„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

ფოტო: medirect.com

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. კამპანიას საფუძველი 1990-იან წლებში ჩაეყარა. მისი მიზანი ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის გზით ამ ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების დამარცხებაა.

დროთა განმავლობაში კამპანიამ ფართო ხასიათი მიიღო, მის ატრიბუტად კი ვარდისფერი ლენტი იქცა, როგორც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო. დღესდღეობით „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კომპანიები თუ ორგანიზაციები ქალებს აღნიშნული დაავადების სკრინინგსა და პრევენციასთან დაკავშირებულ პროგრამებსა თუ აქციებს აქტიურად სთავაზობენ. თუმცა, მიუხედავად მცდელობისა, ძუძუს კიბო კვლავ რჩება ქალებში სიმსივნესთან დაკავშირებული სიკვდილის ყველაზე ხშირ და ძირითად გამომწვევ მიზეზად.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ძუძუს კიბოთი დაავადებულთა გადარჩენის მაჩვენებელმა, სკრინინგის მიმართვიანობის ზრდისა და სიმსივნის ადრეული გამოვლენის შედეგად, საგრძნობლად იმატა. გარდა ამისა, პროგრესი შეინიშნება ძუძუს კიბოს სამკურნალო თერაპიების შემუშავების მიმართულებით ჩატარებულ კვლევებშიც. მსგავსი წინსვლისა და ინფორმირებულობის ზრდის მიუხედავად, ძუძუს კიბოს შემთხვევები ქალებში კვლავ იმატებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს ძუძუს კიბოს დიაგნოზი გლობალურად დაახლოებით 2.3 მილიონ ქალს დაუსვეს. ამავე წელს აღნიშნულმა დაავადებამ 685,000 ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლების სადინარების (85%) ან ლობულების (15%) ეპითელიუმში წარმოიქმნება. თავდაპირველად, სიმსივნე სწორედ სადინარში ან ლობულში იზრდება და ჩვეულებრივ, სიმპტომებით არ ვლინდება. თუმცა, დროთა განმავლობაში, ის შეიძლება პროგრესირდეს და მკერდის მიმდებარე ქსოვილებიც მოიცვას, შემდეგ კი ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში ან სხეულის სხვა ორგანოებში გავრცელდეს. ძუძუს კიბოთი გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სწორედ მეტასტაზების გავრცელებაა.

ძუძუს კიბოს მკურნალობა შესაძლოა საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ დაავადებასთან ბრძოლა ადრეულ ეტაპზე დაიწყება. მკურნალობა ხშირად მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიასა და მედიკამენტების კომბინაციას. ასეთი მეთოდები ხელს უშლის კიბოს ზრდას და მის გავრცელებას, რაც სიცოცხლის გადარჩენის წინაპირობაა.

რაც შეეხება ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ესენია ასაკის მატება, ჭარბი წონა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, გენეტიკა, რადიაციული ზემოქმედების ისტორია, რეპროდუქციული ისტორია, თამბაქოს მოხმარება და სხვა.

საპირისპიროდ, ძუძუს კიბოთი დაავადების რისკს ამცირებს რეგულარული ფიზიკური აქტივობა, წონის კონტროლი, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმა, თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან თავის არიდება, ჰორმონების ხანგრძლივ გამოყენებაზე უარის თქმა, ზედმეტი რადიაციული ზემოქმედების თავიდან არიდება.

იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურად მოდიფიცირებადი ყველა რისკ-ფაქტორის კონტროლს შევძლებთ, ეს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.