აპლიკაცია WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერისა და “მესიჯინგ ინფრასტრუქტურის” ყოფილი დირექტორის, Eugene Fooksman-ის, ოჯახმა ინვესტიციები Phubber-ის განვითარებაში ჩადო.
“ფაბერის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ანანო დოლაბერიძეა, რომელიც მიღწეული წარმატებების შესახებ თავად გვიამბობს:
““ფაბერი” 2019 წელს დავაფუძნეთ მე და გიროგი ჩუგოშვილმა. იდეა, რა თქმა უნდა, “ფაბერის” მსგავსი აპლიკაციებისგან მოვიდა, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, გაყიდოს ან იყიდოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ სხვადასხვა აქსესუარი.მე 10-წლიანი გამოცდილება მაქვს მოდის ინდუსტრიაში. დავიწყე ყველაფერი მოდის ბლოგით, შემდეგ ვიყავი ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის გენერალური მენეჯერი, ვმუშაობდი ZARA-ში Visual Merchandiser-ად, მოდის სტილისტი, რედაქტორი და თბილისის მოდის კვირეულზე საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის ხელმღვანელი.
გიორგი ჩუგოშვილს, ასევე, 10-წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსების, ტექნოლოგიებისა და დეველოპმენტის მიმართულებით ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა “თიბისი”, Alta Software, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი.
“ფაბერის” შექმნის დღიდან დღემდე გვყავს 70 000 რეგისტრირებული მომხმარებელი და 100 000-ზე მეტი ნივთი ატვირთული პლატფორმაზე, რაც ოფიციალურად გვაქცევს ყველაზე დიდ ტანსამცლის ონლაინ-მაღაზიად საქართველოში.
აპლიკაციის ჩაშვებიდან მალევე მოვიგეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიანი გრანტი და გავხდით USAID-ის რჩეული კომპანია, რის საფუძველზეც 1 თვიანი აქსელერაციის პროგრამა გავიარეთ “სილიქონ ველიზე”.
რადენიმე თვის წინ GITA-ს 650 000 ლარიანი პროგრამის დაფინანსებაც მოვიპოვეთ. მოვხვდით მსოფლიო უმსხვილესი აქსელერატორის 500 startups-ის 15 რჩეულ კომპანიას შორის, რომელიც საქართველოს ბანკისა და GITA-ს დახმარებით ხორციელდება.
ასევე, უკვე ცნობილია, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე გადავედით და ტოპ 5 გამარჯვებულებს შორის ერთ-ერთი სწორედ “ფაბერია”. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინვესტიციების მოზიდვის პირველივე ეტაპზე ჩვენი ინვესტორია იუჟინ ფუკსმანი, რომელიც WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი და მეწილე იყო 8 წლის განმავლობაში.
ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური სტარტაპისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინვესტორის ყოლა კომპანიის საწყის ეტაპზე, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის სამომავლო განვითარებაში.
მოზიდული ინვესტიცია მთლიანად მოხმარდება კომპანიის განვითარებას, ტექნოლოგიის დახვეწასა და პროცესების ავტომატიზაციას, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ შევძლოთ სხვა ქვეყნებში გასვლა და ეფექტურად ოპერირება.”