საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა

,,საპენსიო სააგენტომ“ დღეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა, რომელიც საპენსიო აქტივების მართვისა და ინვესტირების ჩარჩოს განსაზღვრავს. პოლიტიკის დოკუმენტი ,,საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა, ხოლო მისი შესაბამისობა ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან და არსებულ რეგულაციებთან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაამოწმა.

„საინვესტიციო საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, რომელიც მაღალკვალიფიციური უცხოელი წევრებით არის დაკომპლექტებული. საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობას დამოუკიდებელი მარეგულირებელი – საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს, აქედან გამომდინარე, მონაწილეებისთვის იქმნება ისეთი გარემო, რომ მათი დანაზოგი მაქსიმალურად დაცული იქნას. დღევანდელი მონაცემებით, ,,საპენსიო სააგენტო“ მილიარდი ლარის აქტივებს  მართავს, ხოლო ამონაგების სახით, 100 მილიონ ლარამდე თანხა არის მობილიზებული“, – განაცხადა „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ.

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საპენსიო აქტივების ინვესტირება სხვადასხვა რისკისა და მოსალოდნელი მოგების მქონე სამი საინვესტიციო პორტფელის მეშვეობით განხორციელდება:

ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი (სულ მცირე 5- წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტით):

  • ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) – ლიმიტი 75%-მდე;
  • სასესხო ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 100%-მდე;
  • წილობრივი ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 20%-მდე;
  • უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები – ლიმიტი 20%-მდე.

საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელზე მეტი)

  • ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) – ლიმიტი 50%-მდე;
  • სასესხო ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 75%-მდე;
  • წილობრივი ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 20%-დან 40%-მდე;
  • სხვა აქტივები – 10%-მდე;
  • უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები – 40%-მდე.

მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი საშუალორისკიან პორტფელზე მეტი)

  • ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) – ლიმიტი 25%-მდე;
  • სასესხო ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 50%-მდე;
  • წილობრივი ფასიანი ქაღალდები – ლიმიტი 40%-დან 60%-მდე;
  • სხვა აქტივები – 10%-მდე;
  • უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები – 60%-მდე.

გიორგი ჭიჭინაძის თქმით, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო სისტემაში არსებული ყველა დანაზოგი დაბალრისკიან პორტფელში იქნება ნომინირებული. ხოლო ამის შემდეგ, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

,,საპენსიო სააგენტოს’’ ცნობით, კაპიტალის ბაზრებზე განვითარებული მოვლენებისა და სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის კომპლექსურობის ზრდასთან ერთად, საინვესტიციო პოლიტიკა წელიწადში ერთხელ გადაიხედება.