ჰოლანდიელი დექექტივები პანდემიის დროს მოპარული ვან გოგის ნახატის ფოტოებს იკვლევენ. მასალა პოლიციას ხელოვნების ცნობილმა დეტექტივმა, არტურ ბრენდიმ, გადასცა. მან განაცხადა, რომ ფოტოები მაფიის წრეებში ტრიალებდა და ხელში ანონიმური წყაროს მეშვეობით ჩაუვარდა. სურათებზე ნახატი ძარცვის დღეს გამოცემულ “ნიუ იორკ თაიმსთან” ერთად ჩანს.
მოპარული ნახატი “Parsonage Garden at Nuenen in Spring” 5 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული. ხელოვნების ნიმუში 30 მარტს, მხატვრის დაბადების 165-ე წლისთავზე, ამსტერდამთან ახლოს მდებარე სინგერ ლარენის მუზეუმიდან მოიპარეს.
პოლიციამ ძარცვის ამსახვერი სათვალთვალო კამერების ჩანაწერი აპრილშივე გამოაქვეყნა. კადრებზე ჩანს, რომ ქურდი მუზეუმში მოტოციკლით მივიდა, შუშის კარი შეამტვრია და მარჯვენა ხელში ნახატით გაიქცა.
ნიდერლანდების სამეფოს პოლიციის სპიკერის განცხადებით, ფოტოები ახლა გამოძიების ნაწილია. წარმოდგენილ მასალაზე ნახატის უკანა მხარეცაა აღბეჭდილი, რაც მის ავთენტურობას ადასტურებს. ბრენდის მიერ მოპოვებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ნახატის ქვედა ნაწილი მცირედ დაზიანებულია.
“ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ავთენტური ნიმუშია”, – ამბობს ბრენდი, – “სავარაუდოდ, ისინი მყიდველს კრიმინალურ სამყაროში ეძებენ.”
აღსანიშნავია ისიც, რომ 2007 წელს ამავე მუზეუმის ეზოდან შვიდი სკულპტურა მოიპარეს. მათი ჯამური ღირებულება 1.3 მილიონ ევროს შეადგენდა. ამ საქმეზე 2010 წელს ორ მძარცევლს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა, გასაჩივრების შემდეგად კი მათ სასჯელი შეუმსუბუქდათ.