პანდემია, როგორც გამოწვევა | ქეთო გიორგობიანი – LIYA X KÁSHKASH

წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას. ვირუსმა წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანებზე, მათ გარემოსა და ყოველდღიურობაზე. მკვეთრად მერყევი ეკონომიკური გარემო შეიქმნა საქართველოშიც, სადაც კერძო სექტორმა უმძიმესი ზარალი განიცადა. კრიზისული მდგომარეობის დასაძლევად აუცილებელი გახდა უმოკლეს დროში სრულიად განახლებული სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რათა რაც შეიძლება უმტკივნეულო ადაპტაცია მომხდარიყო პანდემიით გამოწვეულ ახალ თამაშის წესებთან.

მაშინ, როცა კომპანიათა უმეტესობა ღრმა კრიზისშია ან სულაც გაქრა, გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა ის ადამიანები, რომელებმაც უდიდესი ეკონომიკური დარტყმის მიუხედავად, დანებების ნაცვლად ორმაგი ძალები მოიკრიბეს და თავიანთი ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერეს.

შეკრების ადგილად კი „მეამა“ შევარჩიეთ ვინაიდან ის თავად არის პანდემიური პერიოდის ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia / ლოკაცია: მეამა
ქეთო გიორგობიანი – LIYA X KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი

რა ახალი გამოწვევების წინაშე დაგაყენათ COVID 19-მა და როგორ წარიმართა ახალ რეალობასთან ადაპტაციის პროცესი?

COVID-19-მა ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ‒ გაქრა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი სეგმენტი ‒ ტურისტები. შესაბამისად, ძალიან სწრაფად მოგვიწია მთლიანი სტრატეგიის ადაპტაცია, თუმცა ამ ყველაფერს თავისი სერიოზული პლუსები ჰქონდა, მეტი დრო დაგვრჩა ახალი იდეების განსავითარებლად. სწორედ ამ დროს გადავდგით საკმაოდ თამამი ნაბიჯი და შევქმენით ჩვენი და პარტნიორი ბრენდის LIYA-ს კოლაბორაციული ბრენდი LIYA X KÁSHKASH, რომელიც პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკაა და დიზაინით დაწყებული, წარმოებით დამთავრებული, მზადდება საქართველოში.

რა იყო თქვენთვის ის მთავარი მამოძრავებელი, რათა არ შეგეჩერებინათ წინსვლა?

მთავარი მამოძრავებელი აქამდე ჩადებული ის ადამიანური თუ ფინანსური რესურსი და ენერგია იყო, რომელიც უკვე დახარჯული გვქონდა ამ ბრენდის არსებობისთვის. თავიდანვე საკმაოდ ამბიციური განაცხადი იყო ქართული skincare ‒ კანის მოვლის პროდუქციის ადგილზე წარმოება და ვერაფრით ვეღარ გავჩერდებოდით, საერთოდ არც კი დამდგარა დღის წესრიგში ამ საკითხის განხილვა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

განვითარება, განვითარება, განვითარება! ამ წელს შევქმენით სახლის სპას პროექტი, რაც, ვფიქრობ, პირდაპირ კავშირშია პანდემიასთან ‒ თავის მოვლის რიტუალები მთლიანად სახლში გადავიდა და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ადამიანებისთვის მიგვეცა საშუალება, რომ ის 5 წუთი, რომელსაც საკუთარ თავს უთმობს, იყოს არა დამღლელი შხაპის მიღების რუტინა, არამედ ‒ საკუთარი თავის სიყვარულისა და სიამოვნების რიტუალი, რაც ნამდვილად „პანდემიის შვილი“ პროდუქტია.

ვინაიდან, გლობალურ ბაზარზე უკვე გასულები ვართ, გვინდა, უფრო სერიოზულად ავითვისოთ ეს ბაზრები. რა თქმა უნდა, პანდემია ამას ოდნავ აფერხებს, მაგრამ ჩვენი მთავარი „მოტო“ არის, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის! ისეთი, ერთი შეხედვით, გიჟური იდეების განხორციელება შევძელით აქამდე, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შევძლებთ.