უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მკვეთრად გაიზარდა, რის მთავარ მიზეზადაც კლიმატის ცვლილებები სახელდება. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი გარემოზე ადამიანის ზეგავლენაა. სტატისტიკურად ერთი პოლიეთილენის პარკის გახრწნას, დაახლოებით, 5 საუკუნე სჭირდება. სწორედ ამ პრობლემის გარშემო განვითარდა „ფარმადეპოს“ მორიგი გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის მთავარი მესიჯია „ჩვენი ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია“. ამ მოტივით შეიქმნა პირდაპირპროპორციულობის სიმბოლო და დაიწყო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ერთიანდება ეკოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარემოს დაბინძურების პრობლემა საწარმო ნარჩენებითა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით საქართველოშიც მწვავედ დგას, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოსდაცვითი და ეთიკური ბიზნესის მოძრაობები, რომლებიც ბოლო წლებში გააქტიურდნენ. ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერას „ფარმადეპოსთან“ ერთად Forbes Woman Georgia უერთდება და წარმოგიდგენთ ბიზნესებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ გარემოსა და ადამიანებზე.
კერამიკაზე მუშაობა რთული და ფაქიზი სამუშაოა, რომელიც დიდ ძალისხმევას და მოთმინებას მოითხოვს. ერთდროულად აწარმოო წარმატებული ბიზნესი და ხარისხიანი პროდუქცია რთული ამოცანაა, თუმცა კერამიკ სტუდიოს დამფუძნებლებმა, ტასო გომელაურმა და ირინა ჯიბუტმა, რთულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს და თავიანთ გამოცდილებას Forbes Woman Georgia-ს მკითხველს უზიარებენ.
როგორ დაიწყეთ ბიზნესი, რა იყო თქვენი ინსპირაცია, რა გზა გაიარეთ და განვითარების რა ეტაპზეა თქვენი ბიზნესი ახლა?
ორივე პროფესიით კერამიკოსები ვართ და ორივეს ერთი და იგივე სურვილი და მოტივაცია გვაკავშირებდა ‒ გვქონოდა ჩვენი საკუთარი სახელოსნო, სადაც ვიმუშავებდით ჩვენს კერამიკულ ობიექტებზე. 2015 წელს გავხსენით სახელოსნო, თავიდან არანაირი ბიზნეს იდეა არ გვქონდა, უბრალოდ მთელ დღეს სახელოსნოში ჩვენი საქმის კეთებაში ვატარებდით. სულ მალე გაგვიჩნდა ბევრი გულშემატკივარი და მივიღეთ რამდენიმე პროექტი თბილისის კაფერესტორნებისგან. თანდათანობით პროექტები და შეკვეთები იზრდებოდა და ორიენტაცია ავიღეთ ხარისხიან ხელნაკეთ ჭურჭელსა და ინტერიერის გამოყენებით ობიექტებზე. მოთხოვნა დღითიდღე იზრდებოდა, შესაბამისად, ამან მოითხოვა სახელოსნოს რესურსის გაზრდა, შევიცვალეთ მდებარეობა და დავიმატეთ კერამიკული დანადგარები. ასევე, დავიმატეთ თანამშრომლები და დღეს ჩვენი სახელოსნო შედგება 10 თანამშრომლისგან. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო გუნდი გვყავს, რომელსაც ისე უყვარს საკუთარი საქმე, როგორც ჩვენ. ვფიქრობთ, რომ ბიზნესის განვითარების გარდა კერამიკის დარგის განვითარებაშიც მივიღეთ მონაწილეობა, რაც ჩვენი უმთავრესი მოტივატორია. სულ მალე ახალ სახელოსნოს ვხსნით რეგიონში, რაც ასევე შეუწყობს ხელს კერამიკის, როგორც დარგის განვითარებას და რეგიონის მოწყვლადი ჯგუფის ამ მიმართულებით განვითარებას.
რა ნაბიჯების გადადგმით გეგმავთ, ხელი შეუწყოთ გარემოსდაცვით საქმიანობას?
მოგეხსენებათ, კერამიკა არის თიხისგან, თიხისმაგვარი მასალებისგან, ბუნებრივი ნედლეულებისგან და ჟანგეულებისგან გამოწვის შედეგად მიღებული ნივთი. ჩვენ ვცდილობთ, მოვიხმაროთ მაქსიმალურად ხარისხიანი მასალები, რომლებშიც არ შედის მძიმე მეტალები ან რაიმე ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელობისათვის და გარემოსთვის საზიანოა.
ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-სექტორი ხელს უწყობდეს გარემოს დაცვას და რა ნაბიჯებს დგამთ თქვენ ამ მიმართულებით?
ვფიქრობთ, გარემოს დაცვა არა მხოლოდ ბიზნეს სექტორის, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. თუმცა, კორპორაციებს და კომპანიებს, ალბათ, მეტი პასუხისმგებლობა აქვს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ჩვენი ახალი ბიზნეს-სახელოსნო იქნება მაქსიმალურად სწორად განაწილებული. ამით დავიცავთ გარემოს და თანამშრომლების უსაფრთხოებას.
რას ნიშნავს თქვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რა აქტივობებს გეგმავთ ამ თვალსაზრისით სამომავლოდ?
ჩვენთვის, როგორც კომპანიის დამფუძნებლებისთვის, უპირველესად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლებისათვის შევქმნათ უსაფრთხო და დაცული გარემო და, ასევე, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი მომხმარებლების მიმართ, რომ ჩვენ მიერ შექმნილი კერამიკული პროდუქტი, რომელსაც ისინი მოიხმარენ, იყოს ხარისხიანი და შეესაბამებოდეს მსოფლიო კერამიკის ასოციაციის მიერ დადგენილ ნორმებს. ამ კუთხით მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, მივაგნოთ კერამიკის მასალების უკეთეს და ხარისხიან მწარმოებლებს, რადგან სამწუხაროდ, ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს. ასევე, ვეძებთ და ანალიზს ვუკეთებთ ქართულ ნედლეულს და სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენ თვითონვე ვაწარმოოთ ქართული თიხა შესაბამისი ნორმების დაცვით.
სამუშაო პროცესში რა გზებით ცდილობენ კომპანიის თანამშრომლები, იყვნენ უფრო ეკომეგობრულები?
მიუხედავად იმისა, რომ მასალა, რომელსაც მოვიხმართ, არის ბუნებრივი, თიხაში და კერამიკის საღებავებში შემავალი ნივთიერებები გამოწვის დროს ერთმანეთთან ურთიერთქმედებით გამოყოფენ ადამიანის სასუნთქი სისტემისთვის მავნე ნივთიერებებს. ამიტომ ჩვენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რათა არ დავაზიანოთ გარემო დამატებითი ფაქტორებით, ვცდილობთ, არ გამოვიყენოთ პოლიეთილენის პარკები, დავზოგოთ წყლის რესურსები და ა.შ.