ფეფერბოის დებიუტი თბილისში 2018 წელს შედგა და ქალაქს გააცნო სრულიად განსხვავებული პან-აზიური სამზარეულოსა და იზაკაიას კულტურა. ფეფერბოიმ თავი დაიმკვიდრა, როგორც ამ მიმართულების გზამკვლევი. ბრენდმა მონეტიზაცია გაუკეთა ისეთ კერძებს, როგორიც არის ტრადიციულად ფერმენტირებული კორეული კიმჩი, ტკბილ-ცხარე ქათმის ფრთები, ვიეტნამური ფო, იაპონური ჩიზქეიქი და სხვა, და აზიური სამზარეულოს ახალი სტანდარტი შემოიტანა ქალაქში.
თუმცა, ამ უნიკალური კონცეფციის რესტორნის მოგზაურობა მოულოდნელად შეწყდა პანდემიის გამო. ამ დროის განმავლობაში, Pepperboy მოთმინებით ელოდა შესაფერის მომენტს თავისი დაბრუნებისთვის.
საბედნიეროდ, მოლოდინის პერიოდი დასრულდა და ფეფერბოი დაბრუნდა ახალ მისამართზე, თამარ ჭოველიძის #14-ში და მზად არის სტუმრებს უმასპინძლოს განახლებული სამზარეულოსა და ბარის კონცეფციით.
Pepperboy-ის განახლებულ ხედვასა და საინტერესო გეგმებზე Forbes Woman-ი ანა დონდუასა და თინათინ ხაფავას ესაუბრა. თუმცა, გვერწმუნეთ, ბრენდის თავგადასავალსა და ფილოსოფიაზე სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად, მრავალფეროვან და დინამიურ კულინარიული ჰაბს თავად უნდა ესტუმროთ.
ანამ და თინათინმა ერთმანეთი კრეატიულ სააგენტოში მუშაობისას გაიცნეს. ისინი სხვადასხვა ბრენდების სტრატეგიისა და კომუნიკაციის განვითარებაზე მუშაობდნენ. სწორედ ამ დროს შეიტყო თინათინმა, რომ მისთვის კარგად ნაცნობი Pepperboy ანას მიერ იყო დაფუძნებული. უფრო აღმაფრთოვანებელი კი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ ანა თავად გახლდათ რესტორნის შეფი.
„შესანიშნავი კონცეფციის მქონე აზიური რესტორანი, რომელიც ჩემი და ჩემი მეგობრების საყვარელი ადგილიც გახლდათ, პანდემიამ, ისევე როგორც სხვა ბევრი ბიზნესი, სამწუხაროდ დააპაუზა“ — იხსენებს თინათინი კრიზისის დროს რესტორნის დახურვის ამბავს და გვიყვება, რომ მალევე გადაწყდა, Pepperboy გაეცოცხლებინათ და ის განსაკუთრებული გარემო, რომელიც სტუმრების საყვარელ ადგილად მალევე იქცა, კვლავ დაბრუნებულიყო ქართულ გასტროინდუსტრიაში.
„ახლა ამ ამბავს მარტივად ვყვებით, მაგრამ ამას წინ უძღოდა უდიდესი სამუშაოები, გათენებული ღამეები და მრავალი უარი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან“ — გვიყვება თინათინი. მიუხედავად გამოწვევებისა, ანა და თინათინი არ დანებდნენ და დიდი ძალისხმევის შემდეგ, ბიზნესს მესამე პარტნიორიც შემოუერთდა. Pepperboy-ის განვითარებისთვის კი პარტნიორებმა ბანკიდან ბიზნესსესხი აიღეს.
„ჩვენი მიზანია, სტუმრებს შევთავაზოთ განსაცვიფრებელი გასტრონომიული გამოცდილება, რაც მაღალ ხარისხს, რეგიონისთვის დამახასიათებელ არომატებსა და ახალ გემოებს გულისხმობს. თითოეული კერძი დიდი ძალისხმევის შედეგად ხვდება მენიუში და გვჯერა, რომ აზიის კულინარიულ მრავალფეროვნებას სტუმრებამდე სათანადო პატივისცემით მივიტანთ.“
კონცეფციის განვითარებაზე დიდი ხანი მუშაობდნენ. როგორც გვიყვებიან, ახალი ლოკაციის შერჩევის შემდეგ გადაწყდა, რომ მრავალფეროვან მენიუსა და ძლიერ სამზარეულოს, ასეთივე ბარის კონცეფცია სჭირდებოდა — ბიზნესპარტნიორების სურვილი, ქალაქის ცენტრში შეექმნათ ახალი, საინტერესო წერტილი გემრიელი საკვებითა და გამორჩეული ბარით, ერთ წელიწადში რეალობად იქცა.
Pepperboy-ის ბრენდინგსა და ინტერიერზე რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ოქტომბერში რესტორანი ჭოველიძის #14-ში მასპინძლობს სტუმრებს.
„ყოველდღიურად მიღებული დადებითი შეფასებები და ბედნიერი სტუმრები, უფრო მეტ ძალასა და ინსპირაციას გვაძლევს, ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვქმნით ჩვენს გუნდთან ერთად“ — გვიზიარებს პირველი სტუმრების მიღების გამოცდილებას თინათინი.
Pepperboy-ის განახლებულ მენიუზე რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგებს რესტორნის შეფი, ანა დონდუა გვიზიარებს: „ჩვენი მიზანი იყო, გაგვეგრძელებინა ბრენდის პირველადი ფილოსოფია – გავაბედნიეროთ ჩვენი სტუმრები უნიკალური გასტრონომიული გამოცდილებებით, როგორც სამზარეულოს ასევე ბარის ნაწილში. სამზარეულოს და ბარის მენიუს შემადგენელი ელემენტები საგულდაგულოდ არის დატესტილი და შეხამებული, რომ სტუმრებს შევთავაზოთ კერძებისა და სასმლის განსხვავებული და საინტერესო კომბინაციები.
ანას სჯერა, რომ აზიური გასტრონომია უნიკალური და ძალიან დინამიურია. სწორედ ამ ხედვას ეხმიანება Pepperboy-ის მენიუც, რომელშიც ყველა სტუმარი იპოვის მისთვის საინტერესო ტრადიციულ აზიურ კერძებს თანამედროვე შტრიხებით. აქ თითოეული კერძი დიდი ძალისხმევის შედეგად არის შექმნილი და წარმოაჩენს იმ არაჩვეულებრივ გემოებსა და ინგრედიენტებს, რაც აზიას ახასიათებს.
თინათინი ამატებს, რომ Pepperboy გაბედული ბრენდია — ღია და უშიშარი: „ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, ყველა სტუმარს შევუქმნათ გასაოცარი გასტრონომიული თავგადასავალი. ამასთან, Pepperboy მეტია, ვიდრე რესტორანი. ეს არის ადგილი, სადაც კარგი მენიუ, სასმელი, ახალი მეგობრები, ახალი თავგადასავლები და მოგონებები შეიქმნება.“
„აღმოაჩინე, გასინჯე, გაიმეორე“ — ეს Pepperboy-ის მოტოა. რესტორნის მფლობელები დარწმუნებულნი ვართ, რომ ჭოველიძის #14 კულინარიული დანიშნულების ადგილად იქცევა. თითოეული ვიზიტისას Pepperboy-ის სტუმრები აღმოაჩენენ აზიური სამზარეულოს მრავალფეროვან და გაბედულ გემოებს. „გვსურს, ჩვენი თითოეული კერძი, პირველიდან ბოლო ლუკმამდე ქმნიდეს უნიკალურ გამოცდილებას. ყოველი ახალი ვიზიტი ამ სამყაროს ახლებურად შეცნობის საშუალებას უნდა იძლეოდეს… განსხვავებული კომბინაციები და ახალი გემოები, რომელსაც მენიუში მრავლად იპოვიან, დაუსრულებელ და სასიამოვნო კულინარიულ თავგადასავლად უნდა ვაქციოთ“ – აზუსტებს ანა.
ინტერვიუს ბოლოს თინათინი გვეუბნება, რომ Pepperboy-ში კარგად იცნობენ საუკუნოვან აზიურ რეცეპტებს, კერძების მომზადების ტექნიკას და იმ გემოებს, რომელიც აზიური სამზარეულოს ბაზისია. სწორედ ამ სიმდიდრისა და კულინარიული ტრადიციის აღიარებაზეა აგებული Pepperboy-ის მენიუ.
„ჩვენი ამბიციური განაცხადია, ტრადიციულ და დროში გამოცდილ გემოებთან ერთად, სტუმრებს ახალი და თანამედროვე პერსპექტივით შევთავაზოთ კერძები – ინოვაციური კომბინაციები, კრეატიული სერვირება და პრეზენტაცია, გაბედული გემოები“ — სწორედ ამ დაპირებით ბრუნდება ქართულ გასტროინდუსტრიაში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ Pepperboy.