წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას. ვირუსმა წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანებზე, მათ გარემოსა და ყოველდღიურობაზე. მკვეთრად მერყევი ეკონომიკური გარემო შეიქმნა საქართველოშიც, სადაც კერძო სექტორმა უმძიმესი ზარალი განიცადა. კრიზისული მდგომარეობის დასაძლევად აუცილებელი გახდა უმოკლეს დროში სრულიად განახლებული სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რათა რაც შეიძლება უმტკივნეულო ადაპტაცია მომხდარიყო პანდემიით გამოწვეულ ახალ თამაშის წესებთან.
მაშინ, როცა კომპანიათა უმეტესობა ღრმა კრიზისშია ან სულაც გაქრა, გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა ის ადამიანები, რომელებმაც უდიდესი ეკონომიკური დარტყმის მიუხედავად, დანებების ნაცვლად ორმაგი ძალები მოიკრიბეს და თავიანთი ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერეს.
შეკრების ადგილად კი „მეამა“ შევარჩიეთ ვინაიდან ის თავად არის პანდემიური პერიოდის ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი.
მაკა კვიციანი – ანტრეპრენერი
რა ახალი გამოწვევების წინაშე დაგაყენათ COVID 19-მა და როგორ წარიმართა ახალ რეალობასთან ადაპტაციის პროცესი?
როგორც მოგეხსენებათ, COVID-19 პანდემიამ ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიო მოდის ინდუსტრია. კომპანიების უმრავლესობისთვის 2020 წელი იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. თუმცა, პანდემიის დასაწყისშივე ჩვენი კომპანია შეეცადა უფრო კომპლექსურად შეეხედა პრობლემისთვის და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება სწრაფად მოეხდინა. შესაბამისად, კრიზისის გადასალახი დაუყოვნებლივი „აუცილებელი“ გადაწყვეტილებების მიღმა შევეცადეთ მაქსიმალურად შეგვემცირებინა უარყოფითი მხარე და შორ პერსპექტივაზე მორგებული გადაწყვეტილებები მიგვეღო. პირველი გამოწვევა იყო თანამშრომლების ჯანმრთელობა, მათი უსაფრთხოება და, ამავდროულად, მათთვის სამსახურის შენარჩუნება, რაც აბსოლუტური პრიორიტეტია ჩვენთვის. ყოველივე ეს მოითხოვს ახალი პროცესებისა და პოლიტიკის შემოღებას, რიგი ტექნიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას. როგორიც არის, მაგალითად, დისტანციური სამუშაო, თანამშრომლების სტაბილური ცვლა, მომხმარებელთა დაცვა, მკაცრი ჰიგიენის წესები სათაო ოფისსა თუ მაღაზიაში, ონლაინ შეკვეთების დამუშავებისა და მიწოდების მიზნით უსაფრთხოების ახალი პროცედურები და სხვა მრავალი. თუმცა, არსებობს გამოწვევები, მაგალითად, ლოგისტიკური პრობლემები, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და შედარებით რთულია მათთან გამკლავება. დღესდღეობით გზავნილს დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად მინიმუმ ერთი თვე ესაჭიროება, შესაბამისად, აღნიშნული დიდ სირთულეებს გვიქმნის შოურუმებთან/მაღაზიებთან თანამშრომლობის და ონლაინ გაყიდვების თვალსაზრისით.
რა იყო თქვენთვის ის მთავარი მამოძრავებელი, რათა არ შეგეჩერებინათ წინსვლა?
პრობლემასთან თვალის გასწორებამ, სრულად გააზრებამ, რომ დღეს ადამიანები ვიმყოფებით ომში და რადგან ომში ყოველთვის არის დამარცხებული და გამარჯვებული, გამიჩინა პროტესტის განცდა და გამარჯვების სურვილი. შესაბამისად, მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, რომ ბრძოლაში არ უნდა დავმარცხებულიყავით. ეს განცდა განსაკუთრებულად მძაფრდება, როცა შენს გარდა უამრავი ოჯახი შეიძლება დაზარალდეს და როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მრავალი ადამიანის ყოველდღიურ შემოსავალზე ხარ პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, მთელი ძალისხმევით ვეცადეთ, რომ „დალოოდს“ არ შეეჩერებინა ფუნქციონირება და თანამშრომლებს სრულფასოვნად გაეგრძელებინათ სამუშაო პროცესი. სწორედ ამიტომ, დამატებითი შემოსავლების გაჩენის მიზნით, პარალელურად წამოვიწყე ორი განსხვავებული ბიზნესი, ერთი კოსმეტიკის ბიუთი ხაზი და მეორე კვების მიმართულებით, „ლისკარელი“ ჩემი ახალშობილი შვილია, რომელიც ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად ჩამოვაყალიბე, ავთენტური რეცეპტებით დამზადებული პროდუქცია და, რაც მთავარია, „ლისკარელის“ ყველა პროდუქტი შექმნილია ხელოვნური მინარევებისა და დანამატების გარეშე. ასევე გავაქტიურდით ელექტრონული კომერციის ბიზნესის მიმართულებით და გავაუმჯობესეთ ჩვენი ონლაინ პლატფორმები, შევიძინეთ ახალი ონლაინ პარტნიორები. 2020 წელი მრავალი გადაფასების, შეფასების და ცვლილებების წელი იყო, რაც ბევრი მიმართულებით დადებითადაც აისახა ჩვენს კომპანიაზე.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მოგეხსენებათ, მოდის ბრენდებისთვის ციფრული მარკეტინგი ფუნდამენტურ როლს შეასრულებს მომავალში, არა მხოლოდ მომხმარებლის ჩართულობის შენარჩუნების და ონლაინ გაყიდვების გაღრმავების კუთხით, არამედ მომხმარებლების მოზიდვის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, ამ მიმართულებით განვითარება პრიორიტეტად რჩება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ადამიანი ფუნდამენტურად განსხვავებულ სამუშაო გარემოს დაუბრუნდება. კომფორტი შეიძლება გახდეს მთავარი საკითხი ტანსაცმლის შეძენაში. “Casual-wear” ტენდენცია, რომელიც კრიზისამდე უკვე ტრენდული იყო, შეიძლება კიდევ უფრო აქტუალური გახდეს. შეიძლება შეიცვალოს პირადი მოვლის საშუალებებშიც, რადგან მომხმარებლები სულ უფრო და უფრო აქცენტს აკეთებენ პროდუქტის უსაფრთხოებაზე, ხარისხზე და ორგანულ ან ბუნებრივ ინგრედიენტებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია „დალოოდის“ მომავალი გეგმებიც ბაზარზე ახალი გამოწვევების/ტენდენციების მორგებას და შესაძლებლობების მოზიდვას უკავშირდება.