წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სასტუმროში მუშაობთ. თქვენი პირველი კვირაა. მოდის სტუმარი და, არც მეტი, არც ნაკლები, წვიმიანი ამინდის შეცვლას ითხოვს… დიახ, თავიდან, მაკოსაც ეცინება. მერე ხვდება, რომ მომხმარებელი არ ხუმრობს და ეს ყველაფერი არც შოუს და არც ფლეშმობის ნაწილი არ არის. მოქმედებას იწყებს, რეკავს ადგილობრივ თავდაცვის სამინისტროში და ღრუბლის გასაფანტი რაკეტის გაშვებას ითხოვს. მალე მზე გამოდის, სტუმარი კმაყოფილია, მაკო კი – გაოგნებული. აანალიზებს, რომ მოხვდა სფეროში, სადაც შეიძლება საკუთარ თავს აჯობო; სადაც სტუმრისთვის ყველაფერი შესაძლებელი და ნებადართულია. Welcome to the club, მაკო ‒ ეს სტუმარმასპინძლობის ბიზნესია.
ამბავი საქართველოში არ მომხდარა, თუმცა მისი მთავარი გმირი ქართველია.
ვინ არის მაკო?
მაკო ფანჯავიძე 29 წლის ჰოტელიერია, რომელიც დღეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, 4-ვარსკვლავიან სასტუმრო De France-ში მუშაობს. ერთ-ერთი ყველაზე რთული, საკვებისა და სასმლის დეპარტამენტი აბარია.
„გამოცდილი მენეჯერი; სტუმარმასპინძლობისა და სერვისის ინდუსტრიაში N1 უნივერსიტეტის Glion Institute-ის მაგისტრის ხარისხის მფლობელი; მსოფლიოში ცნობილ, პრესტიჟულ სასტუმროებში მუშაობის გამოცდილებით“ ‒ აი, ეს არის ის, რის წაკითხვასაც მაკოს შესახებ LinkedIn-ში შეძლებთ: პროფესიონალური დახასიათებაა. ისეთი, ამ სოციალურ ქსელს რომ შეეფერება.
ამის მიღმა მაკო საკუთარ საქმეზე შეყვარებული ახალგაზრდა ქალია, განვითარებაზე ორიენტირებული. არ მოსწონს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ ყველა ჯერზე, როცა შესაძლებლობა აქვს, ამ ნაბიჯს დგამს. სწორედ ასეთ შთაბეჭდილებებს მიტოვებს მაკო, რომელსაც ონლაინ ვხვდები. ჩვენი საუბარი ორ საათს გრძელდება: არ მთავრდება საინტერესო ამბები, მამოტივირებელი ისტორიები, რომლებიც გაფიქრებინებს, რომ შეუძლებელი მართლა არაფერი არ არის. „სცადე, რას კარგავ?“ ‒ ბავშვობაში დედისგან ხშირად გაგონილი ფრაზა მაკოს ცხოვრების ლოზუნგად იქცა ‒ სწორედ ამ მიდგომის წყალობით მოხვდა ჯერ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, შემდეგ კი მსოფლიოში ყველაზე უნიკალურ სასტუმროებში შვეიცარიაში, თურქეთში, ომანში, დიდ ბრიტანეთში.
მენეჯერი
მაკო ფანჯავიძე საკუთარ პროფესიას ფილოსოფიურად უდგება, სჯერა, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორი რეალურად ემოციების ინდუსტრიაა.
„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის შენი სტუმარი, აბსოლუტურად ყველა ადამიანს ერთი და იგივე ემოციური შიმშილი აქვს. სასმლითა და საკვებით დღეს ვეღარავის გააკვირვებ, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება ადამიანებს სახლშიც შეუძლიათ, ამიტომ ისინი სასტუმროში ემოციით უნდა გამოიკვებონ: თითოეული მათგანი უნდა იყოს შემჩნეული, გაგონილი, აღქმული, როგორც მნიშვნელოვანი, რათა თავი კარგად იგრძნოს“, – ამბობს მაკო.
მისი თქმით, სტუმარმასპინძლობის სექტორი დღეს სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით მუშაობს, მაგრამ როცა მაღალ ხარისხზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ყველა სტუმარს ერთნაირად მიუდგე.
„სტუმრებმა არ უნდა იგრძნონ თავი სტატისტიკის ნაწილად, პერსონიფიცირებული მიდგომაა საჭირო“, – აღნიშნავს გამოცდილი ჰოტელიერი.
ყველაფერთან ერთად, მაკო არის მენეჯერი, რომელთანაც შეცდომები მოსულა. მეტიც, ხარვეზები ხანდახან იმაზე მეტად ახარებს, ვიდრე სტანდარტულად, კარგად შესრულებული საქმე.
„შეცდომის დაშვება ნიშნავს, რომ ადამიანმა რაღაც ახალი სცადა, რაღაც სხვანაირად გააკეთა. ამის გარეშე სერვისისა და კადრის განვითარება შეუძლებელია.
მესმის, რომ ზოგადად, ყველას გვაქვს ცვლილებების შიში, ვფრთხილობთ, რადგან გვეშინია შეცდომის დაშვების, თუმცა ამისგან თავის არიდება, ფაქტობრივად, წარმატებისგან თავის არიდებაცაა. იქნებ, „შეცდომა“ რომელიც უნდა დავუშვათ, სწორედ ის არის, რაც გვჭირდება შემდეგ საფეხურზე გადასვლისთვის?! „დამარცხების“ შემდეგ ხომ ისეთ გამოცდილებას ვიღებთ, რომელსაც ვერცერთი წამყვანი უნივერსიტეტი ვერ მოგვცემს?! საუკეთესო მასწავლებელი ყოველთვის „შეცდომაა“, ეს შეცდომები კი საბოლოოდ ჩვენი რესურსებია. ამიტომ მჯერა, ნებისმიერი სირთულე რაც გვაქვს, შეგვიძლია, შესაძლებლობად გამოვიყენოთ“, – ამბობს მაკო.
რადგანაც ემოციების ინდუსტრიაში მუშაობს, საკუთარი თანამშრომლების განწყობებზეც ფიქრობს. სჯერა, რომ თუ სასტუმროს პერსონალი თავად არ არის ბედნიერი, სხვებს მით უმეტეს ვერ შეუქმნის დადებით დამოკიდებულებას, ამიტომ ხშირად უსვამს კითხვას საკუთარ თანამშრომლებს: „რა გააკეთე გუშინ საკუთარი ბედნიერებისთვის?“
სასტუმრო De France, სულთნები, მეფეები, პრეზიდენტები…
De France ერთ-ერთი ყველაზე პატარა სასტუმროა, რომელშიც აქამდე უმუშავია. ეს მისი არჩევანია, რომელსაც ძალიან კონკრეტული და ისევ და ისევ პროფესიონალური მიზეზი აქვს.
„უნივერსიტეტში სულ მესმოდა, რომ თუ კარგი გამოცდილების მიღება და განვითარება მინდოდა, შედარებით პატარა, ბუტიკ სასტუმროში უნდა მემუშავა“, – ამბობს ის.
ბუტიკ-სასტუმრო De France-ში დღეს მაკოს დაქვემდებარებაში ხუთი სხვადასხვა ზომისა და კონცეფციის ბარ-რესტორანია, რომლის სრული მენეჯმენტი ევალება: დაწყებული მენიუს მრავალფეროვნებითა და ხარისხიანი პროდუქტით, დასრულებული თანამშრომლების გადამზადებითა და ფინანსების მართვით.
მისივე ანგარიშზეა სასტუმროების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელში Kempinski-ში მუშაობა თურქეთსა და ომანში, ასევე Intercontinental-ი სტამბულსა და ჟენევაში.
Kempinski-ში საქმიანობის დროს მისი მოვალეობა იგივე, მასშტაბები კი აბსოლუტურად სხვა, ბევრად დიდი, იყო.
Çırağan Palace Kempinski Istanbul ‒ ბოსფორზე განლაგებული სასტუმრო-სასახლე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მდიდრული დაწესებულება, ისეთ სტუმრებს იღებდა, როგორებიც იყვნენ სულთნები, შეიხები, მეფეები, პრეზიდენტები და სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები; სტანდარტიც შესაბამისი ‒ ყველაზე მაღალი იყო.
„როცა De France-სგან შეთავაზება მივიღე, უკვე ომანში, Kempinski-ს უდიდეს სასტუმროში ვსაქმიანობდი. ეს წინადადება საინტერესო თავგადასავლად ჩანდა და ასეც აღმოჩნდა. დღეს De France-ში მუშაობა აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა წინა გამოცდილებისგან ‒ თუნდაც ის, რომ დეპარტამენტში ნაკლები თანამშრომელი მყავს: ეს დიდი დისკომფორტი იყო ჩემთვის. თუმცა გამოწვევა მივიღე“, – ამბობს ის.
„სცადე, რას კარგავ?!“ – Glion-ის ინსტიტუტი
საქართველოში მას-კომუნიკაციის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ უცხოეთში უნდა ესწავლა. მიზანში შვეიცარიაში მდებარე Glion Institute-ი ამოიღო ‒ მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი სტუმარმასპინძლობის მიმართულებით.
დიდი იმედი არ ჰქონია: მაგისტრატურაზე მისაღებად მოთხოვნების ნახევარს ვერ აკმაყოფილებდა, არ გააჩნდა 10-წლიანი მენეჯერული გამოცდილება, არ ჰქონდა განათლება ბიზნეს მიმართულებით, ინგლისურ ენასაც კი არ ფლობდა შესაბამის დონეზე. შიშის გადალახვაში ისევ ბავშვობისდროინდელი ფრაზა დაეხმარა: „სცადე! დასაკარგი არაფერია“. სცადა. ჰო-და, გამოვიდა! სამოტივაციო წერილმა გაჭრა, რომელშიც მაკო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არწმუნებდა, რომ წიგნი გარეკანის მიხედვით არ უნდა შეაფასონ.
სასწავლებელში მიიღეს, მაგრამ მთავარი სირთულე თურმე წინ იყო. მაკო იხსენებს, რომ შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე პირველ პერიოდში სწავლა განსაკუთრებით გაუჭირდა: ისმენდა ლექციებს, რომელთა დიდ ნაწილსაც ვერ იგებდა, იღებდა დავალებებს, რომელთა შესრულება წარმოუდგენლად მიაჩნდა:
„ლექციებს ტელეფონით ვიწერდი, რომ მერე სახლში მომესმინა, რადგან ზოგიერთი სიტყვა საერთოდ არ მესმოდა. მეცადინეობისას შენელებულად ვრთავდი, რათა მთელი ლექციის გაგება მომეხერხებინა. ასე გაგრძელდა დაახლოებით სამ თვეს. მეშინოდა, რომ უბრალოდ ვერ შევძლებდი, არ გამომივიდოდა, წამოსვლაც მქონდა გადაწყვეტილი. მორიგი მძიმე დღის შემდეგ უნივერსიტეტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა წამაკითხა ტექსტი, რომელიც ჩემი სამოტივაციო წერილი აღმოჩნდა… მითხრა, რომ თავის დროზე სასწავლებელმა უარი თქვა წესებზე და ჩემგან გამოწვევა მიიღო; ახლა კი მე უნდა დამებრუნებინა პასუხი: შეეძლო თუ არა გოგოს, გამოცდილებისა და მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილების გარეშე, ესწავლა Glionში? პასუხი ჩემს თავს იქვე გავეცი ‒ რა თქმა უნდა, შემეძლო! ამ ყველაფერმა მოტივაცია მომცა, უბრალოდ ძალა მოვიკრიბე და გზა გავაგრძელე“.
არის თუ არა საქართველო სტუმარ-მასპინძლობის ქვეყანა?
არის, მაგრამ არა ბიზნესურად ‒ სწრაფად მპასუხობს მაკო. ამაზე ნაფიქრი აქვს. ამბობს, რომ ერთი მხრივ, საქართველოში ყველა მზადაა, ოჯახში მიგიპატიჟოს და გულიანად გაგიმასპინძლდეს, მაგრამ როცა საქმე რეალურ ბიზნესამდე მიდის, აქ სერიოზული ჩავარდნებია.
გამოწვევაა დამსაქმებლებშიც და დასაქმებულებშიც. ბიზნესის მფლობელები ახალ კადრებს ეძებენ, სინამდვილეში კი ძველებს არ უფრთხილდებიან, არ ზრუნავენ განვითარებაზე და მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზე.
მეორე მხრივ, პრობლემურია განათლება და არასწორი მოლოდინები უშუალოდ დასაქმებულებში. მაკო ფიქრობს, რომ საქართველოში სტუმარმასპინძლობის დარგის პროფესიონალურად შესწავლა ძალიან რთულია: სტუდენტები ამთავრებენ ტურიზმის ფაკულტეტს, მათი ცოდნა კი აბსოლუტურად არავალიდური, ან საერთოდ ვადაგასულია.
„ხშირად მქონია საუბარი ქართველ სტუდენტებთან. მათ სჯერათ, რომ თუ უნივერსიტეტს დაასრულებენ, მაშინვე გენერალურ მენეჯერად შეუძლიათ მუშაობა. არადა ამ სექტორში სწორედ რომ ყველა ეტაპი უნდა გაიარო, უნდა გაიაზრო, რომ საუკეთესო გენერალური მენეჯერი თავის დროზე საუკეთესო მიმტანი იყო“, – ამბობს მაკო და იხსენებს, რომ დასაწყისში თავადაც სულ ქვედა საფეხურიდან დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ზურგს ცნობილ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა უმაგრებდა.
გეგმები და საქართველო
გული აქ ყოველთვის მოუწევს, რადგან ოჯახი და შვილი, ანეტა, ელოდება. სამშობლოში დაბრუნება უნდა, მაგრამ როდის და რა ამპლუაში, ჯერ არ იცის. ფიქრობს, რომ ბაზრის გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოში უფრო პროდუქტიული კადრების გადამზადებაში იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, შეთავაზებას გააჩნია.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ წინასწარ ყველაფრის დაგეგმვა არასწორია. მოვლენები შეიძლება სწრაფად და არაპროგნოზირებადად განვითარდეს. ამის მიუხედავად, ინტერვიუს ბოლოს მე ზუსტად ვიცი, მაკოს წინ ბევრი თავგადასავალი და წარმატება ელოდება, იმიტომ, რომ არასოდეს ეშინია გაბედვის. „ილუზიაა, რომ არსებობს სწორი დრო;
ილუზიაა, რომ „როცა თავდაჯერება გვექნება“, მერე უნდა ვიმოქმედოთ. ასე, სამწუხაროდ, არასოდეს ხდება. ეჭვი და შიში ყოველთვის იარსებებს… აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რადგან მოქმედებისთვის სწორი დრო არის „ახლა“, ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვეშინია.
ვფიქრობ, მიზნისკენ სვლის ყველაზე სწრაფი გზა მასთან ეტაპობრივად მიახლოებაა, სწორ გზას კი შიში გვაჩვენებს: მიგვითითებს, რეალურად საით არის ზრდა. რაც უფრო ხშირად ვდგამთ ნაბიჯს ამ მიმართულებით, მით უფრო ახლოს მივდივართ მიზანთანაც“, – ამბობს მაკო.
მისი მთავარი რჩევაც ესაა: შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და დაუღალავი მცდელობა, მიიღო ის, რაც გინდა, რადგან დასაკარგი არც არაფერია. და მართლაც: „სცადეთ, გოგოებო, რას კარგავთ?!“