართ იმ მომენტში, შეწინააღმდეგების გარეშე.
რა იყო თქვენთვის ის მთავარი მამოძრავებელი, რათა არ შეგეჩერებინათ წინსვლა?
ამ პანდემიამ ორ მნიშვნელოვან ღირებულებას მიგვაქცევინა ყურადღება: 1. როგორ შეიძლებოდა ჩვენი პლატფორმის მეშვეობით ჩვენი წილი წვლილი შეგვეტანა ამ საერთო გლოვის და გაურკვევლობის პროცესში: ავირჩიეთ ის, რაც ყველაზე ადვილად გამოგვდის, ის, რასაც თავისთავადად ვიღებდით და დავიწყეთ ბავშვებისთვის წიგნების კითხვა, მერე მშობლებისთვის სასმუსნაოების გაზიარება, შევქმენით წიგნის კლუბი და ყოველკვირეული შეხვედრები წიგნის მკითხველებთან. და 2. შესრულებაზე და შედეგზე ორიენტირებულ, გაზომვად, გამფანტველებით სავსე სამყაროში, როგორ მიგვეპყრო ყურადღება შესვენებებისთვის, როგორ დაგვეფასებინა სიმარტივე, შემოგვეტანა თამაში და სიხალისე, ინტიმურობა, უშუალობა, რომელიც არ იზომება ციფრებით, რომლის განცდა და შეგრძნება ხდება მხოლოდ. შესაბამისად, ეს არის ის, რამაც ცხოვრების ხალისი და სისავსე დაგვიბრუნა ჩვენს კაიკონელებთან ერთად.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი მომავალი საზღვრების და ჩარჩოების მოხსნით წარმოგვიდგენია. პატარ-პატარა ინოვაციები თუ პროექტები პარადიგმული რევოლუციის მოსახდენად ეყრდნობა იდეას, რომ ვენდობით ჩვენთვის უცნობ მომავალს და ღია ვართ ახალი შესაძლებლობების მიმართ; რომ ეს არის ამ ეტაპის ჩვენი ექსპერიმენტი, რომელიც აუცილებლად შესძენს ახალ მნიშვნელობას მთელ „კაიკონას“.