უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მკვეთრად გაიზარდა, რის მთავარ მიზეზადაც კლიმატის ცვლილებები სახელდება. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი გარემოზე ადამიანის ზეგავლენაა. სტატისტიკურად ერთი პოლიეთილენის პარკის გახრწნას, დაახლოებით, 5 საუკუნე სჭირდება. სწორედ ამ პრობლემის გარშემო განვითარდა „ფარმადეპოს“ მორიგი გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის მთავარი მესიჯია „ჩვენი ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია“. ამ მოტივით შეიქმნა პირდაპირპროპორციულობის სიმბოლო და დაიწყო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ერთიანდება ეკოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარემოს დაბინძურების პრობლემა საწარმო ნარჩენებითა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით საქართველოშიც მწვავედ დგას, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოსდაცვითი და ეთიკური ბიზნესის მოძრაობები, რომლებიც ბოლო წლებში გააქტიურდნენ. ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერას „ფარმადეპოსთან“ ერთად Forbes Woman Georgia უერთდება და წარმოგიდგენთ ბიზნესებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ გარემოსა და ადამიანებზე.
„ფარმადეპოს“ ყოველდღიურობაში დიდი ხანია, რაც სოციალურ პროექტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კომპანიის გუნდი ერთიანი ძალებით ცდილობს იზრუნოს მოსახლეობისა და გარემოს კეთილდღეობაზე, ხოლო „ფარმადეპოს“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის საქმიანობის შესახებ უფრო დეტალურად კომპანიის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნიკი გობეჯიშვილი გვესაუბრება.
ფარმადეპო უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. რა როლი უჭირავს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას კომპანიის განვითარებაში?
უკვე 13 წელია „ფარმადეპოს“ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. კომპანია მუდმივად ცდილობს სხვადასხვა CSR სტრატეგიის შემუშავებას და ამ მიმართულების კიდევ მეტად გაძლიერებას, რაც საბოლოოდ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობასა და ბუნებრივი თუ სოციალური გარემოს განვითარებაზე. ამ მიმართულებით კომპანია მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომლებიც მიმართულია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისკენ. ფარმადეპო არაერთხელ გამხდარა მისაბაძი, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.
რას ნიშნავს ფარმადეპოსთვის გარემოსდაცვითი საქმიანობა და რა არის პროექტის „ჩვენი ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია“ არსი?
სტატისტიკის მიხედვით, პოლიეთილენის პარკის გახრწნას დაახლოებით 5 საუკუნე სჭირდება. შესაბამისად, მისი გამოყენებით ადამიანები სამი მიმართულებით ახდენენ გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას ‒ ვაზიანებთ ჰაერს, მიწას და წყალს, აქედან გამომდინარე კი, საფრთხეს ვუქმნით ცხოველებს, წყლის ბინადრებს, ფრინველებსა და მცენარეებს.
სწორედ ამ პრობლემის გარშემო განვითარდა ფარმადეპოს მორიგი გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის მთავარი მესიჯი იყო „ჩვენი ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია“. ამ მოტივით შეიქმნა პირდაპირპროპორციულობის სიმბოლო და დაიწყო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები. პროცესში აგრეთვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობის წახალისების მიზნით ნაჭრის ჩანთებზე დავიტანეთ სპეციალური შტრიხკოდები, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელი იღებდა სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებას. აღსანიშნავია, რომ ფარმადეპოში წარმოდგენილია მრავალი ეკო-მეგობრული ბრენდი, განსაკუთრებით პარაფარმაციის მიმართულებით, როგორებიცაა: ალკმენე, ლა კუღ-ბოტე, ბოდი შოპი და სხვა. ეს ის ბრენდებია, რომლებიც ზრუნავენ გარემოზე.
რა გზებით ცდილობთ თქვენი ეკომეგობრული და სოციალური კამპანიების პოპულარიზებასა და მასში მეტი ადამიანის ჩართვას?
ფარმადეპო იყო პირველი კომპანია, რომელმაც პოლიეთილენის პარკები ჩაანაცვლა ქაღალდის ეკოპარკებით. ვაწარმოეთ კამპანია – „მწვანე ფარმადეპო“ – რომელიც პოლიეთილენის პარკების გამოყენების წინააღმდეგ იყო მიმართული და მიზნად ისახავდა მომხმარებლების მოტივირებას, მინიმუმამდე დაეყვანათ პოლიეთილენის გამოყენება. ამ წამოწყების ფარგლებში, ფარმადეპომ მომხმარებელს ნაჭრის ჩანთები შესთავაზა, რომელთა შიდა მხარე გაფორმებული იყო მოტივაციური მესიჯებით – „ასობით გადარჩენილი თოლია“, „ასობით გადარჩენილი დელფინი“ და სხვა; ჩანთიდან ნივთის ამოღებისას მომხმარებელს ყოველთვის გაახსენდება, რომ ამით გარემოს დაცვას აქტიურად უწყობს ხელს.
რა ღირებულებების გარშემო ცდილობს კომპანია, გააერთიანოს ბიზნეს-სექტორი და ადამიანები?
ფარმადეპოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესი იყოს ხალხისთვის და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მრავალი პროექტი დაგვიგეგმავს. აღსანიშნავია „მედიკამენტები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად“, რომლის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, უმაღლესი ხარისხის ევროპული მედიკამენტები შეიძინონ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.
ჩვენი ერთ-ერთი საამაყო სოციალური პროექტია აფთიაქის გახსნა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, რომლის გახსნის სურვილი თავად მოსახლეობისგან მომდინარეობდა და როდესაც ეს ინიციატივა მივიღეთ, ჩვენთვის განსაკუთრებულად პრინციპული გამოდგა ამ პროექტზე მუშაობა, რადგან ვთვლით, რომ ასეთ ადგილებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ოპერირებდეს ქართული ბიზნესი. გახსნის დღე ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და ამავდროულად, ემოციური იყო, რადგან ამ სოფლების მაცხოვრებლებს მრავალი, ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პრობლემა აწუხებდათ და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ახლო პერიმეტრზე აფთიაქის არარსებობა იყო. მათ მედიკამენტებისა თუ აფთიაქში წარმოდგენილი სხვა პროდუქტების შესაძენად გორში უწევდათ ჩასვლა, რაც დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებითაა. ძნელია გადმოგცეთ ადგილობრივი მოსახლეობის ის ემოციები, რომლებიც ფარმადეპოს გახსნის დღეს ვიხილეთ.
ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და პანდემიიდან გამომდინარე ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო, ჩვენი წვლილი შეგვეტანა მცირე ბიზნესების დახმარებაში. ამ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა დავიწყეთ Commodus-სთან, რომელიც უკვე სამი წელია ქმნის ქართულ ეკო-მეგობრულ ხელნაკეთ პროდუქტს და შევისყიდეთ გარკვეული რაოდენობის ჭიქები, რასაც იმ მომენტისთვის კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. დღეს ვამაყობთ, რომ მათ შეძლეს ოპერირების სტაბილურად გაგრძელება და, ფაქტობრივად, კომპანიას მეორე სიცოცხლე ვაჩუქეთ… ფარმადეპოში კი თავის მხრივ, მეტი პოზიტივისთვის, ამ პროდუქციას ჩვენს მომხმარებლებს ვჩუქნიდით, რამაც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი.
სამომავლოდ გეგმაში გვაქვს არაერთი ღირებული პროექტის განხორციელება და დღევანდელი ჩვენი გაერთიანებაც ამას მოწმობს ‒ ფარმადეპო არაერთგზის გამოდის ინიციატივით, რომ უფრო მეტი კომპანია და ადამიანი ჩართოს გარემოსდაცვითი თუ სხვა სოციალური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც საბოლოო ჯამში ადამიანების ჯანმრთელობის პირდაპირპროპორციულია.