პატარა გალერეა | ცოტათი ახლოს, ცოტათი შორს

ექსპერიმენტები, რევოლუციები და თავისუფლება ‒ თბილისი, საკმაოდ ქაოტური, წარსულში, აწმყოსა და მომავალში დაკარგული ანარეკლების ერთობლიობაა, რომლებიც ჩვენს ქალაქს ეგზოტიკური ხელოვნების ნიმუშად აყალიბებენ. თუ ლოკალური ეკონომიკური, პოლიტიკური, სამოქალაქო და სახელოვნებო პარადოქსული დისკურსების აღმოჩენას მოისურვებთ, ვგონებ, კარგად გაცვეთილ რუკებზე დატანილი კულტურული ძეგლები ნაკლებად გამოგადგებათ. ისინი ატომური სიდინჯით, ქრონოლოგიურად მოგიყვებიან ისტორიულ ფაქტებს, მაგრამ წამიერი, გულწრფელი აღმაფრენის მემატიანეები უფრო ქართული, თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და არტ-გალერეები არიან, არატრადიციული მისალმების ფორმებითა და ველური თამაშებით.

მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ერთი ჩვეულებრივი მაღაზიაა, რომელიც გვანცა ჯიშკარიანმა და ნატა ყიფიანმა ხელოვნების ახალი ფორმების აღმოსაჩენ სივრცედ აქციეს. აქ შორეული ვარსკვლავები ახლოდან ჩანს, ხოლო წესები შემდეგნაირია: არანაირი ზეთი – ტილოზე – ტილო – კედელზე

რისი სიმბოლოა პატარა გალერეა?

გვანცა ჯიშკარიანი: სიყვარულის და ბევრი მუშაობის. ჩვენი ოცნებების, ფიზიკური, მატერიალური თუ გონებრივი რესურსების საცავია. ადგილია, სადაც გამბედაობა და გულწრფელობა პირველ ადგილას დგას, სადაც ყველა თანასწორია და დღესასწაულზე ყველა დაპატიჟებულია.

რა არის ამ სივრცის მიზანი?

ნატა ყიფიანი: ჩვენი მიზანია, მივცეთ ახალგაზრდა ქართველ და უცხოელ ხელოვანებს რისკის, შეცდომების დაშვებისა და აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობა. ჩამოვხსნათ ხელოვნებას ელიტურობა. ჩვენ უარვყოფთ ხელოვნების როლს, როგორც მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენელთა გართობისა და ცხოვრების გალამაზების სახეს და ვცდილობთ, ხელოვნების საჯარო ადგილას, მიწისქვეშა გადასასვლელში შეტანით, კუს ნაბიჯებით, ნელა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ გამვლელთა ესთეტიკურ ღირებულებებში. გვჯერა, რომ ესთეტიკური ღირებულებების გამრავალფეროვნება არის საერთო სოციო-მორალური ნორმების ცვლილების გზა.

შეუძლია ხელოვნებას რევოლუციის მოწყობა?

ნატა ყიფიანი: ხელოვნების უდიდესი მოვალეობა და ძალა აზროვნების შეცვლა, შეხედულებების, აზრების და დამოკიდებულებების გამრავალფეროვნებაა, ასე რომ…

თქვენი ყველაზე დიდი ექსპერიმენტი

გვანცა ჯიშკარიანი: ყოველი ახალი გამოფენა არის ახალი ექსპერიმენტი, ამიტომაც, ყველა ხელოვანი და ნამუშევარი, რომელიც გვიჩვენებია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. პატარა გალერეა არის სივრცე ექსპერიმენტებისა და რისკებისთვის.

თქვენი აზრით, რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად ქართულ თანამედროვე ხელოვნებას განვითარებისთვის?

გვანცა ჯიშკარიანი: სჭირდება მეოცნებე და მებრძოლი ადამიანები, რომლებსაც სირთულეების არ ეშინიათ და სჭირდებათ ფული, რომელიც ამ ადამიანებს იდეების განხორციელების გზის შემოკლებაში და ტანჯვის შემსუბუქებაში დაეხმარება.

რატომ გახდა გალერისტობა მიმზიდველი, ხოლო გალერეები გათავისუფლებისა და სიახლის სიმბოლო?

გვანცა ჯიშკარიანი: ვერ ვიტყვით, რომ მიმზიდველი გახდა, უბრალოდ, როგორც ხელოვანები ჩვენს ტყავზე ვგრძნობდით ასეთი გალერეის არსებობის აუცილებლობას და ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა როგორ უნდა გავაკეთოთ. და თუ რამე არ არის, გვაქვს იმის გამბედაობა, რომ ჩვენ გავაკეთოთ ის, რაც არ არის და არ ველოდოთ სხვას.

დამწყებ არტისტებს რას ურჩევდით?

ნატა ყიფიანი: ბევრი აკეთონ, რასაც აკეთებენ; დაუშვან შეცდომები, არ უსმინონ სხვებს, ‒ სწორია ის, რაც თვითონ ჰგონიათ, რომ სწორია.

ფოტო: ანა ბოკო