რატომ (არ) მოსწონთ პერფექციონისტი თანამშრომლები

თუ წიგნების თაროზე ილია ჭავჭავაძის მოთხრობების კრებული აკაკი წერეთლისაზე წინ დევს ან კედელზე გაკრული საყვარელი სერიალის პოსტერის  ერთი კუთხე ორი მილიმეტრით უფრო დაწეულია, ვიდრე მეორე და თქვენ ეს გაწუხებთ, შესაძლოა, ეს უბრალოდ აკვიატებული აზრია ანდა პერფექციონისტი ხართ.

ერთი შეხედვით, პერფექციონისტად ყოფნა ცუდი არცაა: მუდამ გვინდა საუკეთესოები ვიყოთ, გამოვიყურებოდეთ კარგად და ჩვენ გარშემოც ყველაფერი წესრიგში იყოს. თუმცა, ამ ყოველივეზე მუდმივმა ფიქრმა შესაძლოა შფოთვითი აშლილობის სახეც მიიღოს, სრულებით შეგვიცვალოს დღის წესრიგი და ნაკლებად შრომისუნარიანად გვაქციოს. რაც, როგორც წესი, არც ნებისმიერი ჩვენგანისა და მით უმეტეს, არც პერფექციონისტების გეგმებში არ უნდა შედიოდეს.

პერფექციონისტის ამოცნობა, განსაკუთრებით კი სამუშაო სივრცეში, მარტივია. ასეთ ადამიანებს საკუთარი თავის მიმართ მკაცრი წესები აქვთ, მუდმივად აკონტროლებენ საკუთარ ქცევებს და ვერასდროს ეგუებიან ნეგატიურ შეფასებას. ამასთანავე, თავიანთ სამუშაო მაგიდაზე მიმოფანტულ წებოვან ფურცლებსაც გამუდმებით ფერების მიხედვით ალაგებენ… ცხადია, პერფექციონისტი თანამშრომელი ცუდი არაა, ის ყოველი დავალების პირნათლად და საუკეთესოდ შესრულებას თავდაუზოგავად ეცდება. მაგრამ, თუ საქმის შესრულების პროცესში რაიმე განსხვავებულმა იჩინა თავი ან მათი გეგმის მიხედვით არ წარიმართა ყველაფერი, როგორც წესი, პერფექციონისტებს უჭირთ ამასთან გამკლავება. მათ მაშინვე შფოთვა ეწყებათ და სწორედ იმის შიშით, რომ დაკისრებულ მოვალეობას ვერ შეასრულებენ, თავგზა ებნევათ და თავიანთი საქმეც ბოლომდე ვეღარ მიჰყავთ.

კარგია თუ არა, პერფექციონისტი თანამშრომელი? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს და რა თქმა უნდა, სრულებით დამსაქმებელზეა დამოკიდებული. მათი გადასაწყვეტია, თანამშრომელში პერფექციონისტის ღირსებასა თუ სისუსტეს შეამჩნევენ. 2017 წელს Harvard Business Review-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, პერფექციონისტები მეტად მოტივირებული თანამშრომლები არიან, ისინი უფრო ხშირად მუშაობენ დამატებით საათებში და მეტიც, შეუძლიათ მთლიანი დრო სამსახურს დაუთმონ. თუმცა, ამავე კვლევამ გვაჩვენა, რომ პერფექციონისტ თანამშრომლებში ბევრი არც თუ ისე კარგი თვისება იჩენს თავს. მაგალითად, მიუხედავად ბევრი შრომისა, არასაკმარისად შესრულებული დავალება, მალე დაღლა და შფოთვისა თუ დეპრესიის მაღალი დონე. ეს თვისებები კი ალბათ, სრულგანაკვეთიანი, მუდმივი სამსახურის დროს არავის გამოგვადგება.

საქმისადმი პერფექციონისტული დამოკიდებულება პროგრესშიც ხელს გვიშლის. ხშირად, ჩვენი წარმატების გარანტი, სწორედაც რომ მცირედი შეცდომები, ოდნავი სიზარმაცე და სამუშაო გეგმიდან გადახვევაა. თუმცა, რა თქმა უნდა, წარმატებული პერფექციონისტებიც არსებობენ და ახალი საქმის, ბიზნესის წამოწყების პირველ ეტაპზე, ამბობენ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთ ადამიანებთან ერთად მუშაობა.

2020 წელს Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მათივე ბიზნესის საბჭოს 15 წევრი თითო რჩევას გვაძლევს იმაზე, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი საკუთარი ბიზნესისა და მცირედი დეტალების სრულყოფით შეპყრობას. აი, ასეთია პერფექციონიზმისაგან ბიზნესის გასათავისუფლებლად მათი რჩევები:

იპოვეთ თქვენთვის საინტერესო გამოწვევები

ეს დაგვეხმარება საკუთარი საქმე უფრო სასიამოვნო გავხადოთ  და არ ვუყურებდეთ მას, როგორც უბრალოდ შესასრულებელ დავალებას, რომელიც სტრესში გაცხოვრებთ.

გავარკვიოთ, აფერხებს თუ არა სრულყოფილება ბიზნესს

შეიძლება ამით მივხვდეთ, რომ ზოგჯერ უბრალოდ შესრულებული საქმე უკეთესიცაა, ვიდრე სრულყოფილი. ვინაიდან, სრულყოფაზე ფიქრი აფერხებს საქმეს და ცხადია, მეტ დროსაც მოითხოვს. წარმატების მისაღწევად კი დრო ხშირად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

განსაზღვრეთ სამუშაო საათების ლიმიტი

სამუშაო საათების განსაზღვრით მივხვდებით, რომ საკუთარ ბიზნესს საჭიროზე მეტ დროს ვუთმობთ და რაც მთავარია, ეს ჩვენ გვაზარალებს. კარგი იქნება იმ აზრთან დამეგობრება, რომლის მიხედვითაც, ნაკლებ დროში შესრულებული სამუშაოც საკმარისად კარგია ხოლმე.

გამოყავით ძირითადი მოტივები

სასურველია ბიზნესის სრულყოფისაკენ სწრაფვის ძირითადი საფუძვლები წინასწარვე დავადგინოთ და განვსაზღვროთ შესაძლო ხარჯებიც. სხვა შემთხვევაში, პერფექციონისტებს უკვე უჭირთ თავი გაართვან წარმოქმნილ პრობლემებს.

დაადგინეთ, ყველაზე მეტად რა მიმართულებით გჭირდებათ სრულყოფილება

კარგი იქნება, ვიცოდეთ, ჩვენი ბიზნესისათვისა სრულყოფილება კონკრეტულად რა საკითხში გვჭირდება: გვჭირდება სრულყოფილი სამუშაო კულტურა, ლოგოს დიზაინი თუ სოციალური ქსელები… ეს დაგვეხმარება სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხზე მოვახდინოთ სრული კონცენტრირება და ცოტა ხანში შეიძლება, მართლაც სრულყოფილი ბიზნესი შეგვრჩეს ხელთ.

ასე რომ, თუ ეს ვინმეს ინტერესია, პერფექციონიზმთან გამკლავებაც შეგვიძლია. ან, შესაძლოა, სულაც არაფერი იყოს იმაში ცუდი მუდმივად დალაგებული ოთახი რომ გვაქვს, ყოველ დილით გაუთოებული ტანისამოსით დავდივართ სამსახურში და დესკტოპზეც ფაილები ანბანის მიხედვით გვაქვს კუთხეში დაწყობილი. მაგრამ, თუ ჩვენი რომელიმე თვისება მშვიდად დაძინებაში ხელს გვიშლის და წარმატების მისაღწევადაც გვაბრკოლებს, უმჯობესია, მას დავემშვიდობოთ.