როდესაც ბიზნესის ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია – უსული | ინტერვიუ სოფია ლაპიაშვილსა და მაკა ნოსელიძესთან

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მკვეთრად გაიზარდა, რის მთავარ მიზეზადაც კლიმატის ცვლილებები სახელდება. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი გარემოზე ადამიანის ზეგავლენაა. სტატისტიკურად ერთი პოლიეთილენის პარკის გახრწნას, დაახლოებით, 5 საუკუნე სჭირდება. სწორედ ამ პრობლემის გარშემო განვითარდა „ფარმადეპოს“ მორიგი გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის მთავარი მესიჯია „ჩვენი ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია“. ამ მოტივით შეიქმნა პირდაპირპროპორციულობის სიმბოლო და დაიწყო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ერთიანდება ეკოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარემოს დაბინძურების პრობლემა საწარმო ნარჩენებითა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით საქართველოშიც მწვავედ დგას, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოსდაცვითი და ეთიკური ბიზნესის მოძრაობები, რომლებიც ბოლო წლებში გააქტიურდნენ. ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერას „ფარმადეპოსთან“ ერთად Forbes Woman Georgia უერთდება და წარმოგიდგენთ ბიზნესებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ გარემოსა და ადამიანებზე.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

მეგობრებისა და ნაცნობებისგან ძველი ნივთების შეგროვება და ნარჩენების გადამუშავება ერთ-ერთი გზაა, იზრუნო გარემოზე. სოფია ლაპიაშვილი და მაკა ნოსელიძე ნაჭრებისა და ტყავის ნარჩენებისგან ვინტაჟურ ფეხსაცმელებსა და ჩანთებს ქმნიან და ბუნებას ახალ სიცოცხლეს, ადამიანებს კი დახვეწილ აქსესუარებს ჩუქნიან.

როგორ დაიწყეთ ბიზნესი, რა იყო თქვენი ინსპირაცია, რა გზა გაიარეთ და განვითარების რა ეტაპზეა თქვენი ბიზნესი ახლა?

წვდომა გვქონდა ნაჭრების და ტყავების ნარჩენებთან, რომლებიც დიზაინერებს უგროვდებოდათ. დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდით, მათგან რა გაგვეკეთებინა. სწორედ ეს ქსოვილები გახდა ჩვენი ინსპირაცია და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ შევჯერდით ფეხსაცმლის წარმოებაზე. სანამ წარმოებას დავიწყებდით, მრავალ სირთულეს წავაწყდით. რთული აღმოჩნდა სასურველი ხარისხის მიღება და საერთოდ ქსოვილის გამოყენება. ამ ეტაპზე უკვე რამდენიმე მოდელს ვაწარმოებთ და, ასევე, ხელით მოხატული ფეხსაცმელიც გვაქვს, რომელიც არის ქალ მხატვრებთან კოლაბორაციით შექმნილი და ლიმიტირებულია.

რა ნაბიჯების გადადგმით გეგმავთ, ხელი შეუწყოთ გარემოსდაცვით საქმიანობას?

ჩვენი პროექტი სრულად აგებულია გარემოსდაცვის პრინციპზე. ვაგროვებთ ნარჩენებს და ვქმნით ახალს. მოდის ინდუსტრია ნარჩენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია, რაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ამიტომაც, ვცდილობთ, (ჯერჯერობით ადგილობრივად) მათი ნარჩენები ნაგავსაყრელის მაგივრად მოხვდეს ჩვენს სახელოსნოში და შევქმნათ ახალი ფეხსაცმელი და ჩანთები, რომლების ძალიან განსხვავებულია, როგორც ბაზარზე არსებული პროდუქციისგან, ასევე, იშვიათად თუ მოხერხდა ორი ერთნაირის შეკერვა. ამიტომაც იცი, რომ ყველა უნიკალურია.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-სექტორი ხელს უწყობდეს გარემოს დაცვას და რა ნაბიჯებს დგამთ თქვენ ამ მიმართულებით?

ზოგადად, მგონია, რომ ყველა მოქალაქის და არა მხოლოდ ბიზნესების პასუხისმგებლობაა, იზრუნოს გარემოზე და თავისი წვლილი შეიტანოს მის დაცვაში, რადგანაც მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ამიტომაც, ჩვენ ვცდილობთ, იმის გარდა, რომ თავად შევქმნათ ეკომეგობრული პროექტი, ასევე, მომხმარებელს გავაცნოთ ჩვენი კონცეფცია და ავამაღლოთ მათი ცნობიერება ამ მიმართულებით. ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას არა მხოლოდ მისი ვიზუალის და ხარისხის გამო შეიძენს, არამედ, ასევე, მისი კონცეფციისა და გარემოზე ზრუნვის გამო.

რას ნიშნავს თქვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რა აქტივობებს გეგმავთ ამ თვალსაზრისით სამომავლოდ?

ვინაიდან ნარჩენებისგან ვქმნით პროდუქტს და ამით ვამცირებთ ნაგვის წარმოებას, რაც თავისთავად მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოზე, ეს უკვე არის ჩვენი პასუხისმგებლობის აღება და სამომავლოდაც იმავეს გავაგრძელებთ.

სამუშაო პროცესში რა გზებით ცდილობენ კომპანიის თანამშრომლები, იყვნენ უფრო ეკომეგობრულები?

ჩვენს კომპანიას ამ ეტაპზე ორი ადამიანი წარმოვადგენთ და ორივეს ერთი და იგივე პრინციპი გვამოძრავებს – „შევამციროთ ნარჩენები“, ჩვენ ვაგროვებთ დიზაინერებისგან ნარჩენ ნაჭრებს და, ასევე, მეგობრებში გამოუყენებელ ვინტაჟურ ქსოვილებს, რათა არ მოხვდნენ ისინი ნაგავსაყრელზე და მივცეთ მათ ახალი სიცოცხლე, კონკრეტულად კი, ვქმნით ამ ეტაპზე ფეხსაცმელსა და ჩანთებს.